კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარის ტელე-რადიო კომპანიაში საჯარო მოხელეები მუშაობენ

26 თებერვალი, 2013
 
მერი ემირიძე, ბათუმი, www.media.ge

„მე ამ გადაცემას ჩემი სულიერი სამყაროსთვის ვაკეთებ”, - ასე ახსნა თავისი საავტორო გადაცემის გაკეთების მიზანი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა მაკა ივანიშვილმა.  გადაცემა სახელწოდებით „საუბრები მაკა ივანიშვილთან” აჭარის რადიოს ეთერში ორი კვირის წინ გამოჩნდა.  ის შემოქმედებითი ხასიათისაა და როგორც ავტორი აცხადებს, პოლიტიკისგან თავისუფალია.

მაკა ივანიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ბათუმში, ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" აჭარის პრესსამსახურის უფროსად მუშაობდა, არჩევნების შემდეგ კი, ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის მრჩველად დაინიშნა მედიის საკითხებში.

Media.Ge-სთან  საუბარში ივანიშვილმა განმარტა, რომ რადიოში მუშაობა მან თავისი პირადი სიამოვნებისთვის დაიწყო.

„საჯარო სამსახურში მე ხელფასი 1000 ლარი მაქვს, აქ კი უფასოდ ვმუშაობ. მე ჟურნალისტი ვარ და მიყვარს ეს საქმე. როგორც ჩემმა იურისტმა მითხრა, მე როგორც საჯარო მოხელეს მაქვს უფლება კულტურის სფეროში ჟურნსალიტად ვიმუშაო”, - განაცხადა ივანიშვილმა.

როგორც აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოსო სტურუა აცხადებს, რადიოში ივანიშვილის, როგორც საჯარო მოხელის, მუშაობასთან დაკავშირებით ის პრობლემას ვერ ხედავს, რადგან ივანიშვილი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მუშაობს და მისი გადაცემა საპილოტე ვარიანტია.

„შეგიძლიათ გამოაცხადოთ, რომ თუკი ვინმე ისურვებს მოიტანოს პროექტები და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გააკეთოს გადაცემები, ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. სხვას ჩვენი მცირე ბიუჯეტით ჯერ ვერ ვაკეთებთ”, - აცხადებს სტურუა.

მაკა ივანიშვილის გარდა, აჭარის ტელევიზიაში ორი საჯარო მოხელე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურის კონსულტანტები: ზვიად სირაბიძე და მინიკო ბერიძე მუშაობენ. ზვიად  სირაბიძე რამდენიმე დღის წინ არხის გენერალურ პროდიუსერად დაინიშნა. სირაბიძე შემოქმედებითი გადაცემა „პროექციის” ავტორი და წამყვანია. მინიკო ბერიძე კი, ტელევიზიაში 2007 წლიდან, დილის გადაცემა „დილის ტალღის” წამყვანი და ჟურნალისტი იყო. ბერიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე თვის წინ დაიწყო მუშაობა.   

„საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურის კონსულტანტი ვარ ხელშეკრულებით და კვირაში ერთხელ დილის გადაცემა „დილის ტალღა” მიმყავს. რამდენადაც ვიცი, როგორც საჯარო მოხელეს ტელევიზიაში შემოქმედებითი სამსახურში მუშაობის უფლება მაქვს“, - განაცხადა ბერიძემ.

იმავე არგუმენტს ასეხელებს ზვიად სირაბიძეც: “იქედან გამომდინარე რომ ვითავსებ ორივე სამსახურს, მუშაობის 24 საათიან რეჟიმში ვარ მაქვს უფლება შემოქმედებითი სამსახურისა”.  

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელის, იურისტ გია ქარცივაძის განმარტებით, სამართლებრივად საჯარო მოხელეებს უფლება აქვთ იმუშაონ მედია საშუალებებში, თუმცა აჭარის ტელევზიისა და რადიოს შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. ამ შემთხვევაში, იურიდიულად, აჭარის  ტელევიზია და რადიო მთავრობის დეპარტამენტია და შესაბამისად საჯარო სამსახურია. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი, 64-ე მუხლის პირველი პუნქტი კი, საჯარო მოხელეებს უკრძალავს ერთდროულად ორ საჯარო სამსახურში ანაზღაურების მიღებას.

„თუ ღებულობს ერთ სახელმწიფო უწყებაში საჯარო მოხელე ანაზღაურებას, მაშინ მას სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში ანაზღაურების მიღება არ შეუძლია. როცა აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტი რეგიონალურ საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაკეთდება, მაშინ შეეძლებათ საჯარო მოხელეებს ჰქონდეთ იქ სამსახური”, - განმარტავს კანონს ქარცივაძე.

საჯარო მოხელეების მედიაში მუშაობასთან დაკავშირებით ორ მთავარ პრობლემას გამოყოფს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”-ს ბათუმის ფიალიალის უფროსი იურისტი, ირინე ურუშაძე. მისი განმარტებით, ასეთი შემთხვევები პირველ რიგში ბადებს კითხვებს ამ კონკრეტული ჟურნალისტის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით და მეორეც, ეს ხაზს უსვამს მთავრობის მიერ მედიის კონტროლის ფაქტს. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შემთხვევას კი, ურუშაძე განსაკუთრებულს უწოდებს, მისი სტატუსიდან გამომდინარე.

„გარდა რადიოსა, მე მსმენია აჭარის ტელევიზიაში საჯარო მოსამსახურეების მუშაობის შესახებ, რომლებიც ანაზღაურებასაც იღებენ. აქ იქმნება ორი, სამართლებრივი და მიზანშეწონილობის პრობლემა. სამართლებრივი, რადგან ეს არის საჯარო სამსახურის შესახებ კანონის დარღვევა და მიზანშეწონილობის, რადგან მიზანშეწონილი არაა საჯარო მოხელე მუშაობდეს მედია საშუალებაში”, - ამბობს ურუშაძე.

ამ დროისთვის საჯარო სამსახურის შესახებ არსებული კანონი უკრძალავს აჭარის ტელევიზიაში მომუშავე საჯარო მოხელეებს ანაზღაურების მიღებას, რადგან მათ ერთდოულად ორ საჯარო სამსახურში უწევთ მუშაობა. შეგახსენებთ, რომ აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტი მისი სტატუსის გადაწყვეტამდე ისევ საჯარო სამსახურად რჩება.

ახალი ამბები