კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაიხსნება თუ არა ერგნეთის ბაზრობა?

23 იანვარი, 2013

ლევან სეფისკვერაძე

ბოლო თვეების მანძილზე საქართველოს პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში განახლდა დისკუსია შიდა ქართლში 2004 წელს დახურული ე.წ. ერგნეთის ბაზრობის ხელახლა გახსნის პერსპექტივებთან დაკავშირებით. ბაზრობის გახსნის იდეა საქართველოს ამჟამინდელმა პრემიერ მინისტრმა ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე წამოაყენა. იდეას თავიდანვე არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, მაგრამ  ყველამ აღიარა, რომ ამ თემაზე ფიქრი და მსჯელობა  ღირდა.

„ვარდების რევოლუციამდე“ ერგნეთის ბაზრობა დაახლოებით 7 წლის მანძილზე, გორის რაიონის სოფელ ერგნეთსა და ქალაქ ცხინვალს შორის მდებარეობდა. ბაზრობაზე ძირითადად რუსეთიდან შემოტანილი უაქციზო ბენზინით, შაქრით, სიგარეტით, ფქვილითა და ხორბლით ვაჭრობდნენ. ბაზრობაზე იყიდებოდა ასევე სხვა სახის, დიდწილად კონტრაბანდული პროდუქტები: ხილი, ბურღულეული, ბოსტნეული და სხვა. კონფლიქტის შედეგად დაპირისპირებული ოსი და ქართველი ხალხები ერგნეთის ბაზრობაზე ერთმანეთთან ურთიერთობდნენ და სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტებით ვაჭრობდნენ. ამ ურთიერთობებიდან ჩანდა, რომ შერიგების რესურსები ამოწურული არ იყო.

ადგილობრივების თქმით, ერგნეთის ბაზრობას ჰქონდა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. მათი აზრით, თუკი ბაზრობა ხელახლა გაიხსნა, პროდუქტებზე აქციზების დადება სოფელ ერგნეთშივე უნდა მოხდეს, რადგან, სხვა შემთხვევაში, შესაძლებელია ერგნეთის ბაზრობას კონტრაბანდის აღზევება მოჰყვეს და კორუფციის ახალ წყაროდაც იქცეს.

ზაზა კახაბრიშვილი, ლიახვის ხეობის მკვიდრი: „მე მხარს ვუჭერ ბაზრობის გახსნას. მთავარია, აქციზები ერგნეთშივე დაედოს საქონელს, რომ მერე ვიღაც–ვიღაცებს მაქინაციების საშუალება არ ჰქონდეთ. ბაზრობის არსებობის დროს მინერალური წყალი „ბაგიათა“ იყო ერთადერთი პროდუქტი, რომელსაც სამხრეთ ოსეთში ამზადებდნენ. ეს წყალი ყველას მოგვწონდა და ფასის მხრივაც ქართულ მინერალურ წყლებზე იაფი იყო. დანარჩენი ყველაფერი რუსული შემოდიოდა. თუმცა, სიიაფის გამო, ლამის მთელი აღმოსავლეთ საქართველო ერგნეთში ყიდულობდა ფქვილს, შაქარს და სხვა პროდუქტებს. ადგილობრივები ბაზრის გახნას მხარს ვუჭერთ. თუმცა, არ გვინდა, რომ 90–იანი წლების მსგავსად, ცხინვალიდან პროდუქტებთან ერთად, ნარკოტიკებიც შემოვიდეს. მაშინ შემოტანილი ნარკოტიკებით ქართველი და ოსი ახალგაზრდები დაიწამლნენ და ბევრი გადაყვა ნარკომანიას. იმედია, ამას გაითვალისწინებს ჩვენი ხელისუფლება“.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ერგნეთის ბაზრობის ლეგალიზება იყო საჭირო და არა მისი დახურვა. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში, ბერძენიშვილმა მიმდინარე წლის 10 იანვარს განაცხადა, წინა ხელისუფლებამ 2004 წელს კატასტროფული შეცდომა დაუშვა და ფაქტობრივად ჩამქრალი კონფლიქტი გააღვივა. დეპუტატის თქმით; „როგორც ცხინვალთან, ასევე სოხუმთან ურთერთობის ნორმალიზებაა საჭირო და ქართულ მხარეს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებთან ლეგალიზებული ურთიერთობები სჭირდება“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ, ერგნეთის ბაზრის თემა ჯერ კიდევ მაშინ წამოსწია, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ჯერ კიდევ არ იყო მოსული. მაია ფანჯიკიძის შეფასებით, ერგნეთის ბაზრობა იდეალური არ იყო, მაგრამ მისი გახსნა ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობის აღდგენას შეუწყობს ხელს: „ერგნეთის ბაზრობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი იყო. იქ ქართველები და ოსები ერთმანეთს ხვდებოდნენ. არავინ დავობს, რომ იდეალური არ იყო, მაგრამ თუკი ყველაფერი კანონის ფარგლებში მოექცევა და კონტრაბანდა აღიკვეთება, მისი ხელახლა გახსნა ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობის აღდგენას შუწყობს ხელს“.

საქართველოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს სხვა დროსაც არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მზად არიან ერგნეთის ბაზრობის გახსნასთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან დიალოგი დაიწყონ.  სამწუხაროდ, ცხინვალიდან შემხვედრი ნაბიჯები ჯერჯერობით არ ჩანს.

რუსულ გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოსური მხარის წარმომადგენელი, მურატ ჯიოევი აცხადებს, რომ მათთვის ერგნეთის ბაზრობის გახსნის საკითხი საინტერესო არ არის და უფრო ვრცელი კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობს. თავად „იზვესტია“ კი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ მოამზადა რიგი წინადადებები ცხინვალისთვის, რომლებიც საზღვარზე მდებარე სოფელ ერგნეთში ქართულ-ოსური ბაზრობის აღდგენას ეხება.

მათივე ცნობით, ქართული მხარის წინადადებები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის მიერ მუშავდება და ამ წინადადებების შემუშავების პროცესში ექსპერტები და რეინტეგრაციის სამინისტროც მონაწილეობს. „იზვესტიასთან“ საუბარში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ერგნეთის ბაზრობასთან დაკავშირებული იყო 30 ათასი ქართველისა და ოსის ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა. 

სოფელ ერგნეთში მცხოვრებ გლეხებს ერგნეთის ბაზრობის გახნასთან დაკავშირებით ერთგვაროვანი შეხედულებები არ გააჩნიათ. როგორც ერგნეთელი გიორგი კასრაძე ამბობს, ბაზრობის გახნას ლიახვის ხეობის მოსახლეობისათვის ეკონომიკური სარგებლის მოტანა ნამდვილად შეუძლია. თუმცა, მისი აზრით, რაკი ახლა „სხვა დროა“,  ბაზრობის ხელახლა გახსნამ, შესაძლოა, კონფლიქტის ზონაში სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავოს.

გიორგი კასრაძე, სოფელ ერგნეთის მკვიდრი: „ერგნეთის ბაზრობა როცა არსებობდა, მთელს საქართველოში ფქვილი და შაქარი ყველაზე იაფი ჩვენთან იყო და ეს მართლაც ძალიან კარგი იყო. იმ პერიოდში ბევრმა ჩვენებურმა იშოვა ფული. თუმცა, ჩემს ოჯახს იმ პერიოდიდან ცუდის მეტი არაფერი ახსოვს. ღამით სახლიდან ვერ გამოხვიდოდი, რადგან ერგნეთში სრული უკონტროლობა იყო და ვინ რას აკეთებდა  ვერ გაიგებდი. ერთხელ ახლობელმა ოსებმა 40 ტონა ბენზინით სავსე „კამაზი“ მოგვაბარეს შესანახად. მეორე ღამესვე თავზე დაგვადგნენ უცნობი ნიღბიანები, მანქანაც წაიყვანეს და რაც ფული გვქონდა, ისიც წაიღეს. მეშინია, ახლაც ასეთი ამბები არ განმეორდეს. მით უმეტეს, რომ დაცულები ახლაც არ ვართ. მერე რა მოხდება – ღმერთმა იცის...“

ცოტა ხნის წინ, აქტიურად განიხილებოდა ერგნეთის ბაზრის ალტერნატივაც - დაბა ახალგორი. ახალგორში ბაზრობის გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაზეთმა „რეზონანსმა“ 19 იანვარს  გამოაქვეყნა. „ახალგორში, დე ფაქტო საზღვართან ახლოს, ადგილობრივების თქმით, შესაძლებელია დიდი სავაჭრო ობიექტი გაიხსნას, რომელმაც, მათივე ინფორმაციით, ერგნეთის ბაზარი უნდა ჩაანაცვლოს. ოფიციალური პირები ამის შესახებ არ საუბრობენ“, – ნათქვამია „რეზონანსის“ სტატიაში.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ახალგორში ბაზრობის გახსნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. მინისტრმა განაცხადა, რომ მისი სამინისტრო არანაირად არ განიხილავს ერგნეთის ბაზრობის მსგავსი ბაზრობის გახსნას ახალგორში და მან უარყო ამის შესახებ გავრცელებული ხმები.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები და პრეზიდენტის პოლიტიკური გუნდის წევრები ერგნეთის ბაზრის გახნას „მძიმე საკითხად“ მიიჩნევენ. როგორც შიდა ქართლის ახლადდანიშული გუბერნატორი, ანდრო ბარნოვი აცხადებს, ერგნეთის ბაზრის საკითხი ახალი ხელისუფლების პოპულისტური ნაბიჯია: „ე.წ. ერგნეთის ბაზრობის გახსნის თემა ძალიან მძიმე საკითხია. მე ვიზიარებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ ერგნეთის ბაზრობის გახსნა საფრთხეების შემცველი იქნება. ამ საკითხზე ბევრი შეკითხვა დამიგროვდა, რომელსაც აუცილებლად დავუსვამ ხელისუფლების წამომადგენლებს. იმის თქმა, რომ ამ ბაზრობის აღდგენა მხოლოდ დაახლოებისთვის არის აუცილებელი, არ შეიძლება, მაგრამ თუ დავრწმუნდებით, რომ საფრთხეები თავიდან იქნება აცილებული, მაშინ ჩვენ არავისთან დაახლოების წინააღმდეგი არ ვართ. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს იქნებოდა პოპულისტური ნაბიჯი, რომელსაც მოკლევადიანი დადებითი და გრძელვადიანი ცუდი ეფექტი ექნება“.

მიუხედავად შემხვედრი პრობლემებისა, ერგნეთის ბაზრობის გახსნის თემა კვლავ აქტიურად დგას დღის წესრიგში. კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებს შორის ერთ–ერთი დაპირება სწორედ ერგნეთის ბაზრობის გახსნა იყო. მიუხედავად არაერთგვაროვანი დამოკიდებულებებისა, კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე ქართულ სოფლებში მცხოვრებთა უმეტესობა ერგნეთის ბაზრობის გახსნის პერსპპექტივას მთლიანობაში მაინც დადებითად აფასებს. მათი აზრით,  ბაზრობა, ომსა და მტრობას ნამდვილად სჯობია!

ახალი ამბები