კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყაჩაღობისთვის მსჯავრდებული და დაზარალებული პროკურატურას საქმის გადახედვისკენ ერთობლივად მოუწოდებენ

5 მარტი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

მამუკა ზარქუა უკვე  მე-10  წელია, სასჯელს იხდის და როგორც თავად აცხადებს, ამ ხნის მანძილზე არაერთხელ გამხდარა ფიზიკური ზეწოლის მსხვერპლი. მსჯავრი დაედო ყაჩაღობისათვის, რომლის დროსაც მოქალაქე გივი ჯანჯღავა დაიღუპა.  მამუკა ზარქუა, მისი ოჯახის წევრები და ადვოკატი მის ბრალეულობას არ სცნობენ. მოკლულის მეუღლე  მადონა კაჭარავა კი აცხადებს, რომ  დამნაშავე ზარქუა არ არის და ნამდვილი ბოროტმოქმედების ვინაობა იცის. 

2012 წელს მადონა კაჭარავამ განცხადებით მიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ პროკურორს როლანდ ახალაიას, დაუსახელა ნამდვილი დამნაშავეები, მაგრამ ამას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. დაზარალებული მადონა კაჭარავა და მსჯავრდებული მამუკა ზარქუა აცხადებენ, რომ დამნაშავეებს ძალოვანი უწყების წარმომადგენლები მფარველობენ.

2005 წლის 20 იანვარს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მამუკა ზარქუას 14 წლით პატიმრობის აღკვეთა მიუსაჯა. როგორც სასამართლო განაჩენში ვკითხულობთ, მას ბრალად ედება 2004 წლის 12 იანვარს გამოძიებით დაუდგენელ 4 ბოროტმოქმედთან ერთად აბაშის რაიონის სოფელ ონტოფოში მცხოვრებ გივი ჯანჯღავას ოჯახის დაყაჩაღება, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს გივი ჯანჯღავა.   

„წარსულში რადგან ნასამართლევი ვიყავი,  2003-2004  წლებში აბაშის რაიონის პროკურორი ცომაია არ მასვენებდა - თუ გაჩერება გინდა, ფული გადაიხადეო.  ჩემს ოჯახს მატერიალური შესაძლებლობა ჰქონდა და იცოდა, რომ ფულის გადახდა არ გამიჭირდებოდა, მაგრამ მე ამაზე უარს ვამბობდი. ერთხელ დამიბარა და კატეგორიულად გამომიცხადა: მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც დიდი ხნით მოგაშორებს აქაურობასო. იგი ჩემგან ითხოვდა ქრთამს. არ გასულა დიდი დრო, რომ აბაშის რაიონის სოფელ ონტოფოში მოხდა საზარელი ინციდენტი და მე მომხდარი ფაქტიდან ერთ საათში ჩემი ძმის სახლში დამაკავეს.  არსებობს 17 მოწმე - ჩემი ოჯახის წევრები და მეზობლები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ როდესაც დანაშაული მოხდა, მე ოჯახში ვიმყოფებოდი, მაგრამ მათი ჩვენებები გამოძიებამ უარყო“, - წერს მამუკა ზარქუა ციხიდან ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის გამოგზავნილ წერილებში.

მისივე თქმით, პოლიციაში მიყვანის პერიოდიდანვე დაიწყო მისი წამება. ითხოვდნენ აღიარებითი ჩვენების მიცემას. მკვლელობა რადგან გაუხსნელი იყო, საქმე საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გადაეგზავნა სამხარეო მთავარ სამმართველოს, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურის დაქვემდებარებაში იყო.

„აქ თავი იჩინა როლანდ ახალაიამ. მოვიდა ჩემთან ციხეში და მითხრა, მეღიარებიანა დანაშაული და მინიმალურ სასჯელს მივიღებდი. მე სიამაყით განვაცხადე, რომ არ ვაღიარებდი, რადგან დამნაშავე არ ვიყავი. როლანდ ახალაიამ  მითხრა, სადაც არ უნდა წაგიყვანონ, სიცოცხლეს ჯოჯოხეთად გიქცევო“, - აცხადებს ზარქუა.

სასამართლო პროცესი უზენაეს სასამართლოში შედგა და ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მამუკა ზარქუა 9  წლის მანძილზე არაერთ წერილს აგზავნიდა, როგორც პარლამენტსა თუ ძალოვან უწყებებში, ისე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში, სადაც წერდა, რომ იყო უდანაშაულო, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

„2006 წლის 24 მარტს გადამიყვანეს ქუთაისის #2 დაწესებულებაში, სადაც მიყვანისთანავე სასტიკად მცემეს. 24 მარტს ვიყავი  მეუღლესთან ხანგძლივ პაემანზე, როცა  სპეცრაზმელები შემოვარდნენ ოთახში, დამიწყეს ცემა და გინება და ასე გადამიყვანეს ქუთაისის იზოლატორში.  ეს ყველაფერი დაიწყო სწორედ როლანდ ახალაიას მუქარის შემდგომ. ქუთაისის იზოლატორში შეხვედრა მომიწია ბაჩო ახალაიასთანაც. „შენ ხარ ის გაუტეხელი ზარქუა?“ - მკითხა მან. მე ვუპასუხე, რომ უდანაშაულო ვიყავი და ნამდვილი დამნაშავეების შესახებ ზუგდიდის სამხარეო პროკურორისთვის იყო ცნობილი. ამის თქმის შემდეგ მცემეს და უგონო მდგომარეობაში შემაგდეს კამერაში. მოგვიანებით კიდევ რამდენიმე ასეთი ფაქტი განხორციელდა ჩემზე და იძულებული გავხდი პროტესტის ნიშნად პირი ამომეკერა. შემდეგ გადამიყვანეს რუსთავის #6 დაწესებულებაში, სადაც ენით აღუწერელ წნეხში ვიმყოფებოდი.  ერთ-ერთი ცემის დროს როლანდ ახალაიას შვილმა კბილებიც ჩამიმტვრია.  რამდენ განცხადებასაც დავწერდი, იმდენი ცემა მელოდა, მაგრამ მაინც არ ვეშვებოდი. 2009 წელს გადამიყავნეს #17 დაწესებულებაში, სადაც შიმშილობის შედეგად გავხდი ცუდად. თანაც ამ დროს აღმომაჩნდა ტუბერკულიოზი და გადამიყვანეს ტუბზონაში“, -  ვკითხულობთ ციხიდან გამოგზავნილ წერილებში.

მამუკა ზარქუას თქმით, მისგან ითხოვდნენ, თავი დაენებებინა განცხადებების წერას, ეღიარებინა დანაშაული და აკმარებდნენ მოხდილ სასჯელს, მაგრამ იგი ამაზე არ თანხმდებოდა. ციხეში ყოფნის პერიოდში მან თვითონ დაიწყო საკუთარი საქმის გამოძიება. როგორც აცხადებს, დადგენილი აქვს იმ პირთა ვინაობა, ვინც თავს დაესხა გივი ჯანჯღავას ოჯახს. ეს ინფორმაცია მან მიაწოდა დაზარალებულის ოჯახის წევრებს და საგამოძიებო ორგანოსაც, მაგრამ მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში არაფერი შეცვლილა. 

გივი ჯანჯღავას მეუღლემ, მადონა კაჭარავამ  2012 წლის აპრილში განცხადებით მიმართა სამეგრელო ზემო სვანეთის პროკურორს როლანდ ახალაიას, სადაც წერდა, რომ მამუკა ზარქუას არ მიუღია ყაჩაღობაში მონაწილეობა და ასახელებდა იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ნამდვილი დამნაშავეები. 

„მამუკა ზარქუა აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს ასახელებს, მათ შორის უშუალოდ მკვლელსაც. აღნიშნულთან დაკავშირებით მისი დამცველის მეშვეობით ინფორმირებულია საქმის მწარმოებელი გამომძიებელი, მაგრამ აშკარად ამ საქმის გახსნას ვიღაც უშლის ხელს. ეს ვიღაცა თუ ვიღაცები ამ ყაჩაღური ჯგუფის მფარველები არიან, რომლებიც დღემდე შემორჩნენ თანამდებობაზე. თუ არა მათი მხარდაჭერა, სხვა რა მიზანი უნდა ჰქონდეს გამოძიებას, რომ არ გახსნას ფაქტობრივად გახსნილი საქმე?!“ - აღნიშნულია როლანდ ახალაიასათვის  მადონა კაჭარავას მიერ მიწერილ განცხადებაში.  

დაზარალებული წერილშივე უსახელებდა პროკურორს იმ 5 ადამიანს, რომლებმაც ყაჩაღობაში მიიღეს მონაწილეობა. მათ ვინაობას ადამიანის უფლებათა ცენტრი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ასახელებს. კაჭარავა წერილში ასევე უთითებდა ყაჩაღური ჯგუფის მფარველების ვინაობას. 

„დამნაშავეთა მფარველების ნაწილი თქვენი და თქვენი შვილების სახელსაც აფარებენ თავს. მოვითხოვ, საქმე დაუყოვნებლივ მიეცეს მსვლელობას და გაიხსნას, გამოვლინდეს და დაისაჯოს დამნაშავეებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები.  ასევე, გთხოვთ, დაიცვათ მამუკა ზარქუას უსაფრთხოება. მე უკან ვერ დავიხევ, არაფერი დამრჩენია, თავს გავწირავ და  არაფერს დავთმობ“, - წერს როლანდ  ახალაიას მადონა კაჭარავა. ამ განცხადებას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მამუკა ზარქუამ პირველად 2012 წლის სექტემბერში მიმართა. ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო ანდრიაშვილი დაინტერესდა საქმით და მსჯავრდებულს ციხეში პირადად შეხვდა.  

„მასალების გაცნობისა და მამუკა ზარქუასთან საუბრის შემდეგ წერილობითი განცხადებით მივმართეთ  მთავარ პროკურატურას და მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება იმ ფაქტებზე, რომლებიც ზარქუას განცხადებაში ჰქონდა აღწერილი.  მთავარმა პროკურატურამ რეაგირების მიზნით ჩემი განცხადება გადაუგზავნა სენაკის პროკრუატურას, მაგრამ სენაკიდან მოვიდა პასუხი, რომ ახლად გამოვლენილი გარემოების არქონის გამო არ შეიძლებოდა რეაგირების მოხდენა. ამის შემდეგ, კვლავ მივწერე მთავარ პრკურატურას და აღვნიშნე, რომ სენაკის პროკურატურა ვერ ერკვეოდა ტერმინოლოგიაში, რადგან საუბარი იყო არა ახლადგამოვლენილ გარემოებებზე (რაც ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს ახალი კანონი, რომელიც უნდა ამსუბუქებდეს ამ ადამიანის სასჯელს), არამედ ჩემს განცხადებაში საუბარი იყო ახლად აღმოჩენილ გარემოებებზე. მე ვაწვდიდი პროკურატურას ახალ ინფორმაციას და იგი ვალდებული იყო, გამოეძიებინა იგი. თუმცა, ამაზე რეაგირება არ ყოფილა“, - აღნიშნავს ნინო ანდრიაშვილი.

2013 წლის 14 თებერვალს მადონა კაჭარავამ განცხადებით კვლავ მიმართა ოლქის პროკურორს, ახლა უკვე  ვ. იოსავას და აცნობა, რომ წინა წელს როლანდ ახალაიასთვის მიწერილ განცხადებას, სადაც დამნაშავეების ნამდვილ ვინაობას ასახელებდა, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია და ახლა დაზარალებული მისგან ითხოვდა საქმის ხელახალ გამოძიებას. 

აღნიშნული წერილის საფუძველზე ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა განმეორებით მიმართა მთავარ პროკურატურას, და გამოძიების დაწყება მოითხოვა: „მადონა კაჭარავა აცხადებს, რომ მამუკა ზარქუა არ არის დამნაშავე, ითხოვს სამართლიანობის დადგენას და დამნაშავეების დასჯას, რაც უნდა გახდეს საქმის ხელახალი გამოძიების საფუძველი. მე წინა კვირას მივმართე განცხადებით პროკურატურას და მცირე პერიოდის გასვლის გამო ჯერ მასზე რეაგირება არ ყოფილა. ვიმედოვნებთ, ახლა მაინც იქნება შესაძლებელი, რომ გამოძიება დაიწყოს თავიდან და დადგინდეს სიმართლე“.

მამუკა ზარქუა humanrights.ge-სთან სატელეფონო საუბარში აღნიშნავს, რომ პოლიციელებმა ნამდვილი დამნაშავეების ვინაობა კარგაც იცოდნენ, მათთვის ხელის დაფარება უნდოდათ  და ერთადერთ ხელისშემშლელ ფაქტორს სწორედ ზარქუა წარმოადგენდა, რადგან აღიარებით ჩვენებას არ იძლეოდა.  

„მეცხრე წელიწადია, დაკავების დღიდან ერთი წუთით არ მომიდუნებია ყურადღება. შეურიგებელი ვარ, ვიყავი და ვიქნები იმ არაკანონიერი გადაწყვეტილებისა, რაც განხორციელდა ჩემზე.  დღევანდელი ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის დევიზითაა მოსული და იმედია, ჩემს საქმესაც ეშველება. 10 წელი წინა ხელისუფლებამ ტყუილად გამატარებინა ციხეში პირადი ინტერესების გამო. მე არ მეგულება ჩემზე უბედური ადამიანი საქართველოში. რაც ახალი მთავრობა მოვიდა, ადამიანის სახე დამიბრუნდა, იმიტომ, რომ იმდენ ზეწოლას აღარ ვგრძნობ. აღარ მეშინია დილის გათენების, რომ შეიძლება ვინმეს ცემაში შემოვაკვდე. იმედი მაქვს, რომ მალე ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება და სამართლიანობა იზეიმებს“, - აცხადებს მამუკა ზარქუა. 

პროკურატურას მამუკა ზარქუს საქმის ხელახალი გამოძიება ჯერ არ დაუწყია. როგორც მსჯავრდებული, ისე მისი ადვოკატი და დაზარალებული აცხადებენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ სიმართლის საპოვნელად, ხოლო შევა თუ არა რაიმე სახის ცვლილება საქმეში, ამას მომავალი გვიჩვენებს. 

ახალი ამბები