კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არაკეთილსინდისიერ მომხმარებელთა ფოტოები „გუდვილში“ - ირღვევა თუ არა მათი უფლებები

8 თებერვალი, 2013
სალომე ჩხეიძე

„ჩემი ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე სუპერმარკეტში იმ მოქალაქეთა ფოტოებია გამოკრული, რომლებმაც სხვადასხვა დროს სუპერმარკეტიდან პროდუქტები მოიპარეს. მე მგონია, რომ ეს არაკორექტულია... მაინტერესებს თქვენი, როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციის აზრი ამასთან დაკავშირებით“, - ამ შინაარსის წერილი ერთ-ერთი მოქალაქისგან რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ადამიანის უფლებათა ცენტრის ელ-ფოსტაზე. 

Humanrights.ge-მ ამ საკითხზე მუშაობა ფაქტის გადამოწმებით დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ დიღმისა და ვაკის ფილიალში თვალსაჩინო ადგილას, სტენდზე მართლაც არის გამოკრული მოქალაქეთა ფოტოები წარწერით: „არაკეთილსინდისიერი მომხმარებლები. 

როგორც ჰიპერმარკეტის ადმინისტრაციაში განგვიმარტეს, ამ ფოტოებზე ვიდეოკამერის მიერ დაფიქსირებული ის მოქალაქეები არიან აღბეჭდილნი, რომლებმაც ჰიპერმარკეტიდან სხვადასხვა სახის პროდუქტი მოიპარეს. ფოტოებზე მკაფიოდ ჩანს მოქალაქეების სახეები და მათი იდენტიფიცირება უპრობლემოდაა შესაძლებელი. 

რატომ გადაწყვიტა ჰიპერმარკეტის ადმინისტრაციამ ამ ფოტოების საჯაროდ გამოფენა? „გუდვილის“ გენერალური დირექტორი ირინა ქოსაშვილი გვპასუხობს,  რომ ფოტოები პრევენციის მიზნით გამოქვეყნდა:  „ეს პიროვნებები ქურდობის ფაქტზე იყვნენ  დაკავებულნი და მათი საქმე პოლიციას გადაეცა. შესაძლოა, მათ სასჯელიც მოიხადეს, მაგრამ ამის შესახებ ჩვენ ინფორმაციას არ ვფლობთ. იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს, პრევენციის მიზნით, მივმართეთ ასეთ გზას და მათი ფოტოები გამოვფინეთ. ამ ადამიანების ფოტოების სტენდზე განთავსების მიზანი, პრევენციის გარდა, ჩვენი  დაცვის თანამშრომლების ინფორმირებაცაა, რომ მათ მომავალში მარტივად შეძლონ ამ მოქალაქეების ამოცნობა“,  - აცხადებს გერენალური დირექტორი.

მისივე თქმით,  ამ სტენდის არსებობის გამო მათთვის პრეტენზიით არავის მიუმართავს, ფოტოების გასაჯაროება მათი უფლებაა და შესაბამისად, მათ ჩამოხსნას მომავალშიც არ აპირებენ. 

„გუდვილის“ იურისტი დავით გლუნჩაძეც მიიჩნევს, რომ ფოტოების გასაჯაროებით ადამიანის უფლებები არ ილახება და ამ ფორმით, კომპანია მხოლოდ თავის სუბიექტურ მოსაზრებას აფიქსირებს: „ეს ადამიანები  „გუდვილისთვის“ წარმოადგენენ არაკეთილისინდისიერ მომხმარებლებს. ჩვენ ხომ არ ვუწოდებთ მათ „ქურდებს“ ან „დამნაშავეებს“? ამ ფოტოებით და წარწერით, უბრალოდ, გამოვხატავთ ჩვენს მათდამი დამოკიდებულებას“.

სტენდის შესახებ  გასნხვავებული მოსაზრებები აქვთ  „გუდვილის’’  მომხმარებლებს.
  
ნინო 26 წლის: „ვფიქრობ, რომ რაღაც კუთხით არაეთიკურია, რადგან მიუხედავად ამ ადამიანების დანაშაულისა, მგონია, რომ ამით ირღვევა მათი უფლებები“.

გურამი 44 წლის: „არ უნდა იყოს გამოქვეყნებული. ალბათ, ეს ადამიანები უკვე მოიხდიდნენ სასჯელს ქურდობის გამო და მათი ფოტოების სამუდამოდ აქ გამოფენა არ არის სწორი“.

ნინელი 57 წლის: „დიახაც, უნდა  იყოს გამოქვეყნებული! მეტის ღირსები არიან. არ მოეპარათ და არ გამოაჭენებდნენ ასე სახალხოდ“.

თემასთან დაკავშირებით იურისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ეკა ქობესაშვილის განმარტებით,  მოქალაქეების ფოტოების გასაჯაროება კანონდარღვევას არ წარმოადგენს, რადგან  ეს ადამიანები დაფაზე არ არიან მოხსენიებულნი, როგორც „ქურდები“ ან „დამნაშავეები“. 

„ეს ფაქტები სათვალთვალო კამერიდანაა ამობეჭდილი. ასეთ შემთხვევაში, კომპანია არ არღვევს  კანონს, რადგან მოქალაქეებს არ ანიჭებს არანაირ სამართლებრივ სტატუსს, უბრალოდ, ამბობს, რომ ეს ადამიანები მისთვის არიან არაკეთილსინდისიერები. მომხმარებელი როცა გაფრთხილებულია, რომ მაღაზიაში  სათვალთვალო კამერაა, მან ისიც უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ დარღვევას კამერა აღბეჭდავს და ადმინისტრაციამ ეს შესაძლოა, გამოიყენოს მის წინააღმდეგ. თუმცა, მიუღებელია, რომ ამ ადამიანების ფოტოები მუდმივად დარჩეს ამ სტენდზე, განსაკუთრებით - იმ შემთხვევაში, თუ მათ უკვე მოიხადეს სასჯელი დანაშაულის გამო“, - ამბობს ეკა ქობესაშვილი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ეკა ხუციშვილი კი  მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ფოტოებზე აღბეჭდილ ადამიანებს, ღირსებისა და პატივის შელახვის საფუძველზე  „გუდვილს“ სასამართლოში ჩივილი შეუძლიათ: „ამ ფოტოების  მეშვეობით მოქალაქეების იდენტიფიცირება მარტივად შეიძლება. ამ ადამიანებს შეუძლიათ, სასამართლოს მიმართონ. მათ „გუდვილთან“ ღირსებისა და პატივის შელახვის საფუძველზე შეუძლიათ დავა. მით უფრო - იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ ჩადენილ დანაშაულზე უკვე მოხდა რეაგირება და პირმა სასჯელი მოიხადა. სტენდზე ფოტოების გამოქვეყნებით სამართადარღვევაზე რეაგირება არ არის კანონით დადგენილი. ამიტომ იგი ლახავს კერძო პირის ინტერესებს.  თუ სასამართლო არ მიიღებს „გუდვილის“ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას, ამის შემდგომ პირს შეუძლია, იდაოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის კუთხით“. 

მსგავს საკითხზე საქართველოში სასამართლო პროცესის პრეცენდენტი რომ არსებობდეს და სასამართლოს გადაწყვეტილებაც ძალაში იყოს შესული, ეს საქმე ერთგვარად პრეცენდენტული იქნებოდა და იურისტთა დავაში გარკვეულ სიცხადეს შეიტანდა. თუმცა, ამ ეტაპზე ადამანის უფლებათა ცენტრს არა აქვს ინფორმაცია, ასეთი შემთხვევების თაობაზე სასამართლოში დავა გაიმართა თუ არა.

ახალი ამბები