კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რაში ხარჯავენ საკრებულოს წევრები ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს

20 თებერვალი, 2013

ნინო მშვიდობაძე, გურია

კანონის მიხედვით, საკრებულოს წევრების შრომა ანაზღაურებადი არაა. ანაზღაურებადია მხოლოდ  საკრებულოს თავმჯდომარის,  თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის თავმჯდომარის და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის საქმიანობა. მიუხედავად ამისა, საკრებულოს გადაწყვეტილებით,  იმ წევრებს, რომლებსაც კანონის მიხედვით ხელფასი არ ეძლევათ, ყოველ თვიურად 500-500 ლარი ერიცხებათ.

საკრებულოს აპარატში გვითხრეს, რომ ამ თანხას დეპუტატები თავიანთი უფლებამოსილების განსახორციელებლად,  საკრებულოს სხდომებში მონაწილეობის მისაღებად, თავმჯდომარის და მისი მოადგილის დავალებების შესასრულებლად და ამომრჩევლებთან შეხვედრების მოსაწყობად  იღებენ. როგორც აპარატის უფროსმა ნინო ძიძიგურმა გვითხრა, ეს წესი არ ვრცელდება საკრებულოს თავმჯდომარეზე, მის მოადგილეზე.

ჩვენ განცხადებით მივმართეთ საკრებულოს თავმჯდომარეს და მოვითხოვეთ წარმოედგინა თითოეული დეპუტატის ხარჯების ანგარიშები, იმის დასადგენად, თუ რაში ხარჯავენ საკრებულოს წევრები თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებისთვის გამოყოფილ თანხას.

საკრებულოს თავმჯდომარისგან მიღებული პასუხით, ირკვევა, რომ მსგავსი სახის ანგარიში ლანჩხუთის საკრებულოს  არ აქვს. თავმჯდომარემ თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით სიტყვიერი განმარტება მოგვცა:

 „უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა საკრებულოს წევრებს ეძლევათ საკრებულოს სხდომებში მონაწილეობის მიღებისთვის, ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის. ეს არ არის ხელფასი, ეს არის ხარჯი უფლებამოსილების განხორციელებისთვის. ამ დეპუტატებს, როგორც იცით, ხელფასი არ ერიცხებათ და გამოდის, რომ თუკი ამგვარ თანხებს არ გავცემთ, სხდომებზე მოსასვლელად მათ საკუთარი ჯიბის ფულის დახარჯვა მოუწევთ. ეს პრობლემა ადგილობრივმა ბიუჯეტმა უნდა მოაგვაროს, ჩვენც ამიტომ დავაწესეთ თანხის ზღვრული ოდენობა და ამ დეპუტატებს უფლებამოსილების განსახორციელებლად ყოველთვიურად 500-500 ლარს ვურიცხავთ “.  - აღნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე,  ამირან გიგინეიშვილი.

რაც შეეხება ხარჯების ანგარიშგებას, გიგინეიშვილის თქმით, ამგვარი ანგარიშგების წარმოდგენა, წინა მოწვევის საკრებულოს პრაქტიკაში დანერგილი არ იყო.

რამდენად კანონიერია ის, რომ დეპუტატები არ წარმოადგენენ უფლებამოსილებისთვის განსახორციელებელი ხარჯების ანგარიშს? რატომ არ უნდა ვიცოდეთ რაში ხარჯავენ ჩვენ მიერ არჩეული პირები ყოველთვიურად ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას? ან რატომ უნდა იღებდეს დავუშვათ აცანის მაჟორიტარი (რომელიც ცენტრიდან საკმაოდ მოშორებულია) და გვიმბალაურის მაჟორიტარი (რომელიც სამი კილომეტრითაა დაშორებული ცენტრს) ერთნაირად 500–500 ლარს? ამ კითხვებით მივმართეთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გურიის რეგიონული ფილიალის ხელმძღვანელს, თამაზ ტრაპაიძეს:

„როგროც იცით, რამდენიმე თანამდებობის პირის გარდა, საკრებულოს სხვა წევრების საქმიანობა, კანონის მიხედვით, არაანაზრაურებადია.  ახალარჩეული საკრებულოს შეკრებისას, სამწუხაროდ, ხშირად გაისმოდა საკრებულოს წევრთაგან (განსაკუთრებით მაჟორიტარი დეპუტატებისგან)  კითხვა: ჩვენ რა, ხელფასები არ გვეკუთვნის?

როგორც ჩანს, დეპუტატები ჯერ კიდევ კანდიდატობის პერიოდში არ იცნობდნენ კანონს და ისე იყრიდნენ კენჭს. საბოლოოდ,  საკრებულოს წევრთა აქტიურობამ შედეგი გამოიღო და გარკვეული სახის ფინანსური უზრუნველყოფა მათაც მიიღეს, რომელსაც ეწოდა  „საკრებულოს წევრის უფლებამოსლების განხორციელების ხარჯი“.  აღნიშნული თანხის ოდენობაც საკრებულომ განსაზღვრა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე:  რატომ, მაგ. 500 ლარი და არა უფრო მეტი ან ნაკლები,  ანუ აღნიშნულ დადგენილებას თვითმმართველობათა უმრავლესობაში არ გააჩნდა შესაბამისი განმარტებითი ბარათი (კანონით იგი აუცილებელია და ყველა ნორმატიულ აქტს უნდა ახლდეს),  სადაც დასაბუთებული იქნებოდა თავის დროზე ამ თანხის განსაზღვრის მოტივაცია.

რაც შეეხება ანგარიშგებას - უფლებამოსილების განხორციელების ხარჯი  არ წარმოადგენს ხელფასს, რომელიც პირს შეუძლია  განკარგოს სურვილისამებრ, ნებისმიერი საჭიროებისთვის. ეს თანხა უნდა მოხმარდეს მხოლოდ საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებას. შესაბამისად, საკრებულოს წევრებმა უნდა აწარმოონ ანგარიშგება, რომლის წესიც უნდა შეიმუშაოს საკრებულომ. ამ ანგარიშში უნდა გამოიკვეთოს კონკრეტულ ღონისძიებაზე გახარჯული თანხის ოდენობა. ამასთან, ანგარიში, როგორც შინაარსობრივი ისე ფინანსური, არის საჯარო და დაინტერსების შემთხვევაში, ნებისმიერ პირს უნდა მიეწოდოს იგი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით” - განმარტავს ტრაპაიძე.

მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არ ვიცით შემოიღებს თუ არა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ანგარიშგების წარმოდგენის წესს. სამაგიეროდ, ვიცით, რომ გარდა უფლებამოსილებისთვის გათვალისწინებული ხარჯისა (500 ლარი), ლანჩხუთელ დეპუტატებს ყოველთვიურად ეძლევათ მონო-ბარათებიც:

საკრებულოს თავმჯდომარეს - 80 ლარის; თავმჯდომარის მოადგილეს - 60 ლარის, ხოლო დანარჩენ წევრებს 40-40 ლარის ოდენობით.

ახალი ამბები