კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაფიც მსაჯულთა შესახებ საკანონმდებლო ცვლილება მიღებულია

25 იანვარი, 2013

სივილ ჯორჯია

პარლამენტმა 18 იანვარს  დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ინიციატივა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ. ამ ინიციატივის მიხედვით,  ბრალდებულ თანამდებობის პირებს, მათ შორის, არჩევნების შემდეგ დაკავებულ  ყოფილ მაღალჩინოსნებს, საშუალება აძლევათ, რომ მათი საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2011 წლის ბოლოს დაინერგა და ამ დრომდე ასეთი  სულ სამი სასამართლო პროცესი შედგა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა აქამდე მხოლოდ იმ საქმეებით შემოიფარგლებოდა, რომლებიც დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას, ასევე უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში განზრახ მკვლელობას და გაუპატიურების ბრალდებებს ეხებოდა.

ამ საქმეებს, მიღებული ცვლილებებით, დაემატება იმ თანამდებობის პირთა სისხლის სამართლის საქმეებიც, რომლებსაც უკავიათ ან ეკავათ მაღალი თანამდებობები; ასევე იმ პირთა საქმეებიც, რომლებიც ბრალდებულნი არიან თანამდებობის პირებთან ერთობლივად დანაშაულის ჩადენაში.

ის კანონპროეტი, რომელსაც პარლამენტმა უყარა კენჭი, ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების შეთანხმების შედეგად შემუშავდა.

ცვლილებების მიხედვით, თანამდებობის პირთა საქმეებზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შეიძლება შედგეს ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში. ასევე კანონპროექტში აისახა დებულება, რომ ამ პროცესების აუდიო-ვიდეო გადაღება უზრუნველყოს სასამართლომ და გააშუქონ მასმედიის საშუალებებმა, რომლებსაც ასევე ექნებათ შესაძლებლობა პირდაპირ ეთერში გადასცენ სასამართლო სხდომები. თუმცა, მედიის მიერ ნაფიც მსაჯულთა გადაღება იკრძალება.

2007 წლიდან საქართველოს სასამართლოებში მედიას აუდიო-ვიდეო ჩაწერა ეკრძალება, თუმცა გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია მოსამართლის გადაწყვეტილებით. მედიისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითვალისწინებს სასამართლო რეფორმის შესახებ ახალი მთავრობის მიერ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გასული წლის ბოლოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა და რომლის ფორმულირებებსაც იმეორებს პარლამენტის მიერ ნაფიც მსაჯულთა შესახებ მიღებული საკანონმდებლო ცვლილება.

დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად, მედიასთან დაკავშირებული ნორმა  1 მარტიდან ამოქმედდება. ამ ნორმის მოგვიანებით ამოქმედებას  იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე იმით ხსნის რომ მედიისთვის შეზღუდვების მოხსნას სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ კანონში,პარალელური ცვლილებების სჭირდება. ამ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, ნაციონალურ მოძრაობას გარკვეული შენიშვნები აქვს, თუმცა იუსტიციის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ მარტისთვის, ამ საკითხზე შეთანხმება მოხდება.

თუმცა, როგორც დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხადა, არსებობს „პოლიტიკური შეთანხმება“ სასამართლო ხელისუფლებასთან, რომ მოსამართლეებმა გამოიჩინონ კეთილი ნება და 1 მარტამდე თავიანთი გადაწყვეტილებებით მისცენ მედიას მოსალოდნელი გახმაურებული სასამართლო პროცესების აუდიო-ვიდეო ჩაწერის შესაძლებლობა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, კოტე კუბლაშვილთან ამ სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, „მხოლოდ დახურული სხდომა იქნება დახურული მედიისთვისაც“.

ამასთან, კანონპროექტით 1 ივნისი განისაზღვრა ბოლო ვადად იმ სასამართლოებისთვის, რომლებიც აუდიო-ვიდეო გადაღების აპარატურით არ არიან აღჭურვილი, რათა მათ შესაბამისი ტექნიკური საშუალებები შეიძინონ და დაამონტაჟონ სასამართლო დარბაზებში, რისთვისაც ფინანსებს  მთავრობის სარეზერვო ფონდი გამოყოფს. თუმცა იმ სასამართლოებს, რომლებსაც ამგვარი აპარატურა გააჩნიათ, აუდიო-ვიდეო გადაღების უზრუნველყოფის და შემდეგ დაინტერესებული პირებისთვის, მათ შორის მედიისთვის, ამ მასალების მოთხოვნისთანავე მიწოდების ვალდებულება კანონის ამოქმედებისთანავე დაეკისრებათ.

საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის დროს დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ბეჟაშვილმა კიდევ ერთხელ წამოწია საკითხი, რომელიც უკავშირდება ბრალდებულის უფლებას, უარი თქვას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე.

ამჟამად სწორედ ასეთი ნორმა მოქმედებს და დამტკიცებული კანონპროექტი მას არ ცვლის, თუმცა მთავრობა გეგმავს დამატებით საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც შესაძლოა ბრალდებულს არჩევანის თავისუფლება შეეზღუდოს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამოყენებაზე უარის თქმაზე გადამწყვეტი სიტყვა პროკურორს მიენიჭოს. ამ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა პარლამენტს ჯერ არ დაუწყია.

18 იანვრის პარლამენტის სხდომაზე ბეჟაშვილმა იკითხა რჩებოდა თუ არა ძალაში „შეთანხმება“ იმის თაობაზე, რომ ბრალდებულს დარჩეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევის თავისუფლება.

პარლამენტის თავმჯდომარემ მას უპასუხა: „ეს საკითხი არ ყოფილა ამ კანონპროექტის განხილვის საგანი. შესაბამისად, ეს თემა არ ყოფილა შეთანხმების საგანი და არც შეიძლება ყოფილიყო... რა იქნება ხვალ, ზეგ, სამი წლის მერე, ამის შესახებ შესაბამისად შეგვიძლია მომავალში ვიმსჯელოთ“.

ახალი ამბები