16:26, Thursday, 04.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

თენგიზ გუნავას წინააღმდეგ აღძრული საქმეები გაერთიანდა

25.02.2013

სალომე აჩბა

22 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებით, შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავას წინააღმდეგ აღძრული ორი სისხლის სამართლის საქმე ერთ საქმედ გაერთიანდა.

თენგიზ გუნავას პირველ საქმეში ბრალი ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და იარაღის უკანონო ტარებაში ედება, მეორეში კი - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ჯანმრთელობის განზრად მსუბუქად დაზიანებასა და სახელმწიფო ქონების მითვისება-გაფლანგვაში.  დღეიდან თბილისის საქალაქო სასამართლო ორივე საქმეს ერთ საქმედ განიხილავს.

ორი საქმის გაერთიანების შუამდგომლობით მოსამართლეს, 22 თებერვლის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ მიმართა. „მოგეხსენებათ, თენგიზ გუნავას წინააღმდეგ სასამართლოში ორი საქმე მიმდინარეობს. ჩვენ მოგმართავთ შუამდგომლობით, ეს ორი საქმე გაერთიანდეს და ამ ფორმით მიიღოს სასამართლომ წარმოებაში. ამით სასამართლო ბევრ რესურსს და დამატებით ხარჯს დაზოგავს. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, გუნავა სხვა რეგიონში მუშაობს და მისთვის მოუხერხებელია ორი სხვადასხვა საქმის გამო თბილისში პერმანენტულად ჩამოსვლა“, - განაცხადა დაცვის მხარის ავდოკატმა.

პროკურატურა შუამდგომლობას არ დაეთანხმა. „ეს ორი სრულიად განსხვავებული საქმეა და ერთმანეთს არ უკავშირდება. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მათი გაერთიანება არ უნდა მოხდეს. გარდა ამისა, მეორე საქმეზე პროკურატურიდან სხვა პირები არიან ჩართულნი და ჩვენ იმ საქმეს არ ვიცნობთ. საქმის დეტალებში გარკვევა დროს წაიღებს და პროცესიც გაჭიანურდება“, - განაცხადა პროცესზე ბრალდების მხარემ.

პროკურატურის პოზიციის მიუხედავად, მოსამართლემ თენგიზ გუნავას ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმეები გააერთიანა.

„ამ საქმეების გაერთიანებით სასამართლო მნიშვნელოვან რესურსებს დაზოგავს. პროკურატურას კი გონივრული ვადა მიეცემა, რათა გაერთიანებული საქმე საფუძვლიანად შეისწავლოს“, - განაცხადა მოსამართლემ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი თამარ ქურთაული, რომელიც ცენტრის პროექტის ფარგლებში ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს აკვირდება, მოსამართლის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებას დადებითად აფასებს.

„მოსამართლემ ორივე მხარის ინტერესები გაითვალისწინა. ერთი მხრივ, დაცვის მხარის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა დააკმაყოფილა, მეორე მხრივ კი, ბრალდების მხარეს საკმარისი დრო მისცა იმისათვის, რომ საქმის მასალებს სრულფასოვნად გაეცნოს, რაც საბოლოოდ აისახება საქმის სწორად წარმართვაზე.  თუმცა, აღსანიშნავია, რომ ადრე მოსამართლეები, როგორც წესი, მხოლოდ ბრალდების მხარის შუამდგომლობებს აკმაყოფილებდნენ. ახლა კი, გვაქვს პრეცედენტი იმისა, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობაც დაკმაყოფილდა და ეს წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს“.

გუნავას საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 13 მარტსაა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ გუნავა  2012 წლის 16 ნოემბერს ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. 18 ნოემბერს სასამართლომ უარი უთხრა პროკურატურას მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობაზე და გუნავა 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი გაათავისუფლა. გუნავა თავიდანვე ამტკიცებდა, რომ ნარკოტიკი და იარაღი დაკავებისას ჩაუდეს. იგი მის დევნას ყოფილი შს მინისტრთან, ბაჩო ახალაიასთან მეგობრობას და ამ ნიშნით ანგარიშსწორებას უკავშირებდა. თენგიზ გუნავამ მთავარ პროკურატურას მისი დაკავების გარემოებების შესწავლის თხოვნით მიმართა. საქმის გამოძიება შსს-ს გენერალურმა ინსპექციამაც დაიწყო. ცოტა ხანში, გენინსპექციის მოკვლევის შედეგად, შინაგან საქმეთა მინისტრმა სამსახურიდან გაათავისუფლა გუნავას დაკავებასთან დაკავშირებული  5 პოლიციელი.

რამდენიმე დღეში, გუნავა ხელმეორედ დააკავეს და ამჯერად ბრალი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ჯანმრთელობის განზრად მსუბუქად დაზიანებასა და სახელმწიფო ქონების მითვისება-გაფლანგვაში წაუყენეს. მოსამართლემ, გუნავას აღმკვეთ ღონისძიებად კვლავ გირაო შეუფარდა.

მოგვიანებით, პრეზიდენტმა მიხეილ საააკაშვილმა თენგიზ გუნავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად წარადგინა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC