15:35, Saturday, 30.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება

08.02.2013

 
სალომე აჩბა

ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 

როგორ მიმდინარეობს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების პროცესი, იკვეთება თუ არა მასში პოლიტიკური მოტივაცია და გახდის თუ არა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებს უფრო გამჭვირვალეს, ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მათი საქმეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უნდა განიხილოს. არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ სამართლებრივ გარემოსა და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტებზე, www.humanrights.ge-ს  ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი ესაუბრა.  

-როგორ შეაფასებთ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების პროცესს? 

- წლების განმავლობაში, არა მხოლოდ ჩვენი ორგანიზაცია, არამედ სხვა უფლებადაცვითი ორგანიზაციები მოითხოვდნენ იმ მაღალჩინოსნების დასჯას, ვინც ხელს უწყობდა საქართველოში მოქალაქეების პოლიტიკურ დევნას, მათ წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და ა.შ. გარდა ამისა, ვითხოვდით ე.წ. ელიტურ კორუფციაში მონაწილე პირების დასჯას. ახალი ხელისუფლების მიერ ამ საქმეების გამოძიებითა და მათში მონაწილე პირების დაკავებებით, ხდება იმ რეკომენდაციების იმპლემენტაცია, რასაც წლების განმავლობაში უფლებადამცველი ორგანიზაციები გასცემდნენ. ჩვენ, ბუნებრივია, კვლავაც ვრჩებით ჩვენს აზრზე და ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის საქმეები აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილი, რათა საზოგადოებაში არ მოხდეს დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრება და გაძლიერება. 

თუმცა, საკითხს მეორე მხარეც აქვს. ახალ ხელისუფლებას აქვს ერთგვარი ცდუნება, რომ მთელი ეს პროცესი პოლიტიკურ შურისძიებაში გადაზარდოს. ჩვენი ორგანიზაცია ამ პროცესს აკვირდება და ყოველთვის გვექნება მკაცრი რეაქცია, თუკი რომელიმე საქმეზე პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნებს დავინახავთ. ახალი პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები სასამართლო პროცესებზე დააკვირდებიან, ირღვევა თუ არა ამ პირთა მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ასევე - რამდენად კანონიერად მოხდა მტკიცებულებების მოპოვება მსგავს საქმეებზე წინასწარი გამოძიების დროს და სისხლის სამართლებრივ დევნას პოლიტიკური შურისძიების სახე ხომ არ ჰქონდა. 

-რამდენად გამჭვირვალეა ეს პროცესი? 

- ჯერჯერობით, შეიძლება ითქვას, რომ პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს. წინა ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, ამჟამად გამჭვირვალობის უფრო მაღალი ხარისხია, რადგან მაგალითად, მთელ რიგ საქმეებს არ ადევს გრიფი „საიდუმლო“, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. თუმცა, ხარვეზები, მაინც არის. ვფიქრობ, რომ ზოგჯერ გამოძიება საქმეების მოკვლევისა და მაღალჩინოსნების დაკავებისას ჩქარობს ხოლმე. მაგალითად, მიმაჩნია, რომ ყოფილი განათლებისა და იუსტიციის მინისტრის, ნიკა გვარამიას დაკავების აუცილებლობა არ იყო. სხვა საქმეებზეც შეინიშნება სიჩქარე - გამოძიება შუა ნაწილშიც კი არ არის ხოლმე მისული და ადამიანებს ჯერ მოწმის სტატუსით კითხავენ და იმ დღესვე აკავებენ. პირი როცა გამოძიებასთან თანამშრომლობს, პატიოსნად ცხადდება დაკითხვაზე მოწმის სახით, არ არის აუცილებლობა, რომ ის იმ დღესვე დააპატიმრო. 

უნდა ითქვას, რომ მაღალჩინოსანთა დაკავებებისას ზოგჯერ იკვეთება სამართალდამცავი ორგანოების ძველი ხელწერა და წინა ხელისუფლების მსგავსად, ახლაც იყენებენ პიარის ელემენტებს. ვგულისხმობ იმას, რომ კვლავაც ეგზავნება ხოლმე მედიას ესა თუ ის ფარული მიყურადების ჩანაწერი, სხვადასხვა გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს პიარისთვის კეთდება და არა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. შეგვიძლია გავიხსენოთ ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, როცა საგამოძიებო  ორგანოებმა მედიაში გააგზავნეს ფარული ჩანაწერები, სადაც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები ფიგურირებდნენ. თითქოსდა ამ ჩანაწერების გავრცელების მიზანი იყო ის, რომ საზოგადოება დაერწმუნებინათ ამ საქმეში მეგის ქარდავას მონაწილეობაში, მაგრამ ამ ვიდეოკადრებში საერთოდ არ ჩანდა ეს პიროვნება და არ იკვეთებოდა მისი მონაწილეობა ამ საქმეში. ეს ვიდეოჩანაწერები მხოლოდ საზოგადოების ემოციებზე ზემოქმედებისთვის იყო გათვლილი. სასურველია, რომ ამ ტიპის პიარის ელემენტები საგამოძიებო ორგანოებმა აღარ გამოიყენონ. 

-დღეს ბევრი ამბობს რომ ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ პოლიტიკური ამნისტია უნდა მოხდეს, თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით? 

- ამ საკითხთან დაკავშირებით ცალსახა მიდგომა არ ივარგებს. თუ საქმე ეხება ნაკლებად მძიმე დანაშაულს და საქმე გვაქვს სისტემის მსხვერპლ მოქალაქეებზე, რომლებსაც სახელმწიფო სამსახურში არც თუ ისე მაღალი თანამდებობები ეკავათ და უკანონო დავალებებს ზემდგომებისგან იღებდნენ, შესაძლოა, მართლაც გამოცხადდეს ამგვარ პირებზე პოლიტიკური ამნისტია. რაც შეეხება მძიმე დანაშაულებს, ისეთი როგორიცაა - ადამიანის წამება, არაადამიანური მოპყრობა, ელიტური კორუფცია, ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის საქმეები უნდა გამოიძიონ და ყველა მონაწილე პირი უნდა მისცენ პასუხისგებაში. 

-ერთ-ერთი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე განაჩენი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უნდა გამოიტანოს. თქვენ რას ფიქრობთ ამ ინიციატივაზე? გახდის ეს პროცესს უფრო გამჭვირვალეს? 

- ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმეების განხილვა, ხელს უწყობს საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების ნაფიც მსაჯულთა მიერ განხილვას, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამ ინიციატივას და ვფიქრობთ, რომ ეს პროცესის გამჭვირვალობას და მასში საზოგადოების ჩართულობას შეუწყობს ხელს. თუმცა, მიგვაჩნია, რომ ბრალდებულ მაღალჩინოსნებს, უნდა ჰქონდეთ არჩევანის უფლება და თავად უნდა აირჩიონ, მათი საქმეები ნაფიც მსჯულებმა განიხილონ, თუ პროფესიონალმა მოსამართლეებმა. 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: Fatma
2013-11-18 01:08
You can always tell an expert! Thanks for counribtting.
სახელი: Xiiao
2013-03-19 15:34
Kewl you suhold come up with that. Excellent!
სახელი: Janesa
2013-03-12 19:23
BS low - rationality high! Really good asnewr!
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC