კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჰაკერის წინააღმდეგ აღძრული საქმე ქართველ პოლიტიკოსთა თანმიმდევრულობას ეჭვქვეშ აყენებს?!

19 თებერვალი, 2013

მოლი კორსო, www.eurasianet.org

ბოლო თვეებში, საქართველოში არ წყდება პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის კრტიტიკა, რომელიც თავისი ყოფილი მოწინააღმდეგეების სამართლებრივი დევნის დროს თითქოს არა იმდენად მტკიცებულებებით ხელმძღვანელობს, რამდენადაც პოლიტიკური მოსაზრებებით. 19 წლის პროგრამისტის, ვასილ ჯამალაშვილის საქმე, ამგვარი კრიტიკის წყაროს ილუსტრირებისთვის გამოდგება.

საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელ ვასილ ჯამალაშვილს, ბრალად ედება ვირუსული პროგრამის შექმნა, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ თითქოს ივანიშვილის და მისი კოალიცია „ქართული ოცნების“ თვალთვალისთვის გამოიყენეს. იმ შემთხვევაში, თუკი მას დამნაშავედ ცნობენ უკანონო თვალთვალსა და მოსმენაში, ახალგაზრდას 8-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

გასული წლის ნოემბერში, ვასილ ჯამალაშვილმა აღიარა, რომ მონაწილეობდა სამინისტროსთვის ვირუსული პროგრამის შექმნაში, რომელსაც გააქტიურების შემთხვევაში გარკვეულ კომპიუტერებში მიკროფონების და ვიდეოკამერების ჩართვა შეუძლია. გარდა ამისა, ის კლავიატურიდან შეყვანილი ინფორმაციის ჩაწერის და დოკუმენტების გახსნის შესაძლებლობას იძლევა. ვასილ ჯამალაშვილის თქმით, ის დარწმუნებული იყო, რომ კომპიუტერები, რომელშიც ამ პროგრამას ჩატვირთავდნენ, რუსეთში იყო.

პროკურატურის ვერსიით, შედეგად, ყველა კომპიუტერი, რომელიც ჯამალაშვილის პროგრამით დავირუსდა (Apple Macintosh-იც და IBM PC-იც), ან ბიძინა ივანიშვილთან, მათ შორის მისი თბილისის რეზიდენციის ტექნიკასთან, ან ივანიშვილის კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ იყო დაკავშირებული. „ქართული ოცნება“ იმ დროს ოპოზიციური მოძრაობა იყო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ („ნაცმოძრაობა“) პარლამენტის გაკონტროლებაში ეცილებოდა.

ადვოკატ გიორგი ფოფხაძის მტკიცებით, მის კლიენტს ვირუსული პროგრამის შექმნა აიძულა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და მისმა მოადგილე ვაჟა ლილუაშვილმა. „მათ უთხრეს ბავშვს [ჯამალაშვილს], რომ რუსები მოდიან, და „თუკი ჩვენ მათ არ შევაჩერებთ, თუკი ამას არ გავაკეთებთ“,… [ამას შედეგები მოჰყვება]“, – აცხადებს ადვოკატი.

ბაჩო ახალაია, რომელიც ამჟამად პატიმარია და სასამართლო პროცესს ელოდება (მას ბრალი ედება წამებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში), იმ პირთა სათავეშია, რომელთა საქმეებსაც პროკურატურა იძიებს, ავლენს რა წარსული სამართალდარღვევების ფაქტებს სააკაშვილის უახლოესი პოლიტიკური მოკავშირეების მხრიდან. ჯამალაშვილის, და კიდევ ათობით ადამიანის წინააღმდეგ ბრალდებები ბაჩო ახალაიას დაპატიმრებიდან რამდენიმე კვირაში გაჟღერდა.

მოზარდი ერთადერთი ეჭვმიტანილია, რომელმაც აღიარა, რომ აღნიშნული ვირუსის შექმნაზე მუშაობდა. თუმცა, როგორც ჩანს, გამოძიების დაწყებიდან სამი თვის თავზე, ამ საქმესთან დაკავშირებით უფრო მეტი შეკითხვა არსებობს, ვიდრე პასუხი.

იანვარში, EurasiaNet.org-ს ადვოკატმა ფოფხაძემ უამბო, რომ ვასილ ჯამალაშვილი ძველ სამუშაოზე დაბრუნებასთან დაკავშირებით შსს-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. სამინისტრომ ადვოკატის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა, და მიზეზად აღნიშნულ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობა დაასახელა. შემდეგ ფოფხაძემაც უარი თქვა ინტერვიუზე. შესაბამისად, ჯამალაშვილიც, რომელიც იანვარში, ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ ყდაზე მოხვდა, როგორც ერთ-ერთი საქართველოს „2012 წლის ადამიანებს“ შორის, დღეს ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს. როდესაც EurasiaNet.org-მა მას ინტერვიუ პირველად სთხოვა, მან უარი თქვა, მეორე ჯერზე საერთოდ გაქრა.

არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება დააბრუნოს პროგრამისტი თავის ძველ პოზიციაზე, იმ დროს როდესაც ამ ადამიანის წინააღმდეგ ჰაკერული თავდასხმის ფაქტზე დღევანდელი პრემიერის და მისი მმართველი კოალიციის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, სისხლის სამართლის პროცესში გაუგებრობებს შექმნის. როგორც EurasiaNet.org-ს ამ საქმის ბრალმდებელმა მაია მწარიაშვილმა განუცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შშს ჯამალაშვილის სამსახურში დაბრუნებას ცდილობს. მის საქმეზე პროცესი 26 მაისს უნდა დაიწყოს, შესაბამისად, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, თქვა მან.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ფაქტების გადამოწმება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. არსებული ცნობებით, პროკურატურა ოფიციალურად ჯერ არ ჩამოყალიბებულა იმაზე, თუ რა ტიპის ვირუსული პროგრამა იყო გამოყენებული ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ კომპიუტერების წინააღმდეგ. EurasiaNet.org-ის არაერთი მიმართვის მიუხედავად, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ვირუსის შესახებ გამოცემას არანაირი დეტალი არ გაუმხილეს და არ აცნობეს მას იმ „უცხოელი ექსპერტების“ შესახებ, რომლებიც შარშან ზაფხულში კონსულტაციებზე მოიწვიეს მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს ივანიშვილის და მისი კოალიციის კომპიუტერებზე სავარაუდო შეტევის ფაქტი.

ყველაზე სიტყვაუხვი ამ ექსპერტებს შორის, კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტი, ამერიკელი პოლ ჯოიალია, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს ივანიშვილის შტაბის წარმომადგენელი, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული შეტევის მასშტაბი მასში ხელისუფლების მონაწილეობაზე მიუთითებს. „ეს მათ ძალუძთ, როგორც ორგანიზაციული, ასევე ფინანსური თვალსაზრისით“, – განაცხადა მან, გულისხმობდა რა „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდის შსს-ს.

თუმცა, მნიშვნელოვანი ელემენტი აღნიშნული ვირუსისა, კერძოდ კი პროგრამისა Dark Comet, არის ის, რომ ის დისტანცირებული ადმინისტრირების ინსტრუმენტია და ფინანსურად ბევრისთვის არის ხელმისაწვდომი. ბლოგ Malwarebytes-დან ცნობილი ხდება, რომ 2012 წელს პროგრამა Dark Comet-ის შეძენა ქსელში სულ რაღაც 25 ევროდ (33,41 დოლარი) შეიძლებოდა.

საქართველოში არსებულ კომპიუტერებზე ჰაკერული თავდასხმა განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს. Microsoft Corporation-ის შეფასებით, 2012 წელს, საქართველოში არსებული კომპიუტერების 89%, ძველებურად არალიცენზირებული პროგრამებით არის აღჭურვილი, რაც ხშირად უიოლებს ჰაკერებს კომპიუტერების გატეხვას.

ინტერნეტპროვაიდერ Caucasus Online-ის ყოფილი მფლობელის, მამია სანადირაძის მტკიცებით, „ნაცმოძრაობის“ მთავრობა ცნობილი იყო თავისი მოქალაქეების მოსმენებითა და მათ კომპიუტერებში შეღწევით. „ამ ქვეყანაში არა მხოლოდ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, არამედ ყველაფერი ირღვეოდა“, – ამტკიცებს სააკაშვილის კრიტიკოსი.

„თუმცა, სხვის საქმეებში ცხვირის ჩაყოფა, როგორც ჩანს, ივანიშვილის ხელისუფლებაშიც გრძელდება. „დიდი იმედი არსებობს, რომ ყველაფერი შეიცვლება, მაგრამ ჯერჯერობით ცვლილებები დიდი გაჭირვებით ხდება“.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი დავით დარჩიაშვილი უარყოფს იმ ფაქტს, თითქოს საქართველოს შსს ვირუსული პროგრამით თავს დაესხმებოდა ივანიშვილს და მის კოალიციას წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ნაციონალური მოძრაობა“ „არასდროს მსგავს დავალებას არ გასცემდა“, ამტკიცებს იგი.

როგორც ჩანს, საკანონმდებლო დონეზე საქართველოს მომხმარებლების დაცვა მსგავსი არასანქცირებული თავდასხმებისგან მათი თვალთვალის მიზნით, დღესდღეობით არ შედის არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ კანონშემოქმედებით პრიორიტეტებში. კომპიუტერულ უსაფრთხოებაზე 2012 წლის კანონის რეალიზაციისთვის, კვლავ დამატებითი საკანონმდებლო აქტების მიღებაა საჭირო.

თარგმანი:  www.foreignpress.ge

ახალი ამბები