კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩანაცვლება პოლიტიკური ნიშნით

25 თებერვალი, 2013

ნათია დანელიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კახეთში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან 679 საჯარო მოსამსახურე გაათავისუფლეს. მუნიციპალიტეტებში ხელმძღვანელი პირების შეცვლის პროცესი არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყო.

თანამდებობებიდან ერთმანეთის მიყოლებით გადადგნენ გამგებლები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები იყვნენ. ვაკანტურ ადგილებზე გამგებლის მოვალეობის შემსრულებლებად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაინიშნენ. პირველი პირების შეცვლის შემდეგ მასობრივი საკადრო ცვლილებები ქვედა რგოლებს შეეხო. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა არაერთი ფაქტი დააფიქსირა, როცა საჯარო მოსამსახურეებს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები ზეწოლის შედეგად დააწერინეს და კანონის დარღვევით გაათავისუფლეს.

„დაუწერელი კანონი“

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ ხუცაიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება 2012 წლის 7 ნოემბერს დაწერა. „ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინირებულად მუშაობის გარეშე არაფერი გამოვა. ბიუჯეტთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს. ახალ ხელისუფლებას სურვილი აქვს, რომ გამგებლად თავისი კადრი დანიშნოს“, – განუცხადა ნუგზარ ხუცაიძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების გარეშე, 12 ნოემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად „ქართული ოცნების“ თელავის შტაბის უფროსი ზურაბ ყურაშვილი დაინიშნა.
„გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად იმიტომ დავნიშნეთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რომ დარღვეული იყო კომუნიკაცია მუნიციპალიტეტსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. მუნიციპალიტეტს პრობლემები შეექმნა ტრანსფერებთან დაკავშირებით. ყურაშვილი ამ კომუნიკაციის აღდგენაზე იმუშავებს“, – განმარტა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დიმიტრი ბოჭოიძემ. 

10 ნოემბერს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის ყველა თანამშრომელს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ უთარიღო განცხადებები დააწერინეს.

„დაუწერელი კანონია. როცა იცვლება ხელმძღვანელობა, ყველა წერს განცხადებას. არავითარი ზეწოლა არ ყოფილა არავისზე, თანამშრომლები შემეკითხნენ კიდეც, განცხადებებზე თვე და რიცხვი მივუთითოთ თუ არაო. მე არ მინახავს არცერთი განცხადება და არც ვაქცევ ყურადღებას თარიღი აქვს თუ არა. ძალიან გაბერილია შტატები და შემცირებას ვაპირებ“, - განუცხადა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ყურაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
http://www.youtube.com/watch?v=aujGqPy-54c

ოფიციალური მონაცემებით, 2012 წლის 01 ნოემბრიდან 2013 წლის 3 იანვრის ჩათვლით, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან პირადი განცხადების საფუძველზე 25 საჯარო მოსამსახურე გაათავისუფლეს.

საქართველოს შრომის კოდექსით, იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული თავად არის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ინიციატორი, მას არ ეძლევა შრომის კოდექსის 38–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული კომპენსაცია, ერთი თვის ხელფასის ოდენობით. პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა კომპენსაცია ვერ მიიღეს, გარდა იაშარ უსუპოვისა.

„გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მთავარ სპეციალისტად ვმუშაობდი. სამსახურიდან გათავისუფლებაზე განცხადების დაწერა, გამგებლის დავალებით, აპარატის უფროსმა მედეა კეკელიამ მოგვთხოვა. 21 ნოემბერს, მე გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე დავწერე განცხადება და ერთი თვით კუთვნილ შვებულებაში გასვლა ვითხოვე. გამგებელმა შვებულებაში გასვლაზე უარი მითხრა და შრომითი ხელშეკრულება შემიწყვიტა. ხელშეკრულება 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მქონდა. ამიტომ, ერთი თვის კომპენსაცია მომცეს“, – აღნიშნა იაშარ უსუპოვმა.

4 იანვარს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება კიდევ 30 თანამშრომელს დააწერინეს. სოფელ კურდღელაურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანაშემწე რევაზ ლობჟანიძე განცხადებაში წერს: „ბატონო ზურაბ, თქვენი მოთხოვნის საფუძველზე, გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან“. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა 30–ვე განცხადება დააკმაყოფილა.

21 იანვარს, შტატების შემცირების მიზეზით, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ყურაშვილმა, სამსახურიდან გაათავისუფლა გამგეობის იურიდიული სამსახურის სპეციალისტი ელენე ბერძენიშვილი, რომელიც იმ დროისთვის 4 თვის ორსული იყო.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 111–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მოხელე (ქალი) არ შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3  წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო“.

28 იანვარს, ელენე ბერძენიშვილმა განცხადებით მიმართა თელავის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს და სამსახურში აღდგენა მოითხოვა. მიმართვიდან 19 დღე გავიდა, ელენე ბერძენიშვილს გამგეობიდან პასუხი არ მიუღია.

2013 წლის 16 იანვარს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა წერილობით მიმართა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა შემდეგი საჯარო ინფორმაციის მოწოდება: 2012 წლის 10 ოქტომბრიდან წინამდებარე წერილის მიღებამდე გამგეობაში თანამდებობებზე დანიშნული პირების სია, ვინაობის, განათლების და სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის ჩათვლით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–40 მუხლი საჯარო დაწესებულებას საჯარო ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემას ავალდებულებს. კანონით დადგენილია მაქსიმუმ 10 დღიანი ვადაც, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია მნიშვნელოვანი მოცულობისაა, ერთმანეთთან დაუკავშირებელია და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან არის მოსაძიებელი. იმის მიუხედავად, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ გაცემას ექვემდებარებოდა და 10 დღიანი ვადაც არ სჭირდებოდა, საჯარო ინფორმაცია ჩვენ ერთი თვის გასვლის შემდეგაც ვერ მივიღეთ.

დაზუსტებული მონაცემებით, გამგეობაში საჯარო მოსამსახურეების დათხოვნის შედეგად ვაკანტურ ადგილებზე „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაინიშნენ და შტატების შემცირება არ მომხდარა. ნიშანდობლივია, რომ თელავის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტში, რომელიც 8 400 100 ლარს შეადგენს, გამგეობის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება 1 317 100 ლარით განისაზღვრა, რაც გასულ წელთან შედარებით, 331 500 ლარით მეტია. 2012 წელს, გამგეობის თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე 985 500 ლარი იყო გათვალისწინებული.

ზეწოლა საჯარო მოსამსახურეებზე

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილი და გამგებელი დავით მესხიშვილი თანამდებობებიდან 2012 წლის 19 ნოემბერს გადადგნენ. რესპუბლიკური პარტიის გურჯაანის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ზვიად ყვირალაშვილის განცხადებით, ზაქარია იაგანაშვილს არ ჰქონდა უფლება საკრებულოს თავმჯდომარედ მუშაობა გაეგრძელებინა, რადგან წინასაარჩევნოდ ის „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ღვინიაშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

ხანგრძლივი დაპირისპირების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარედ, არჩევნების შემდეგ საკრებულოში შექმნილი ფრაქციის „ქართული ოცნება – რესპუბლიკელების“ წევრი ავთანდილ ზარდიაშვილი, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად კი ასევე, „ქართული ოცნების“ წევრი აკაკი (ჯონი) ოსიაშვილი დაინიშნა.
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=gHGkn7ajiE4#

ოფიციალური ინფორმაციით, 2012 წლის 28 ნოემბრიდან 2013 წლის 14 იანვრის ჩათვლით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან 88 საჯარო მოსამსახურე გაათავისუფლეს.

რამდენიმე პირმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაუდასტურა, რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერა მათგან გამგებლის მოადგილედ დანიშნულმა „ქართული ოცნების“ წევრმა ზურაბ დანელიშვილმა მოითხოვა.

თენგიზ მენთეშაშვილი, მუკუზნის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებული: „გამგეობიდან დამირეკეს, შეხვედრა უნდათო. რომ მივედი იქ უკვე ისხდნენ გამგებლის მოადგილეები ყვირალაშვილი და დანელიშვილი, კოლაგის და გურჯაანის რწმუნებულებს ესაუბრებოდნენ. პოლიტიკური საკითხიაო, ახალი ხელისუფლება მოვიდა და ახალი ხალხი უნდა მოვიდესო. თქვენი მომავლისთვის და მომავალი პოლიტიკური საქმიანობისთვის ჯობია წახვიდეთო. თარიღის გარეშე დავწერე განცხადება. საუბრის დროს დანელიშვილი აქტიურობდა. ყველა იძულებული გახდა, რომ წასულიყო. როგორ გგონიათ, ყველას ერთ დღეს მოუნდა განცხადების დაწერა?“

ვლადიმერ მინდორაშვილი, კოლაგის ტერიტორიული ორგანოს ყოფილი რწმუნებული: „4–ჯერ თუ 5–ჯერ დამიბარეს. მითხრეს, რომ უნდა წავსულიყავი სამსახურიდან, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. დამირეკა აპარატის უფროსმა და მითხრა, რომ ჯონი ოსიაშვილთან, გამგებელთან უნდა მივსულიყავი. როცა მივედი ახლანდელი რწმუნებული იყო იქ, გიორგი პეტრიაშვილი, რომელიც „ოცნების“ აქტივისტი იყო და იმ პერიოდში არ მუშაობდა. ჯონი ოსიაშვილმა მითხრა, რომ უნდა წავსულიყავი. მერე თავის აქტივისტებთან, გამგებელთან და მოადგილეებთან იყო შეხვედრა. იქ დანელიშვილმაც თქვა, რომ უნდა წავსულიყავი. 12 იანვარს დავწერე უთარიღო განცხადება“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა, 6 თებერვალს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ზურაბ დანელიშვილის მხრიდან ერთ–ერთ საჯარო მოსამსახურეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ამსახველი ვიდეომასალის გადაღება მოახერხა.

ნინო კახაბერი ჭანდრის ტერიტორიულ ორგანოში 2007 წლიდან მუშაობს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ის კარდენახის 32–ე საარჩევნო უბანზე, კანონის დაცვით, საოლქო საარჩევნო კომისიიდან დანიშნული კომისიის წევრი იყო. ზურაბ დანელიშვილი აცხადებს, რომ ნინო კახაბერი პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა, რაც მისი თქმით, დარღვევაა.

ნინო კახაბერი, საჯარო მოსამსახურე – „დამიბარეთ და მოვედი. რატომ მიბარებთ, რატომ თავს არ დამანებებთ? 2007 წლიდან ვმუშაობ, „ნაციონალებში“ არც ნათესავი მყოლია, არც აქტივისტი ვყოფილვარ, მაგრამ დამასაქმეს. ახლა რადგან „ოცნების“ აქტივისტი არ ვარ...

ზურაბ დანელიშვილი, გამგებლის მოადგილე – არც ხართ და არც გვჭირდება, არც გვჭირდება.

ნინო კახაბერი – არც მინდა ბატონო...

ზურაბ დანელიშვილი – მითუმეტეს იმ ხერხებით, რასაც თქვენ ხართ მიჩვეული. ნამდვილად, ღმერთმა დაგვიფაროს მაგ ხერხებით ვიმოქმედოთ როდესმე.

ნინო კახაბერი – საჯარო სამსახურში პარტიული ნიშნით არ უნდა იყვანდეთ ხალხს.

ზურაბ დანელიშვილი – აი, მაგაზეა სწორედ ლაპარაკი, თქვენ სწორედ პარტიული ნიშნით, ასე მოქმედებდით.

ნინო კახაბერი – მე არ ვიყავი პარტიული ნიშნით აყვანილი, ეს თქვენი აზრია. გინდათ, რომ ასე თქვათ. დამისაბუთეთ, რომ როგორც საარჩევნო კომისიის წევრი რამე შეცდომას ვაკეთებდი.

ზურაბ დანელიშვილი – დასაბუთება ამ შემთხვევაში სულაც არ არის საჭირო. საჯარო მოსამსახურე როდესაც რაიმე საქციელს იდენს, მის საქციელს ორი მხარე გააჩნია, სამართლებრივი და მორალური. თქვენ რასაც აკეთებდით, სამართლებრივად კანონდარღვევა იყო, ამ საქციელს სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოსდევს, მაგრამ ამ საქმის გამომძიებელი არის შესაბამისი ორგანო. მან უნდა ამტკიცოს ამ სამართლებრივი ქმედების სისწორე თუ უსწორობა და ბრალი წაგიყენოთ მხოლოდ სასამართლოში“.

ზურაბ დანელიშვილი აცხადებს, რომ ის ამ ფორმით დაახლოებით 80–მდე თანამშრომელს ესაუბრა.
http://www.youtube.com/watch?v=cG9rUqvGvkI

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის მიხედვით, „სახელმწიფო მოსამსახურეს არ აქვს უფლება თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა გამოიყენოს პარტიული საქმიანობისთვის“.

ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი დეტალურად განსაზღვრავს პირის საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს (კანონის მე-10 თავი) და დაუშვებელია, ამ პროცესს ჰქონდეს კავშირი პირის პოლიტიკურ ან/და საარჩევნო საქმიანობასთან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს ეკა გიგაურს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გამგებლის მოადგილის მხრიდან შესაძლებელია, იყოს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებიც.

„სისხლის სამართლის კოდექსის“ 333-ე მუხლის თანახმად, დასჯადია საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია. ამ შემთხვევაში საჯარო მოსამსახურე დაქვემდებარებულ პირს სთხოვს განცხადების დაწერას გათავისუფლების შესახებ, რასაც ახორციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს გარეთ, რამდენადაც არ აქვს უფლება ასეთი მოთხოვნა წაუყენოს პირს მისი ნების საწინააღმდეგოდ. ამ ქმედებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გადაჭარბება ხდება. გარდა ამისა, როგორც სიუჟეტიდან იკვეთება, მოხელის მხრიდან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დაქვემდებარებული პირის მიმართ ხდებოდა დევნა სიტყვის, აზრის და მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რაც ასევე დასჯადია (სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილი)“, – აღნიშნავს ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა ლიდერმა მანანა კობახიძემ მედიის საშუალებით, რამდენჯერმე განაცხადა, რომ პოლიტიკური ნიშნით არ უნდა ხდებოდეს თანამშრომლების დანიშვნა და არც პარტიული ნიშნით მათი სამსახურიდან გათავისუფლება.

თვითმმართველობებში განვითარებულ მოვლენებს კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. 2012 წლის 12 ნოემბრის რეზოლუციაში „დემოკრატიის მომავალი აღმოსავლეთ სამეზობლოში“ ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე შეშფოთება გამოხატა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა 2013 წლის 28 იანვარს გამოაქვეყნა საქართველოს, როგორც წევრი ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის დოკუმენტი. აღნიშნულ დოკუმენტში ორი პუნქტი სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში განვითარებულ მოვლენებს ეხება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არჩევნების შემდგომ დაფიქსირდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩეული ადგილობრივი თანამდებობის პირების გადაყენების ან გადადგომის ფაქტები, რომელთა ნაწილიც ზეწოლის შედეგად განხორციელდა, რაც მიუღებელია დემოკრატიული საზოგადებისათვის. დოკუმენტში, ასევე,  ხაზგასმულია, რომ მიუხედავად იმისა, მართულია თუ არა აღნიშნული ტენდენცია ხელისუფლების მიერ, ხელისუფლებამ ვერ შეძლო აღნიშნული სამწუხარო პრაქტიკის შეჩერება.

ხელისუფლებას რეაგირება არ მოუხდენია საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლის ან მათი პოლიტიკურად მოტივირებული გათავისუფლების არცერთ ფაქტზე.

უკონკურსო დანიშვნები და ნათესავები თანამდებობებზე

საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ირაკლი კოტეტიშვილი აცხადებს, რომ პრაქტიკულად ნულამდეა დაყვანილი კონკურსების გზით თანამშრომელთა აყვანის პრაქტიკა და მაქსიმალურადაა გაზრდილი დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა, რაც თავის მხრივ, კონკურსს არ მოიცავს.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კახეთში კონკურსის შედეგად მხოლოდ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დაინიშნა. ლაგოდეხში გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე 126 განცხადება იყო რეგისტრირებული. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატის ვალერი ალიბეგაშვილის ვინაობა წინასწარ იყო ცნობილი.

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, (საჯარო სამსახურში) პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს კონკურსის შედეგების გათვალისწინებით…, გარდა 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. რას ითვალისწინებს 30-ე მუხლის პირველი პუნქტი? თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ: ა) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობაზე დასანიშნი ან ასარჩევი მოხელეები; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ ასარჩევი მოხელეები; გ) მინისტრის მოადგილეები, თანაშემწეები, მრჩევლები; დ) პირები, რომლებიც დანიშნული არიან თანამდებობის პირის (ორგანოს) უფლებამოსილების ვადით; ე) თანამდებობაზე დროებით შემცვლელები; ვ) დროებით მოვალეობის შემსრულებლები იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს.

ამავე მუხლის მიხედვით, მაღალი რანგის თანამდებობის პირი (დეპარტამენტის, სამმართველოს უფროსი და ა.შ.) დროებით მოვალეობის შემსრულებელად შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს 1 წლის ვადით, ხოლო სხვა თანამდებობაზე – არა უმეტეს 3 თვის ვადით. აღნიშნული ნორმა 2013 წლის 1 იანვარს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წლის დეკემბერში მიღებული ცვლილების მიხედვით, ამ თარიღმა 2013 წლის 1 ივლისამდე გადაიწია.

„კონკურსი არის საუკეთესო გზა, სახელმწიფომ დაიქირავოს კომპეტენტური პროფესიონალები რათა მათ, თავის მხრივ, მაღალი ხარისხის სერვისი მიაწოდონ მოქალაქეებს. კონკურსი ასევე აუცილებელია იმისათვის, რათა მოქალაქეებს გააჩნდეთ საჯარო სამსახურში დასაქმების სამართლიანობის რწმენა. სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი პრაქტიკას, რომელიც გულისხმობს მეგობრებისა და ნათესავების დასაქმებას საჯარო სამსახურში“, – მიაჩნია ირაკლი კოტეტიშვილს (წყარო opendatablog).

ნათესაური კავშირი ისევ რჩება დასაქმების ერთ–ერთ მთავარ ფაქტორად.

ბექა ბაიდაური ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად 19 ნოემბერს დაინიშნა. იგი „ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის მეგობარია. დანიშვნისთანავე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გამგეობიდან 42 საჯარო მოსამსახურე გაათავისუფლა. 4 დეკემბერს, ბექა ბაიდაურმა საკუთარ თანაშემწედ ცოლისდა მაგდა ლაგაზაური დანიშნა. მანამდე, 30 ნოემბერს, გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ბერდია ზვიადაური – ზურაბ ზვიადაურის ბიძაშვილი; 13 დეკემბერს, გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა მერაბ ზვიადაური, რომელიც ასევე მაჟორიტარი დეპუტატის ბიძაშვილია; მერაბ ზვიადაურის ძმა იმედა ზვიადაური დაინიშნა სახანძრო დაცვისა და სამაშველოს სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად; გამგებლის მოადგილის ბერდია ზვიადაურის ცოლი ლელა ახმეტელი დაინიშნა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ.

ოფიციალური ინფორმაციით, 2012 წლის 10 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 25 იანვრამდე ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 38 საჯარო მოსამსახურე დაინიშნა. აქედან, 10 მოსამსახურეს უმაღლესი განათლება არ აქვს.

„ის, რომ ის იცნობს ვიღაცას, ვინც არის პროფესიონალი, იცის მისი გამოცდილება, იცის მისი წესიერების შესახებ და მას ენდობა, ეს არ არის საშინელება, ეს არ არის საოცრება და ეს რომ ამით ისარგებლო, მე არ მიმაჩნია, რომ ეს რაღაც დამახინჯებაა. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ უკეთესია ყველა შემთხვევაში გამოაცხადო კონკურსი და კონკურსის შედეგად მიიღო მასზე უკეთესი, შენ რომ იცნობ. ქართველობას ნუ დავივიწყებთ, როგორები ვართ ქართველები და ნუ გგონია, რომ საზოგადოებას 5 წუთში გარდაქმნი. ორი ათეული წელი, რასაც მე ვამბობ, ესეც კი ცოტაა, და ნუ გგონიათ რომ მე რაღაცა ფოკუსებს ჩავატარებ და მოვიყვან ისეთ ხალხს, რომ ტიპიურად ახალ ცხოვრებას დავიწყებთ. ეს არ მოხდება, კარგად გავითვალისწინოთ ეს და კარგად გავიგოთ“, – განაცხადა პრემიერ – მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 5 თებერვალს, პრესკონფერენციაზე, ნეპოტიზმთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ.

„ჩვენ ადამიანები ვართ და რობოტები ვერასოდეს ვერ გავხდებით. ემოციები სულ გვაქვს, სიყვარული შეგვიძლია, მეგობრობა შეგვიძლია“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

ახალი ამბები