კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაბერილი შტატები და გაზრდილი სახელფასო ფონდი ქუთაისის მერიაში

28 იანვარი, 2013

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა და საგანგაშოდ გაზრდილი შტატები ქუთაისის მერიაში - ეს ის საკითხებია,  რომელსაც ადგილობრივი არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უკვე დიდი ხანია აპროტესტებენ.

ამ პრობლემებზე ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თენგიზ თოფურიძეც საუბრობს:

„ის, რაც აქ ხდება, ყოველგვარ ნორმას სცილდება. ხელოვნურად იზრდება შტატები, იქმნება ახალი სამსახურები. 2006 წლისთვის მერიაში დასაქმებულთა რაოდენობა 544 იყო. ამჟამად კი იგი 668-მდეა გაზრდილი. გაზრდილია ასევე, სახელფასო ფონდი და 2013 წლისთვის იგი 7 მლნ 190 ათას ლარს შეაგენს", - აცხადებს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ქუთაისის მერიაში რომ ყველაფერი რიგზე არ არის, ამაზე  ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში  ქალაქის მერიც საუბრობს: „ის, რაც ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში ხდება, ყველასთვის ცნობილია  და დასამალი არ არის. იმისთვის რომ ვითარება გამოსწორდეს, მონდომება და საქმის კეთებაა საჭირო." - ამბობს ქუთაისის მერი,  ბესიკ ბრაგაძე.

ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებულ არასახარბიელო სიტუაციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებიც ალაპარაკდნენ. „გამჭვირვალე თვითმმართველობისათვის" - ასე ჰქვია კოალიციას, რომელიც ქუთაისში მოქმედ შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. მათ მიზანს ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგი და მიმდინარე პროცესებში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა წარმოადგენს.

კოალიციის ერთერთი წევრი ორგანიზაციის,  „სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრის“  ხელმძღვანელის მანანა მანაგაძის თქმით,  ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ძირითადი პრობლემა ისაა, რომ იგი საზოგადოების, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით არ მოქმედებს.

„არ შეიძლება ქალაქის მერია დასაქმების ბირჟა იყოს. დღეს კი, იგი პრაქტიკულად ამ ფუნქციას ასრულებს. შტატები გადატვირთულია, სახელფასო ფონდი კი, გაზრდილი. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ადგილობრივ ხელისუფლებას, სურს მას ეს თუ არა, მოუწევს ხალხისთვის ანგარიშის გაწევა. ჩვენ კანონის ფარგლებში ვაიძულებთ მათ ანგარიში ჩააბარონ მოსახლეობას,  რიგით ქუთაისელებს. მათ ავიწყდებათ, რომ თანამდებობებზე არჩევნების გზით მოხვდნენ და რომ აქ მთავარი მოქმედი პირი  ხალხია  და არა ქალაქის მერი ან რომელიმე ჩინოვნიკი", - ამბობს მანანა მანაგაძე.

კოალიცია მერიის გარდა, ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიულ ორგანოებში არსებული ვითარების შესწავლასაც აპირებს.

„ჩვენ ვაპირებთ მოვამზადოთ წერილი საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე, რათა მან საკრებულოს დადგენილების საფუძველზე შექმნას კომისია. კომისიამ კი უნდა შეისწავლოს მერიაში, მის ტერიტორიულ ორგანოებში დასაქმებული ადამიანების საქმიანობა. კომისია დაადგენს რამდენად კანონიერად, კონკურსის გზით არიან თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლები დასაქმებულნი. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ის პირები, რომლებიც არასამართვებრივი გზით არიან დასაქმებულნი, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ სამსახურებიდან", - ამბობს კოალიციის ერთერთი წევრი ორგანიზაცია, „საჩინოს" თავმჯდომარე ზურაბ ხურციძე. 

თავის მხრივ, ადგილობრივ თვითმმართველობაში არასამთავრობო სექტორის გააქტიურებას  მიესალმებიან და კოალიციასთან თანამშრომლობის სრულ მზაობას გამოთქვამენ. 

ახალი ამბები