კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი პარლამენტს პოლიტპატიმრებისთვის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართავს

21 თებერვალი, 2013

სალომე ჩხეიძე

„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) საკითხის შესწავლის შედეგად ასკვნის, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან“, - ეს დასკვნა ფედერაციამ 8 ყოფილი პატიმრის საქმის შესწავლის შედეგად წარმოადგინა,  თუმცა, ამ ადამიანებს პოლიტპატიმრის სტატუსი ჯერ კიდევ არ მიუღიათ. ადამიანის უფლებათა ცენტრი უახლოეს დღეებში  აპირებს,  რომ ყოფილი პოლიტპატიმრებისთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე პარლამენტს მიმართოს. 

მაია თოფურია ერთ-ერთია, რომლის საქმეც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ შეისწავლა. იგი 13 ადამიანთან ერთად 2006 წელს სახელმწიფოს  ღალატის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხებოდა სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვას, ორი ძალოვანი მინისტრის მკვლელობის დაგეგმვასა და პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის იზოლაციას.

„ბრალად დაგვდეს, რომ ჩავატარეთ თათბირი, სადაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. თუმცა, ეს თათბირი ვერ შედგებოდა, რადგან იმ დროს რეალურად ამ ადამიანებიდან ყველა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმყოფებოდა. ჩვენი სასამართლო პროცესი დახურეს, რათა საზოგადოებაში არ გახმაურებულიყო ეს აბსურდული ბრალდება. არაერთმა ორგანიზაციამ აღიარა ჩვენი საქმე, როგორც პოლიტიკური, აშშ-ის კონგრესის მოხსენებაშიც ფიგურირებდა ჩვენი საქმე, როგორც პოლიტპატიმრების საქმე. თუმცა, როგორც ხედავთ ახლა ჩვენ პოლიტმატიმრის სტატუსის გარეშე ვართ“,  - აღნიშნა მაია თოფურიამ პრესკონფერენციაზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, პოლიტპატიმართა სია არასრულია. კიდევ არსებობენ ადამიანები, რომელთაც პოლიტპატიმრის სტატუსი არა აქვთ მინიჭებული. ეს ის ყოფილი პატიმრები არიან, რომლებიც ციხიდან მანამდე განთავისუფლდნენ, სანამ ამნისტიის კანონის მიღება და პოლიტპატიმართა გათავისუფლება მოხდებოდა. ამის გამო ისინი ამ სტატუსის გარეშე დარჩნენ. მაია თოფურია, ნორა კვიციანი, ომარ ქუცნაშვილი, შალვა რამიშვილი, მერაბ რატიშვილი, ჯონი ჯიქია, დემურ ანთია და რევაზ კლდიაშვილი ის ადამიანები არიან, რომელთა საქმეებიც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ შეისწავლა და დაასკვნა, რომ  „ამ პატიმრების საქმეების უკან პოლიტიკური მოტივი იკვეთება“.

„ეს ადამიანები რომ პოლიტპატიმრები არიან, დადასტურებულია, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ისინი მოხსენიებულნი არიან  სახალხო დამცველის ანგარიშებშიც. ჩვენ, ადამიანის უფლებათა ცენტრს, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ ამ ადამიანებსაც ასევე უნდა მიანიჭოს ყოფილი პოლიტპატიმრის სტატუსი და შესაბამისად უნდა მოხდეს მათი რეაბილიტაცია და მიეცეთ მათ კომპენსაციები“, - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

ნორა კვიციანს ციხეში ყოფნისას არავითარი განცხადება შეწყალებაზე არ დაუწერია, მაგრამ საპატიმრო ვადის გასვლამდე 2 თვით ადრე გაათავისუფლეს, რის გამოც იგი პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მიღმა დარჩა.

„არ მეგონა, რომ სალაპარაკო გამიხდებოდა ეს.  ვიმედოვნებთ, იგნორირებას არ გაუკეთებენ,  ჩვენს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სტატუსს.  2 წელი მიდოდა გამოძიება ჩემი საქმის ირგვლივ, სპეციალური კომისია იყო შექმნილი და სწორედ მათ დაადგინეს, რომ ჩემი დაკავება პოლიტიკური მიზეზით მოხდა“, - აცხადებს კვიციანი.

ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ პარლამენტთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა შეისწავლოს იმ პოლიტპატიმართა საქმეები, რომლებიც ამნისტიის კანონის ძალაში შესვლამდე გათავისუფლდნენ საპატიმროებიდან და ამ მიზეზით მათთვის პარლამენტს პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მინიჭებაზე ჯერ არ უმსჯელია.

„ამ დღეებში ოფიციალურად მივმართავთ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსა და ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტს,  რათა მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რითიც მოხდება ამ ადამიანებისათვის სტატუსის მინიჭება, რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარება და  კომპენსაციის გაცემაზე ზრუნვა. ვფიქრობთ, სახელმწიფომ ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს“, - აღნიშნავს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.

მისივე  განცხადებით, აღნიშნულმა სამუშაო ჯგუფმა უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ ამ კონკრეტული პირების საქმეები, არამედ ყველა იმ ადამიანის განცხადება, რომელთა საქმეები სხვადასხვა დროს მოხვდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვადასხვა საერთაშორისო ან ადგილობრივი კვალიფიციური ორგანიზაციების, სახალხო დამცველისა და სხვა კომპეტენტური ორგანიზაციების ანგარიშებში.

ნორა კვიციანი და მაია თოფურია აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტმა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის ანგარიშში აღნიშნული პირების პოლიტპატიმრებად აღიარებით უნდა გააკეთოს პოლიტიკური განცხადება და დაადასტუროს, რომ იმ პოლიტპატიმართა გარდა, რომლებიც ამნისტიის კანონის მიღების მომენტისათვის იმყოფებოდნენ საპყრობილეებში, საქართველოში კიდევ იყვნენ პოლიტპატიმრები, რომლებმაც სასჯელის ვადის ბოლომდე ამოწურვით ან სხვა ღირსეული ფორმებით დატოვეს საპატიმროები. ჩამოთვლილი 8 ადამიანიდან მხოლოდ ერთი - მერაბ რატიშვილი გათავისუფლდა პოლიტპატიმრის სტატუსით, სხვები კი ამ სტატუსის გარეშე არიან. ამავე დროს, მათივე თქმით,  FIDH-ის ანგარიშში მოხვედრილი საქმეები, სასამართლოში უნდა გადაისინჯოს პრივილეგირებულად, რაც ამ პირთა რეაბილიტაციის პროცესს დააჩქარებს.

როგორც ალეკო ცქიტიშვილი აღნიშნავს, ამნისტიის კანონის ძალაში შესვლისა და პოლიტპატიმართა განთავისუფლების შემდეგ დღეებში ადამიანის უფლებათა ცენტრს კიდევ რამდენიმე სავარაუდოდ ყოფილმა პოლიტიკურმა პატიმარმა მიმართა. ამ საქმეების შესწავლის სტადიაში უკვე გამოიკვეთა სახელმწიფოს მხრიდან აქტიური მოქმედების აუცილებლობა.

ახალი ამბები