კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლის სარწყავი სისტემები შესაძლოა მიმდინარე წელსვე აღდგეს

19 თებერვალი, 2013

ლევან სეფისკერაძე

ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე ქართული სოფლებიდან, ახალგორის მიმდებარე კასპის რაიონის სოფლები კონფლიქტის ზონასთან მოსაზღვრე სივრცეში ოთხი წლის წინ, აგვისტოს ომის შემდეგ  მოექცნენ. ადგილობრივებს სოციალური პრობლემები ადრეც არ აკლდათ, მაგრამ, ომის შემდეგ, მათთვის მტკივნეულ პრობლემათა შორის, უმთავრესი სარწყავი წყლის არქონა და უგზობა გახდა. ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ადგილობრივებს იმედი გაუჩნდათ, რომ მათ სოფლებში არსებული სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემა შესაძლებელია წელსვე მოგვარდეს.

გოგი ესაშვილი, თეძამის ხეობის მკვიდრი: „ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ ახალი ხელისუფლება აპირებს მოკლე ხანში ჩვენი სარწყავები აღადგინოს, რასაც რა თქმა უნდა ყველანი მივესალმებით. ადრე რატომღაც მხოლოდ დიდი ლიახვის ხეობის არხზე იყო ლაპარაკი. არადა, შიდა ქართლში, ცხინვალის რეგიონის გამოყოლებაზე კასპიდან ქარელამდე, ხუთი არხი მაინც იყო. ამჟამად კი, მხოლოდ ერთი არხი – ნიქოზის პატარა სარწყავიღა ფუნქციონირებს და ისიც მარტო ორ  სოფელს ყოფნის.  პრობლემა მთელს ქართლს აწუხებს და განსაკუთრებით  იმ სოფლებს, რომლებიც ტირიფონას არხზე იყვნენ დამოკიდებულნი. ტირიფონას არხი ადრე ყველაზე დიდი არხი იყო და ქართლის ლამის სამ რაიონს აკმაყოფლებდა.“

ბოლო წლების მანძილზე არ ფუნქციონირებს შიდა ქართლის ერთ–ერთი მთავარი სარწყავი სისტემა, ე.წ. ტირიფონის არხი. ეს საინჟინრო სარწყავი სისტემა შიდა ქართლში ტირიფონის ვაკეზე მდებარეობს. იწყება ქალაქ ცხინვალის სამხრეთით მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა ნაპირზე. მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაკვეთს მდინარეებს პატარა ლიახვს, აძურას, ჭარებულას და მთავრდება სოფელ პატარა ხურვალეთის მახლობლად მდინარე კირბალულასთან. არხის სიგრძე 42 კილომეტრია.

რეგიონისათვის ასევე მნიშვნელოვან სარწყავ სისტემას წარმოადგენდა თეზი- ოკამის სარწყავი არხი, რომელიც ჯერ კიდევ 1956 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და 4 ტერიტორიულ ორგანოს: ოკამის, სამთავისის, ლამისყანის და აღაიანის 10  სოფლის (დაახლოებით 3 ათასი ოჯახი) სარწყავი წყლით ამარაგებდა.  2010 წლის ივნისში, რუსმა ოკუპანტებმა თვითნებურად გადაკეტეს არხი და 10 სოფლის მოსახლეობა აუცილებელი მორწყვის პერიოდში, წყლის გარეშე დატოვეს. საქართველოს წინა ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად ეს  არხი დღემდე გადაკეტილია.

არხი,  სათავეს ოკუპანტების მიერ კონტროლირებადი ახალგორის რაიონის, სოფელ ახმაჯში - მდინარე ქსნიდან  იღებს და თვითდინებით მოედინებოდა. სარწყავი არხის პარალიზებამ, ადგილობრივი მოსახლეობა ეკონომიური  კრიზისის პირობებში ჩააყენა.

პრობლემის  მოსაგვარებლად  ალტერნატიური გზა გამოინახა - სოფელ თვაურებში სატუმბი სადგურის მოწყობა გახდა საჭირო. სატუმბი სადგური მდინარე ქსნის ნაპირზე აშენდა, ხოლო დებეტის სიმძლავრისათვის 1,5 კილომეტრის სიგრძეზე, ორ მწკრივად 700 მმ დიამეტრის მილი ჩალაგდა, რომლითაც  წყალი სატუმბი  სადგურიდან სარწყავ არხს მიაწოდება.

 ამ გზით, პრობლემა 2 ტერიტორიულ ორგანოში მეტ–ნაკლებად მოგვარდა. თუმცა, დარჩენილი  2 სოფლის თემი დღეს კვლავ სარწყავის გარეშეა დარჩენილი.

ზაზა ჭინჭარაული, სოფელ აღაიანის მკვიდრი: „ წინა ხელისუფლების დროს გარკვეული სამუშაოები მართლა ჩატარდა წყლის პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ, ეს ნამდვილად არ იყო საკმარისი. ბევრი სოფელი დღესაც წყლის გარეშეა დარჩენილი და ხალხი იმედით შევყურებთ ხელისუფლებას, რომ როცა იქნება, ჩვენთვისაც მოიცლიან. ქართლის დიდი ნაწილი საწრყავის გარეშე 2–3 წელიწადში ხრიოკი ხდება. ქართლი სამეგრელო და იმერეთი არ არის, რომ სარწყავის გარეშე მოსავალის მოყვანა შევძლოთ.“

2 წლის წინ, კასპის რაიონის სოფელ გამდლისწყაროს სიახლოვეს გამავალმა ავტობანმა მოსახლეობის ნაკვეთები, მისასვლელი გზები და სარწყავი არხი შეიწირა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არსებულ სარწყავ არხს და მისასვლელ გზას მაშინ თვითნებურად გაკეთებულად მიიჩნევვდა და მოხდა ისე, რომ  ეს სოფელი დღემდე სარწყავის გარეშეა დარჩენილი . თუკი შიდა ქართლში არსებული ძველი სარწყავი სისტემები შეკეთდა ან თავიდან აშენდა, გამდლისწყაროს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეწოდება წყალი, თუკი წყლის მილები ავტობანის ქვეშ ჩაიყარება, რაც საკმაოდ რთული საინჟირნო სამუშაო იქნება.

ბოლო წლებში, ძველი სარწყავი სისტემებიდან  ერთადერთი –  ნიქოზის სარწყავი არხი აღდგა და გაკეთდა. ეს პროექტი 2010 წელს ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოები კი ეუთომ ჩაატარა.  ნიქოზში ამჟამად არსებულ სატუმბ სადგურზე სარწყავი წყლის  3–კილომეტრიანი მაგისტრალიც ფუნქციონირებს. ნიქოზის კაშხალზე დამონტაჟდა დამატებითი, მეშვიდე სატუმბი, რომლითაც ლიახვიდან წყალი სალთვისის არხს გადაეცემა და ამ სატუმბის საშუალებით დამატებით 3 000 ჰექტარი მიწის ფართობი მორწყვა იყო ნავარაუდევი. თუმცა, ამ ეტაპზე, აღნიშნული სარწყავი სისტემა ბევრად მცირე არეალს მოიცავს.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიამ საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში  ახალი 3 მლნ 600 ათასი ლარის ღირებულების სამელიორაციო ტექნიკა შეიძინა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს ქვეყანაში საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების ფუნქციონირების გაუმჯობესება წარმოადგენს. ქვეყნის მასშტაბით რწყვის პერიოდისთვის სრულად აღდგენილი იქნება 50-მდე სარწყავი არხი. სარეაბილიტაციო სამუშაოები სარწყავი სეზონის დაწყებამდე დასრულდება, რაც მომავალი წლის მოსავლიანობის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად არხების აღდგენა მიმდინარეობს მარნეულის, გარდაბნის, ქარელის, კასპისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში.  აგრეთვე, დასრულებულია 15 მაგისტრალური სარწყავი არხის რეაბილიტაციის პროექტირება. შედეგად, 2013 წელს სულ 70 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა გასარწყავდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 200-მდე სპეციალისტია დასაქმებული.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, საქართველოში საირიგაციო სისტემების  კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები  ოცდაათი წელია არ ჩატარებულა. შედეგად მწყობრიდან გამოსულია სარწყავი არხები, რაც უარყოფითად აისახება მოსავლიანობაზე და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს არაეფექტიანს ხდის. სარწყავი არხის სამუშაოები, რომელიც   რამდენიმე თვის წინ დაიწყო, შესაძლებელია უახლოეს მომავალში დასრულდეს.

ახალი ამბები