კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაჩო ახალაიას სასამართლო დარბაზში ტაშით შეხვდნენ

21 თებერვალი, 2013

სალომე აჩბა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძის, ზურაბ შამათავასა და მათთან ერთად ბრალდებული ხუთი პირის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებს ბრალი განუმარტეს და მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილეს.

სასამართლო პროცესი 45 წუთის დაგვიანებით, სასამართლოს ყველაზე დიდ, 150-კაციან დარბაზში ჩატარდა. თუმცა, პროცესზე დასწრების მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ ისინი ვერც 150-კაციანმა დარბაზმა დაიტია და მათი დიდი ნაწილი დარბაზს მიღმა დარჩა. სასამართლოს შენობასთან, შესაძლო ექსცესების თავიდან აცილების მიზნით,  პატრულიც იყო მობილიზებული.

ბაჩო ახალაიას, რომელიც სხვადასხვა დროს იყო სასჯელაღსრულების, თავდაცვისა და შს მინისტრი, ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, პირისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და წამების ორგანიზებაში ედება. როგორც მოსამართლე ეკა არეშიძემ განმარტა, ამჟამინდელი კანონმდებლობის მიხედვით, ამ საქმეზე სასჯელის ნაწილობრივ, ან სრულად შეკრებითობის პრინციპი იმოქმედებს. სრულად შეკრების შემთხვევაში, შეიკრება ყველა დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ამასთანავე სასჯელის სახით პატიმრობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს. ნაწილობრივ შეკრების შემთხვევაში კი, ყველაზე მკაცრ სასჯელს დამეტება ყველაზე ნაკლებად მკაცრი სასჯელის არანაკლებ ნახევარი.

ამავე საქმეზე ბრალი კიდევ 6 პიროვნებას: გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს,  გიორგი კალანდაძეს, სასჯელაღსრულების უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს, გაგა მკურნალიძეს,  მე–4 ბრიგადის ყოფილ მეთაურს, ზურაბ შამათავას,  ალექსანდრე გიორგაძეს,  მანუჩარ დარასელიას, გიორგი კინწურაშვილს და მერაბ კიკაბიძეს აქვთ წაყენებული. მათგან კალანდაძეს და გიორგაძეს სასმსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ედება ბრალი. მკურნალაძეს, დარასელიას და კინწურაშვილს,  მხოლოდ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში. შამათავას კი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. რაც შეეხება მერაბ კიკნაძეს, მას ბრალი პირისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის და წამების დახმარებისთვის აქვს წაყენებული.  ბრალდებულთაგან არც ერთი ბრალს არ აღიარებს. ბრალდების მხარის განმარტებით, არც ერთ საქმეზე პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესს ბრალდებულთა ნათესავები და ახლობლები, ნაციონალური მოძრაობის ცნობილი სახეები: ჩიორა თაქთაქიშვილი, ეკა ხერხეულიძე, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი და სხვა დაინტერესებული პიები ესწრებოდნენ. დამსწრეთა ნაწილი ბრალდებულ ახალაიას დარბაზში შესვლას ტაშით შეხვდა.

მოსამართლემ საზოგადოების დიდი ინტერესის გამო ტელეკომპანიებს პროცესის პირველი ხუთი წუთის გადაღების უფლება მისცა. დაცვის მხარის  შუამდგომლობა, რომ ტელეკომპანიებს მთლიანი პროცესის ტრანსლაცია გადაეცათ, მოსამართლემ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დაცვის მხარეს პროცესის აუდიოჩაწერის უფლება მისცა.

„ვინაიდან ეს საქმე, ბრალდებულების სურვილის შემთხვევაში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს, პროცესის პირდაპირმა ტელეტრანსლირებამ, შესაძლოა, საზოგადოებას გარკვეული წინასწარი განწყობები ჩამოუყალიბოს. ამიტომ, ამ ეტაპზე შუამდგომლობას სრულად არ ვაკმაყოფილებ და დაცვის მხარეს მხოლოდ აუდიოჩანაწერის წარმოების უფლება მიეცემა“, - განაცხადა მოსამართლე ეკა არეშიძემ.

სასამართლო პროცესზე მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობაც დააკმაყოფილა. პროკურატურამ ამ შუამდგომლობით, იმ პირების დარბაზიდან გაყვანა მოითხოვა, რომლებიც შესაძლოა, მოწმის სახით დაიკითხონ. პროკურატურის დასაბუთებით, პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვას, შესაძლოა, გარკვეული ზეგავლენა მოეხდინა სავარაუდო მოწმეების ჩვენებებზე. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე შუამდგომლობას არ დაეთანხმა, მოსამართლემ ის მაინც დააკმაყოფილა და შედეგად, იმ პირებს, რომლებიც სავარაუდოდ მოწმის სახით დაიკითხებიან, სასამართლო დარბაზის დატოვება მოუწიათ.

ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებიც აკვირდებიან. ცენტრის იურისტის, თამარ ბარსონიძის შეფასებით, ბაჩო ახალაიას და კიდევ 6 ყოფილი მაღალჩინოსნის წინასასამართლო პროცესზე რაიმე განსაკუთრებული დარღვევა არ დაფიქსირებულა: „უშუალოდ პროცესის მიმდინარეობისას, რაიმე სახის არსებითი დარღვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა,  მიმაჩნია, რომ  სასამართლო სხდომის საჯაროობის პრინციპთან დაკავშირებით, იყო გარკვეული პრობლემა: ბაჩანა ახალაიას საქმის  წინასასამართლო სხდომის შესახებ ინფორმაცია არ იყო განთავსებული არც თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზე და არც სასამართლოს შენობაში არსებულ საინფორმაციო ეკრანზე, სადაც მითითებულია ხოლმე დღის განმავლობაში ჩანიშნული ყველა საქმის განხილვის ზუსტი დრო, მოსამართლის ვინაობა და დარბაზის ნომერი. ამ საკითხზე კითხვით სასამართლოს საინფორმაციო ცენტრსაც მივმართეთ. მათ გვითხრეს, რომ ამ პრობლემაზე ინფორმირებულები არ იყვნენ და არ იცოდნენ, რატომ არ იყო აღნიშნული ინფორმაცია წინასწარ გავრცელებული“.

ახალი ამბები