კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამოცხადებული დაკავებების ქრონიკა

23 იანვარი, 2013

სალომე აჩბა ,humanrightshouse.org/

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში უკვე არსებობდა მოლოდინი, რომ წინა ხელისუფლების ზოგიერთ მაღალჩინოსანს საზოგადოება გისოსებს მიღმა იხილავდა. არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური კოალიციის - „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ გახმაურებული საქმეების გამოძიება და კორუფციასა თუ ადამიანების წამებაში ეჭვმიტანილი მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემა იყო. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში 25-ამდე ყოფილი მაღალჩინოსანი სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს.

ხმაურიანი დაკავებების სერია 6 ნოემბერს, ყოფილი შს მინისტრის, ბაჩო ახალაიას დაკავებით დაიწყო. ბაჩო ახალაიას წინა ხელისუფლებაში სხვადასხვა დროს თავდაცვისა და სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტებიც ეკავა. იგი მას შემდეგ დააკავეს, რაც 6 ნოემბერს დაკითხვაზე საკუთარი ნებით გამოცხადდა. თავდაპირველად ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა წაუყენეს. 12 დეკებერს კი პროკურატურამ ბრალდება კიდევ ერთ საქმეზე წამების მუხლით დაუმძიმა. ეს საქმე თავდაცვის სამინისტროში მომხდარ ინციდენტს ეხება. ყოფილი მინისტრის გარდა, ჯარისკაცების ცემის, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში მონაწილეობისათვის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაური გიორგი კალანდაძეც დააკავეს. 

გამოძიების მტკიცებით, გვარდიის დეპარტამენტის უზრუნველყოფის ასეულის ჩვიდმეტმა თანამშრომელმა იმ მიზეზით, რომ ისინი მძღოლები იყვნენ და  წინა ღამით მორიგეობდნენ, უარი განაცხადეს დილის ვარჯიშზე. ამის შემდეგ ისინი თბილისიდან სენაკის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, სადაც ახალაიამ და კალანდაძემ  მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, წელს ზემოთ გააშიშვლეს და სიცივეში ერთი საათის განმავლობაში არბნენინეს. ამის შემდეგ კი, სამხედრო მოსამსახურეები აბაზანაში ჩაკეტეს, გამოურთეს გათბობა და ამგვარ ვითარებაში  დაახლოებით 36 საათი საკვების გარეშე ამყოფეს.

წინასწარი სასამართლო მოსმენა ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე 30 იანვარსაა ჩანიშნული. იგი ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება. 32 წლის ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე კი, 20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

საქართველოში მიმდინარე კოჰაბიტაციის ფარგლებში, ყოფილ მაღალჩინოსანთა დაკავებები, მთავრობასა თუ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა დაპირისპირებას იწვევს.

„ერთადერთი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება ოდნავ მაინც შეამსუბუქოს  ახალი ხელისუფლების ბრალეულობა,  ყველა ამ პირის დაუყოვნებელი გათავისუფლება  იქნება. ამ ადამიანების დაკავების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ამ ნაბიჯებმა საქართველოს უკვე მიაყენა დარტყმა ქვეყნის შიგნით, დემოკრატიული პროცესის თვალსაზრისით და ქვეყნის გარეთ, ჩვენი რეპუტაციის თვალსაზრისით“, – აღნიშნა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ახალაიასა და კალანდაძის დაკავებების კომენტირებისას. პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი კალანდაძეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირი უწოდა და მის წინააღმდეგ აღძრული საქმე „რუსულ ინტერესებს“ დაუკავშირა.

საპასუხოდ პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ მაღალჩინოსანთა დაკავებებს პოლიტიკური სარჩული არა აქვს: „კანონდარღვევები თუკი არსებობს (და ჩემი აზრით, არსებობს), სამართალდამცავი სტრუქტურები გააგრძელებენ კანონიერების აღდგენას ქვეყანაში“.
 
ხმაური მოჰყვა შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას დაკავებასაც. ის  2012 წლის 16 ნოემბერს ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. 18 ნოემბერს სასამართლომ უარი უთხრა პროკურატურას მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობაზე და გუნავა 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი გაათავისუფლეს. გუნავა თავიდანვე ამტკიცებდა, რომ ნარკოტიკი და იარაღი დაკავებისას ჩაუდეს. იგი მის დევნას ბაჩო ახალაიასთან მეგობრობას და ამ ნიშნით ანგარიშსწორებას უკავშირებდა. თენგიზ გუნავამ მთავარ პროკურატურას მისი დაკავების გარემოებების შესწავლის თხოვნით მიმართა. საქმის გამოძიება შსს-ს გენერალურმა ინსპექციამაც დაიწყო. ცოტა ხანში, გენინსპექციის მოკვლევის შედეგად, შინაგან საქმეთა მინისტრმა სამსახურიდან გაათავისუფლა გუნავას დაკავებასთან დაკავშირებული  5 პოლიციელი.

ხმაური კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებამ გამოიწვია. ნიკა გვარამია 2004-2007 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, 2007 წლიდან მთავარი პროკურორის მოადგილედ მუშაობდა, 2008 წელს კი, იუსტიციის მინისტრად დაინიშნა, საიდანაც ათთვიანი საქმიანობის შემდეგ განათლების მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლა. არჩევნების წინ იგი მთავრობაში არც ერთ თანამდებობას აღარ იკავებდა. არჩევნების შემდეგ კი ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორად დაინიშნა.

ამავე საქმეზე დააკავეს ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ხეთაგური, ასევე - ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია. დაკავებულებს ბრალი ფინანსურ მაქინაციებსა და კორუფციაში დაედოთ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, გამოვლინდა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მეშვეობითაც ყოფილმა მაღალჩინოსნებმა დიდი რაოდენობით ქრთამი აიღეს და დანაშაულის შესანიღბად ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტები გააყალბეს. დაკავებულებმა ბრალი არ აღიარეს. სასმართლომ კი ისინი 30 ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

„გაუგონარი ფაქტი“, - ასე შეაფასა ყოფილმა შს მინისტრმა და ახლა უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა  მდივანმა ვანო მერაბიშვილმა გვარამიას, ხეთაგურისა და დამენიას დაკავება. მათ დაკავებებზე მწვავე რეაქცია ჰქონდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც. მისი თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნის და ახლა უკვე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებით, ახალი ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას ცდილობს.

გვარამიას დაკავებას საქართველოში აშშ-ს ელჩიც გამოეხმაურა: „რა თქმა უნდა, როცა ტელეკომპანიის ხელმძღვანელს აპატიმრებენ, ისმის კითხვა: ეხება, თუ არა საქმე პრესის თავისუფლებას. ამავე დროს მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს დაპატიმრება სულ სხვა საქმეს უკავშირდებოდა და კერძო სექტორში ფინანსურ გარიგებებს ეხება. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რომ უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებისა და კანონის უზენაესობის დაცვა“.

დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის მცდელობა კატეგორიულად გამორიცხა მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა: „პოლიტიკოსების მიერ საკითხის ისე წარმოჩენა, თითქოს ნიკა გვარამიას დაპატიმრება მედიაზე ზეწოლაა, სრულიად ალოგიკურია. გვარამია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად 2012 წლის 14 ნოემბერს დაინიშნა, ხოლო გამოძიება 8 ნოემბერს დაიწყო“.

პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის თქმით, საზოგადოებაში ატეხილი ხმაურის ფონზე, უკეთესი იქნებოდა, ნიკა გვარამია საერთოდ არ დაეკავებინათ. თუმცა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, იგი სამართალდამცველების საქმიანობაში არ ერევა და არ უთითებს, ვინ დააკავონ და ვინ - არა.

15 ნოემბერს  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დააკავეს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, თბილისის ვიცე მერი შოთა ხიზანიშვილი. მასთან ერთად დააკავეს შსს-ს ათი თანამშრომელიც, მათ შორის - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან ქარდავა. მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება არასანქცირებული გზით, კომპიუტერულ ქსელებში მოქალაქეებზე უკანონო თვალთვალს. 2013 წლის იანვარში შოთა ხიზანიშვილი და სხვა დაკავებულები პარლამენტის მიერ გამოცხადებული საყოველთაო ამნისტიის ძალით გათავისუფლდნენ.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ძებნა რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანზეც გამოცხადდა. შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას და მისი ყოფილი მოადგილის სოსო თოფურიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე  წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით აღიძრა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება თითქმის რვა წლის წინ პოლიციის თანამშრომლების ცემას. ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ, ვინაიდან ისინი საქართველოში არ იმყოფებიან.

საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მიმართაც. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 იანვარს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა და იმავდროულად, გადაწყვეტილება  მიიღო მისი ოთხი პასპორტისთვის, მათ შორის სამი დიპლომატიური პასპორტისთვის, მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე. მთავარმა პროკურატურამ ადეიშვილს დეკემბრის ბოლოს, ბრალი პატიმართა მიმართ 2012 წლის სექტემბერში „დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის“ ორგანიზებასა და პროვოცირებაში, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში წაუყენა.

„ნაცინალური მოძრაობის“ წარმომადგენლების თქმით, ზემოხსენებული ყველა დაკავება პოლიტიკურადაა მოტივირებული და მათ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. თავის მხრივ, პოლიტიკურ სარჩულს კატეგორიულად გამორიცხავს ახალი ხელისუფლება. „როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური მედია და ასევე საზოგადოება დიდი ყურადღებით აკვირდება მიმდინარე დაკავებებს. ჩვენ ადამიანის ბედს მაქსიმალურად ფრთხილად ვეკიდებით და ის მთავარი პრინციპი, რომელიც ჩვენ მუშაობისას დავსახეთ, რომ ვიქნებოდით სამართლიანები, კანონიერები და ჰუმანურები, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ამას მაქსიმალურად მკაცრად დავიცავთ“, - განაცხადა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შესთავაზა, თავისი წარმომადგენლები მოავლინოს და ჩართოს ჯარისკაცების ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებაში. საინტერესოა, რომ დაკავებებთან დაკავშირებით ჯერჯერობით პოზიცია არ გამოუხატავთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიცაა ჰუმან რაითს უოჩი და „საერთაშორისო ამნისტია“.

მაღალჩინოსნების დაკავებაზე კომენტარი სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, ბოლოდროინდელი დაკავებები გარკვეულ კითხვებს ბადებს. ამიტომაც სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურიდან, რამდენიმე საქმის მასალები გამოითხოვა. სახალხო დამცველი ჯერჯერობით კონკრეტულ განმარტებებს ვერ აკეთებს, რადგან ამ ეტაპზე მხოლოდ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების დროს შევსებული პროცედურული დოკუმენტების მცირე ნაწილი გააჩნია.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ელიტურ კორუფციასა და ადამიანების წამებაში ბრალდებულ პირთა გასამართლება აუცილებელია, რათა ასეთი დანაშაულები არ წახალისდეს.

ალეკო ცქიტიშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი: „წლების განმავლობაში არა მხოლოდ ჩვენი ორგანიზაცია, არამედ სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები მოითხოვდნენ იმ მაღალჩინოსნების დასჯას, ვინც ხელს უწყობდა საქარრთველოში მოქალაქეების პოლიტიკურ დევნას, წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და ა.შ. ასეთ ფაქტებზე შეშფოთება დაფიქსირებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის, გაეროს სპეციალური წარმომადგენლის მაინა კიაის, ევროსაბჭოს კომისრის, თომას ჰამარბერგისა და სხვა ავტორიტეტულ ანგარიშებში. ახალი ხელისუფლების მიერ ამ ფაქტების გამოძიებით, ფაქტობრივად, ხდება იმ რეკომენდაციების იმპლემენტაცია, რასაც წლების განმავლობაში უფლებადამცველი ორგანიზაციები გავცემდით. ბუნებრივია, ჩვენ ვრჩებით ჩვენს აზრზე და ვფიქრობთ, ამ ტიპის საქმეები აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავეებიც უნდა დაისაჯონ. ჯერჯერობით, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებები გამჭვირვალედ მიმდინარეობს. არ შეინიშნება ისეთი პრაქტიკა, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, როცა ასეთი საქმეების გამოძიებას გრიფით „საიდუმლო“ წარმართავდნენ და საზოგადოებას მხოლოდ შსს-ს მიერ დამუშავებულ ინფორმაციას აწვდიდნენ. რა თქმა უნდა, მეორე მხრივ, არსებობს რისკი, რომ ხელისუფლებას შეიძლება გაუჩნდეს პოლიტიკური შურისძიების ცდუნება. ამიტომ ამ პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციები გაორმაგებული ყურადღებით ვაკვირდებით. ვფიქრობ, რომ ზოგჯერ პროკურატურა მაღალჩინოსნების დაკავებისას ზედმეტად ჩქარობს. რიგ შემთხვევებში გამოძიება შუა ნაწილშიც კი არ არის ხოლმე მისული, როცა ადამიანებს ჯერ მოწმის სტატუსით კითხავენ და იმ დღესვე აკავებენ. ესა თუ ის პირი როცა გამოძიებასთან თანამშრომლობს, დაკითხვაზე მიდის და არსად გაქცევას არ აპირებს, მისი დაპატიმრების აუცილებლობა არ არის“.

ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებების შემდეგ, საზოგადოებაში წარმოქმნილი აზრთა სხვადასხვაობის გამო, იუსტიციის სამინისტრო გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე იმ თანამდებობის პირთა სისხლის სამართლის საქმეები, რომლებსაც უკავიათ ან ეკავათ მაღალი თანამდებობები, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს. კანონპროექტის ინიციატორების თქმით, ეს ინიციატივა უფრო გამჭვირვალეს გახდის პროცესს.

განიხილავს თუ არა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებს, ეს ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. დისკუსია ამ თემაზეც დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სასურველი იქნება, ბრალდებულებმა თვითონ აირჩიონ, სურთ თუ არა, თავიანთი საქმეები ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. მათი თქმით, ბაჩო ახალაიასა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ საზოგადოებაში საკმაოდ უარყოფითი განწყობა არსებობს. ამიტომ შესაძლოა, ამ საზოგადოებიდან შერჩეულმა ნაფიცმა მსაჯულებმა მსჯავრი არაობიექტურად გამოიტანონ.

ორიგინალი

ახალი ამბები