კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ივანიშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებებზე ნაციონალურ მოძრაობასთან „არავითარ ვაჭრობაში არ შევალთ“

7 თებერვალი, 2013

სივილ ჯორჯია

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი კოალიცია დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობასთან  „ვაჭრობას“ არ აპირებს.

მან „აბსურდული“, „უნიჭო“ და „უპასუხისმგებლო“ უწოდა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებას პრეზიდენტის უფლებამოსილების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის გარკვეული პირობების სანაცვლოდ შესაძლო მხარდაჭერაზე.

4 თებერვალს მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციებმა მოუწოდეს კოლეგებს ნაციონალური მოძრაობიდან, რომ ინდივიდუალურად გამოეხატათ პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ, დავით ბაქრაძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებების მისაღებად საჭირო 100 ხმას ვერ აგროვებს და ამ ინიციატივის  მხარდაჭერის სანაცვლოდ ორი პირობა წამოაყენა: ერთი ის, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს საქართველოს ერთგულება პროდასავლური კურსის მიმართ და მეორეც ის, რომ ვადაზე რამდენიმე თვით ადრე მოხდეს კონსტიტუციაში ცვლილებების მისაღებად საჭირო კვორუმის 100 ხმიდან 113-მდე გაზრდა.

„ჩვენ,  როგორც უმრავლესობა, მათგან არანაირ  დახმარებას  არ ვსაჭიროებთ და არავითარ ვაჭრობაზე არ მივდივართ“, - განაცხადა ივანიშვილმა 5 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„მათი პოზიცია - დაუჭერენ მხარს თუ არ დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებას - არავითარ გავლენას პრაქტიკულად [არ ახდენს], არაფერს არ ცვლის ქვეყნისათვის.  მათ აქვთ საშუალება მხოლოდ საკუთარი მომავალი და საკუთარი პოზიციები გახადონ ან აბსოლუტურად მიუღებელი საქართველოს საზოგადოებისათვის ან რაღაც პერსპექტივა მისცენ მათ“, - აღნიშნა მან.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ვერცერთი დეპუტატი ვერ მოახერხებს გუნდურად დამალვას, ჩვენ თოთოეულს ვაიძულებთ, რომ გამოვიდეს და გამოთქვას საკუთარი პოზიცია“.

„ჩვენთვის, ქვეყნისთვის, ასე ვიტყოდი, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ბაქრაძე თუ სხვა ნებისმიერი უმცირესობაში მყოფი, დაუჭერს მხარს ამ პროექტს თუ არა, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ მათთვის და ეს ვერ გაუგიათ მათ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, „წარმოუდგენელია“, რომ საქართველომ ევრო-ატლანტიკურ კურსზე თქვას უარი.

„ამას კონსტიტუციაში ჩაწერა რატომ უნდა დაჭირდეს?“ - განაცხადა ივანიშვილმა, „ეს [დასავლური კურსი] არ არის სააკაშვილის არჩევანი და ბაქრაძის, რასაც იბრალებენ, არც წინა ხელისუფლების და არც იმის წინა ხელისუფლების... ეს ქართველი ხალხის ნებაა და ჩვენ მხოლოდ ქართველი ხალხის ნებას გამოვხატავთ, როდესაც ამ მიმართულებით მივდივართ“.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დისკუსიის ინიცირებამ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ახალი მთავრობის შესაძლო დათხოვნის გეგმების „დევალვირება“ მოახდინა.

„დაითხოვოს როცა უნდა და ვინც უნდა კონსტიტუციით, მაგრამ ერთმა კაცმა ვერ უნდა დანიშნოს მთავრობა“, - განაცხადა მან.

„ქართული ოცნების“ მიერ დეკემბერში ინიცირებული ე.წ. ანტიკრიზისული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, პრეზიდენტს უნარჩუნდება ყველა უფლებამოსილება, გარდა იმ ერთისა, რომელიც მას პარლამენტისგან თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაშიც კი მთავრობის გამოცვლის შესაძლებლობას აძლევს.

ივანიშვილის თქმით, ნაციონალურ მოძრაობას მართალია ჰგონია, რომ „ვიღაცას აშინებენ და რაღაცის მოლოდინს უჩენენ“, მაგრამ „არავითარი რესურსი აღარ აქვთ, რომ არეულობა გამოიწვიონ ქვეყანაში“.

„ვარწმუნებთ კიდევ საქართველოს მოსახლეობას: ნურაფრის ნუ გეშინიათ, ყველაფერს ვაკონტროლებთ, ყველა მათ გაუაზრებელ სვლაზე ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად გააზრებული და ჯანსაღი სვლა და თანაც რამდენიმე ვარიაცია გაგვაჩნია“, - განაცხადა ივანიშვილმა.

„ვერაფერს ესენი ქვეყანას ვეღარ ავნებენ. დამთავრდა ის ეპოქა, სიცრუის“, - დასძინა მან.

ივანიშვილის თქმით, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ცდილობდა ნაციონალური მოძრაობა დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ ისინი „ბედნიერები“ იყვნენ, ახლაც იმავეს ცდილობს, თუმცა საპირისპიროდ, ახალი მთავრობის მმართველობაზე „აპოკალიფსური“  სურათის შექმნის გზით.

მან ასევე განაცხადა, რომ ბევრი შეკითხვები არსებობს პრეზიდენტ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, თბილისის მერის გიგი უგულავას და   იუსტიციის ყოფილი მინისტრის, „გაქცეული“  ზურაბ ადეიშვილის მიმართ, რაზეც მათ „პასუხი უნდა გასცენ“.

„როგორც მაშინ [ხელისუფლებაში ყოფნის დროს] ესენი იყვნენ ბედნიერები მხოლოდ და მთელ საქართველოს არწმუნებდნენ, რომ’ ბედნიერები ხართ’, ზუსტად საპირისპირო ხდება დღეს. მათზე კითხვები წარმოიშვა, მათ დაეწყოთ პანიკა და მთელ საქართველოს არწმუნებენ, რომ რაღაც საშინელება ხდება. მათ ირგვლივ შეიძლება მართლაც რაღაც ხდება, მათ შეიძლება მართლაც არასასიამოვნო კითხვები ელოდებათ და ეს უნდათ, რომ გადაიტანონ მთელ საზოგადოებაზე“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით, ცოტა ხანში ნაციონალური მოძრაობის ხსენება „ალერგიას“ გამოიწვევს საზოგადოებაში.

ახალი ამბები