კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი მედიას და სამოქალაქო სექტორს ღია კარის პრინციპით მუშაობას პირდება

23 იანვარი, 2013

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„ჩვენ ჩამოვედით, რათა გაგაცნოთ ჩვენი ხედვა, შევიმუშაოთ ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც იქნება ორიენტირი, რომ მომავალში წარმატებულად განვახორციელოთ ის სამუშაო, რაც ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით დაგროვდა“, - ამ განწყობით საქართველოს სახალხო დამცველი ქვეყნის რეგიონებში გასვლას იწყებს. უჩა ნანუაშვილის პირველი შეხვედრა მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან 22 იანვარს ქუთაისში შედგა.

ორსაათიანი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სახალხო დამცველმა არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის გეგმებსა და პერსპექტივებზე, ასევე, სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ადგილობრივ თვითმმართველობებში შექმნილი პრობლემები, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, მედიაზე ზეწოლა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ვითარება, დევნილთა პრობლემები და ა. შ. - ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომელიც სახალხო დამცველთან შეხვედრაზე დაისვა.

„ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ყველაზე რთული ვითარება სწორედ რეგიონებშია. ამიტომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ რეგიონული ოფისები და გაერთიანებული ძალებით შევუდგეთ პრობლემების აღმოფხვრას. ნებისმიერ საკითხზე ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას იმ წუთიდან, როგორც კი მოვისმენთ ამის შესახებ. ვიმუშავებთ ღია კარის პრინციპით, რადგან მიგვაჩნია, რომ სახალხო დამცველის აპარატი ახლოს უნდა იყოს ხალხთან. რეგიონულმა ოფისებმა უფრო აქტიური სამუშაო უნდა გაწიონ, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდნენ“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

მან აქტიურობისკენ მოუწოდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სახალხო დამცველის ოფისს მიაწოდონ ერთი შეხედვით ყველაზე უმნიშვნელო ინფორმაციაც კი, თუ ეს ეხება ადამიანის უფლების რაიმენაირ შეზღუდვას.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს ამ ფაქტებზე, გაჟღერდეს ინფორმაცია, ადამიანებმა გააკეთონ კომენტარი ამის შესახებ, რათა ჩვენ ჩვენის მხრივ ვაწარმოოთ მუშაობა და საბოლოო ჯამში, გაკეთდეს საერთო საქმე - დაცული იქნას ადამიანების, თითოეული მოქალაქის უფლება. დამერწმუნეთ, სხვანაირად გაგვიჭირდება“, - განმარტა სახალხო დამცველმა.

მან ისეთი ცენტრების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა ბავშვთა დაცვის ცენტრი. ასევე, ცენტრი, რომელიც გენდერული კუთხით იმუშავებს და ა. შ. ომბუდსმენმა ისაუბრა, ასევე, საპარლამენტო მდივანზე, რომელიც აუცილებელია სახალხო დამცველის   აპარატს ქუთაისში ჰყავდეს; სახალხო დამცველის როლზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში.  ასევე, ციხის საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფზე, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს რამდენიმე მოდელის განხილვა, თუ რა ტიპის ჯგუფი უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პროფესიონალურ დონეზე განახორციელებს.

სახალხო დამცველის განმარტებით, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში იგეგმება  შეხვედრა სასჯელაღსრულების სამინისტროს, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან: „გვექნება საუბარი ამ საკითხზე. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. გაწერილი უნდა იყოს ქცევის წესები, უნდა ჩატარდეს სპეციალური ტრენინგები, რათა ადამიანებმა იცოდნენ, როგორ მოიქცნენ აღნიშნულ ჯგუფში მუშაობის შემთხვევაში. საუბარია იმ მოდელზეც, რომელიც მანამდე იყო. თუმცა, უნდა მოხდეს მისი დახვეწა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, გაიზარდოს რეგიონული წარმომადგენლობა ამ ჯგუფებში“.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა დადებითად შეფასეს სახალხო დამცველის სამომავლო გეგმები და შეხედულებები რიგ საკითხებზე. როგორც გაირკვა, მათთვის მნიშვნელოვანია, რეაგირების გარეშე არ დარჩეს ის რეკომენდაციები, რომელსაც ისინი პერიოდულად სახალხო დამცველს, მის აპარატს მიაწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი უჩა ნანუაშვილის ინიციატივის მიმართ, თემატური ანგარიშების თაობაზე გაჩნდა. სახალხო დამცველის განმარტებით, მხოლოდ წლიური ანგარიშის მომზადება და მისი წარდგენა საკმარისი არ არის. საჭიროა გაცილებით მეტი მუშაობა კონკრეტული მიმართულებებით.

ახალი ამბები