კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როცა საზღვართან ასე ახლოს ხარ

11 მარტი, 2013

სალომე ჩხეიძე

სოფელ ოძისის  ცენტრიდან 1 კილომეტრში პირობითი სასაზღვრო გამშვები პუნქტია, 5 კილომეტრში კი, ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაა.  საზღვრისპირა სოფლის მცხოვრებნი ამბობენ, რომ მათ უამრავი პრობლემა აქვთ და მთავრობის უფრო მეტ ყურადღებას თხოვენ.

ალექსანდრე ჩიტიშვილი 76 წლისაა. ის ოძისელია,  თუმცა 13 წლიდან  სამუშაოდ ქალაქში წავიდა და მხოლოდ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაბრუნდა საცხოვრებლად სოფელში.

„ოძისში ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ ყველაზე  მნიშვნელოვანი უწყლოობაა. არც სასმელი წყალი გვაქვს წესიერად და არც მოსარწყავი. 2 წლის წინ გაწმინდეს აუზები და გამოიყვანეს ხევიდან წყალი, მაგრამ ისიც მუდმივად არ მოდის და ვართ ასე.  ამის გარდა მოსარწყავი წყალიც პრობლემად გვექცა. ომის შემდეგ ოსებმა სარწყავი არხი გადაგვიკეტეს და ახლა ნაკვეთების უმრავლესობა მოურწყავი რჩება. შარშან წესიერი მოსავალი თითქმის არავის აუღია.  ამის გამო ზოგმა სულ მიატოვა მიწების დამუშავება. მიხედვა უნდა ზოგადად  სოფელს და პატრონობა, საზღვრისპირა სოფლებს კი განსაკუთრებით.“ - ამბობს ალექსანდრე.

სოფელში პრობლემები მთავრობის მიერ  საგაზაფხულო სამუშაოების ჩასატარებლად გამოყოფილ ვაუჩერებთან დაკავშირებითაც არსებობს. მოსახლეობის თქმით, როგორც შეიტყვეს,  ვისაც მინიმუმ 2500  კვადრატული მეტრი მიწის ფართობი არ ექნება, ვაუჩერს ვერ მიიღებს, რადგან პატარა ნაკვეთში ტრაქტორი მოსახნავად ვერ შევა. „სოფლის გამგებელმა გვითხრა, თუ არ გაქვთ იმხელა ნაკვეთი, რომ მოხნათ, დააუბრუნეთ ვაუჩერებიო. თავის დროზე 1000 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთებს არიგებდნენ და თუ ვინმეს შეუღობავი არ აქვს ანდა მეზობელთან გაერთიანებული, ისე, გამოდის, ტრაქტორი ვერ შევა. ეხლა მაგის გამო ღობეებს ხო არ ავხსნით?“ - ამბობს სოფლის ერთერთი მცხოვრები.

წინა წელს  სოფელში გაზი გაიყვანეს, თუმცა მხოლოდ სახლის ჭიშკრებამდე. სახლში თვითონ მოსახლეობას უნდა შეეყვანა, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ რამდენიმე ოჯახმა მოახერხა. ოძისელების  უმრავლესობა უსახსრობის გამო მილების ყიდვას და ბუნებრივი აირის სახლში შეყვანას ვერ ახერხებს.

უგაზობა სოფლელებს, ალბათ, დიდად არ შეაწუხებდა, სხვა მრავალს კიდევ ერთი, ტყის პრობლემა რომ არ ემატებოდეს. მოსახლეობას ტყიდან შეშა თავისუფლად ვერ მოაქვს. ოძისის ზემოთ ტყეში ასვლა სახიფათოა, რადგან შესაძლოა შეშის მოსატანად წასული ცხინვალში „აღმოჩნდე“, ისევე, როგორც 2011 წელს დაემართა  2 ოძელს. გიორგი გურგენაშვილი და პაატა ჯავახიშვილი სამხედროებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს, საიდანაც 80 დღის ტყვეობის შემდეგ დაბრუნდნენ.

ტყეში სიარულისას საფრთხეს ქმნის ის, რომ მთაში საზღვრის აღმნიშვნელი არანაირი ნიშანი არ არსებობს და ამის გამო შესაძლოა სულ მარტივად ახალგორის ტერიტორიაზე აღმოჩნდე.

ოძისელების თქმით ხელისუფლებამ სოფელს ტყეკაფი დაბა ჟინვალთან ახლოს გამოუყო, თუმცა იქიდან შეშის მოტანა ხარჯებთანაა დაკავშირებული, ეს კი მოსახლეობას ეძნელება.

სოფელში 3 სართულიანი სკოლის შენობაც დგას, სადაც, დაახლოებით, 80 ბავშვი სწავლობს. წინა წელს მხოლოდ ოთხმა ბავშვმა დაამთავრა მე-12 კლასი.

თორნიკე ბაქაქური ამ ოთხიდან ერთერთია. მან ეროვნული გამოცდები ჩააბარა და ახლა სწავლას უნივერსიტეტში აგრძელებს. „სოფელში არც განვითარებისთვის და არც გართობისთვის თითქმის არაფერია. ჩვენი გართობა აქ მხოლოდ ბირჟაა. ამიტომაც მიდიან ახალგაზრდები სოფლიდან, ცდილობენ ქალაქში დაიწყონ ცხოვრება. მეც მიხარია, რომ ჩავაბარე, ახლა მხოლოდ დასვენების დროს ამოვდივარ აქ და ალბათ მომავალშიც ასე იქნება“ - ამბობს თორნიკე.

სოფელშიც არც სამედიცინო პუნქტია და არც საბავშვო ბაღი, რაც მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. ოძისში სასწრაფო დახმარებაც და სახანძრო მანქანაც რაიონული ცენტრიდან - დუშეთიდან ამოდის, რომელიც სოფლიდან 25 კილომეტრის მოშორებითაა, ამიტომ გამოძახების შემდეგ კარგა ხნის დაგვიანებით მოდის, რაც ზოგჯერ ცუდად მთავრდება ხოლმე.

სოფელში ღირსშესანიშნაობებიც  ბევრია. ოძისის ცენტრში მთავარი გზის პირას ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაა. ზევით, ტყეში წმინდა ბარბარეს სახელობის სალოცავი, რომლიდანაც მხოლოდ სამრეკლო კედელია შემორჩენილი და ასევე  წმინდა მარინეს ეკლესია, რომელიც სოფელში ყველაზე ძველი  ძეგლია.

სოფლის ზევით მთაში წმინდა გიორგის ეკლესიაა, სადაც მუდმივად ადიოდნენ გიორგობისას სოფლელები, თუმცა იქ მისვლა ახლა უკვე შეუძლებელია - ის ახლა ახლგორის ტერიტორიაზეა.

საზღვართან ასე ახლოს, ოძისელები ყველაზე მეტად გრძნობენ დაკარგულს.

ახალი ამბები