კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყოფილი მაღალჩინოსნების წინასასამართლო სხდომებზე მოსამართლეები საქმის არსებითი განხილვის წესებით მოქმედებენ

15 მარტი, 2013

სალომე ჩხეიძე

ყოფილმა იუსტიციისა და შემდგომში განათლების მინისტრმა, ნიკა გვარამიამ და მასთან ერთად ბრალდებულმა კიდევ ექვსმა პიროვნებამ მათი საქმეების ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვაზე უარი განაცხადა. საქმის ნაფიცი მსაჯულებისთვის გადაცემის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. თუმცა, ბრალდებულების უარის გათვალისწინებით, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ბრალდების მხარე თავის შუამდგომლობას საქმის ნაფიცი მსაჯულებისთვის გადაცემის შესახებ,  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლით ასაბუთებდა და ამბობდა, რომ ამ მუხლით ბრალდების მხარის მიერ საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის გადაცემა იმპერატიული მოთხოვნაა. ამ მუხლში განმარტებულია, რომ თუ მხარეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე  უარს ერთობლივად არ განაცხადებენ, მოსამართლე ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თარიღს.

მოსამართლის განმარტებით კი, ეს ზოგადი დებულებაა და იგი სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით კონკრეტდება, სადაც აღნიშნულია, რომ ბრალდებული თავად წყვეტს, მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს თუ არა.

ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ბრალდების მხარე მუდამ აპელირებს საქმეზე საჯარო ინტერესით და ამის გამო ითხოვს ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის განხილვას. გვარამიას აზრით კი, მაღალი საჯარო ინტერესის დროს ნაფიც მსაჯულებზე პირიქით უარი უნდა ითქვას, რადგან ამ დროს ნაფიცი მსაჯულები ვერ იქნებიან მიუკერძოებლები და  ემოციების ფონზე გამოიტანენ განაჩენს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის შეფასება

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი თამარ ბარსონიძე, რომელიც მონიტორინგის პროექტის ფარგლებში ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო განხილვებს აკვირდება, ამბობს, რომ პროცესზე საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის გადაცემის საკითხის განხილვისას, პროცესუალური დარღვევები დაფიქსირდა.

„219-ე მუხლის მე-3 ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ „თუ მხარეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს ერთობლივად არ განაცხადებენ, მოსამართლე ნიშნავს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თარიღს“. კანონი  წინასასამართლო სხდომის მოსამართლეს მხოლოდ მაშინ ანიჭებს უფლებას, არ დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თარიღი, თუ მხარეები ერთობლივად განაცხადებენ უარს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე. ამ შემთხვევაში, აშკარაა კანონმდებლის ნება, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლე, როგორც წესი, უნდა ნიშნავდეს ნაფიც მსაჯულთა სხდომის შერჩევის თარიღს და ამას, გამონაკლისის სახით, მხოლოდ იმ შემთხვევაში არ უნდა აკეთდებდეს, თუკი სხდომაზე ორივე მხარის უარი დაფიქსირდება. რაც შეეხება ერთი მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმის ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე განხილვას, აღნიშნული შემთხვევა გაწერილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 23-ე თავში, რომელიც ეხება სასამართლოში საქმის არსებით განხილვას და არა წინასასამართლო სხდომას. ეს უკანასკნელი წესრიგდება 22-ე თავით, რომლის 219-ე  მუხლი მოსამართლემ უარყო და გამოიყენა არსებითი განხილვის დებულება (226-მუხლი), მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო წინასასამაართლო სხდომა და არა არსებითი განხილვა.

მოსამართლის განმარტება იმის შესახებ, რომ 219-ე მუხლი არის ზოგადი და 226-ე კი სპეციალური, არ გამომდინარეობს ამ ნორმების სისტემური ახსნა-განმარტებიდან: იმ შემთხვევაში, თუ ეს ნორმები აღქმული იქნება როგორც ერთ სტადიაზე გამოსაყენებელი, მაშინ მიმართება მათ შორის იქნება არა როგორც ზოგადისა სპეციალურთან, არამედ, როგორც კოლიზიური, რადგან ისინი აშკარად შეეწინააღმდეგება ერთმანეთს, კერძოდ, 219-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა მხარეთა ერთობლივი უარი, არ ინიშნება ნაფიცი მსაჯულების შერჩევის თარიღი, მაშინ, როცა 226-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე, დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ბრალდებული შუამდგომლობს ამის შესახებ. ამ ორივე ნორმის წინასასამართლო სხდომაზე გამოყენების დაშვების შემთხვევაში, ერთ-ერთი მათგანის გამოყენება ცალსახად შეეწინააღმდეგება მეორეს, ამავე დროს, აზრს კარგავს ორივეს ერთდროული არსებობა, რადგან ისინი კი არ ავსებენ ერთმანეთს, არამედ ერთსა და იმავე სიტუაციას აწესრიგებენ სრულიად განსხვავებულად.

რეალურად, ეს ნორმები ეხება საქმის სასამართლოში წარმოების ორ სრულიად განსხვავებულ სტადიას და, შესაბამისად, ვფიქრობთ, მათ შორის წინააღმდეგობა არ არსებობს. წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხოლოდ მაშინ არის უფლებამოსილი, არ დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის თარიღი, როცა სახეზეა ბრალდების და დაცვის მხარის ერთობლივი უარი. სხვა ყველა შემთხვევაში, იგი ნიშნავს ამ თარიღს. დაცვის მხარეს კი უკვე არსებითი განხილვის სტადიაზე შეუძლია იშუამდგომლოს საქმის ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობის გარეშე განხილვაზე“.
 
აღსანიშნავია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული სხვა პირების საქმეში, მოსამართლემ ასევე წინასასამართლო სტადიაზე გამოიყენა 226-ე მუხლი და აღნიშნა, რომ 226-ე მუხლი იყო უფრო ახალი დებულება, ვიდრე 219-ე და ამიტომ იყენებდა იგი 226-ს და არა 219-ს. შესაბამისად, იმ ბრალდებულების მიმართ, რომლებსაც არ სურდათ საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის გადაცემა, დანიშნა საქმის არსებითი განხილვის თარიღი, ხოლო იმ ბრალდებულების მიმართ, რომლებსაც სურდათ ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვა, დანიშნა ნაფიცი მსაჯულების შერჩევის სხდომის თარიღი.

წინასასამართლო სტადიაზე განისაზღვრა ასევე ბაჩო ახალაიას საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების გარეშე ბრალდებულის უარის საფუძველზე.

ახალი ამბები