გუშინ, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ აჭარის რეგიონის ჟურნალისტმა, ნინო ხოზრევანიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ჟურნალისტმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს პირადი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის დაცვის მიზნით მიმართა.
„11 თებერვალს უმაღლესი საბჭოს ტრადიციულ ბრიფინგზე, საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დამდო ბრალი. მე ცრუ ინფორმაცია არ გამივრცელებია, ამიტომაც მივმართე სასამართლოს და ვითხოვ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის აღდგენას“. ამბობს ნინო ხოზრევანიძე, „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი:
ჟურნალისტის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ოფისის იურისტი, მაია ქათამაძე დაიცავს: „ჩვენ მიგვაჩნია რომ ავთანდილ ბერიძემ დაარღვია ხოზრევანიძის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის უფლება. ჩვენ მოვითხოვთ, სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლიდან და საქართველოს კონსტიტუციის 17-ე და 24-ე მუხლებიდან გამომდინარე, მან უმაღლესი საბჭოს ბრიფინგზე უარყოს ის ინფორმაცია რაც ჟურნალისტ ხოზრევანიძის მიმართ გაავრცელა“.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტის მიერ მომზადებული სტატია „ქართული ოცნების“ წევრების ნაწილის უკმაყოფილებას ეხებოდა. კერძოდ, წინასაარჩევნოდ „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებულ ადამიანთა ნაწილი ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ლაშა სირაბიძის არჩევას აპროტესტებდა.
მაკა მალაყმაძე, ბათუმი