კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გვარამიას საქმეზე მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოადგინეს

20 მარტი, 2013

სალომე აჩბა

19 მარტის სასამართლო პროცესზე ბრალდებულებმა და პროკურატურამ თავიანთი შესავალი სიტყვა წარმოადგინეს. ბრალდების მხარემ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრა, დაცვის მხარემ კი ბრალდებებს აბსურდული უწოდა. საქმეში თავს დამნაშავედ არც ერთი ბრალდებული არ ცნობს.

ყოფილ იუსტიციისა  და განათლების მინისტრ ნიკა გვარამიას ბრალი ქრთამის აღებაში დახმარებისთვის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და ყალბი საგადასახო დოკუმენტაციის გამოყენებაში ედება. მასთან ერთად ბრალდებულ ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს, ალექსანდრე ხეთაგურს კი, ქრთამის აღებაში, უკანონო შემოსავლების  ლეგალიზაციასა  და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედავებიან. მათთან ერთად, იმავე საქმეზე კიდევ 4 პირია ბრალდებული.

პროკურატურამ თავის შესავალ სიტყვაში საქმის გარემოებები მიმოიხილა:

„საქმის ერთ-ერთი მოწმე, „თელასის“ გენდირექტორი ამბობს, რომ მის კომპანიას გარკვეული ფინანსური პრობლემები შეექმნა და სახელმწიფოს რომ „თელასი“ ფინანსურად შეემოწმებინა, კომპანიას სახელმწიფოსთვის დაახლოებით 10 მილიონი ლარის გადახდა მოუწევდა, რაც ფაქტობრივად, „თელასის“ გაკოტრებას გამოიწვევდა.

კომპანია „თელასის“ იმდროინდელმა ხელმძღვანელმა ალექსანდრე ხეთაგურს კომპანიაში არსებული ფინანსური დარღვევების გამო დახმარება და სამსახურებრივი მფარველობა სთხოვა. 2012 წელს ხეთაგურმა მიიღო შეთავაზება, რომ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის არსებული ფინანსური პრობლემები მოეგვარებინა, რის სანაცვლოდაც 1 მილიონ ლარს მიიღებდა. ქრთამის აღების საქმეში ნიკა გვარამიაც ჩაერთო. ფულის „გათეთრების“ მიზნით, ეს თანხა უნდა ჩარიცხულიყო ერთ-ერთი ორგანიზაციის ანგარიშზე, როგორც ამ ორგანიზაციის მიერ გაწეული კონსულტაციის ანაზღაურება.

გვარამიამ, დაითანხმა საქმეში ბრალდებული კიდევ ერთი პირი, გიორგი ნემსიწვერიძე, რომ მისი სახელით შექმნილიყო საკუნსულტაციო ორგანიზაცია, რომლის სახელზეც 1 მილიონი ლარი დაირიცხებოდა. ორგანიზაცია სასწრაფოდ, 26 ივლისს დაარსდა და თანხაც მის ანგარიშზე მალევე ჩაირიცხა. ბრალდებულებმა სწორედ ამ სქემით გაათეთრეს ფული“ - აღნიშნა ბრალდების მხარემ თავის შესავალ სიტყვაში.

„ხეთაგურისთვის ქრთამის მიცემა რომ ნდომოდათ ბრალდებულებს, ისინი  მას პირდაპირ ჩემოდნით მისცემდნენ ამ თანხას. რა საჭირო იყო ასეთი ჩახლართული სქემის შემუშავება. გარდა ამისა, როგორც ბრალდების მხარე ირწმუნება, ამ საქმეში 20-25 ადამიანი იყო ჩართული. როგორ წარმოგიდგენიათ, როცა საქმე ქრთამის მიღებას ეხება, ამდენ ადამიანს ვინ მისცემდა ინფორმაციას ამის შესახებ?!„ - აღნიშნა ერთ-ერთი ბრალდებულის, დევი კანდელაკის ადვოკატმა.

მისი პოზიცია ალექსანდრე ხეთაგურის ადვოკატმაც გაამყარა და აღნიშნა:

„პროკურატურა ყოველთვის ხაზს უსვამს რომ საქმეში 1 მილიონი ლარი ფიგურირებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საუბარია 923 ათას ლარზე. ვინმეს ოდესმე გაუგია, რომ ამგვარი თანხა აიღოს ან მოითხოვოს ვინმემ ქრთამის სახით? ქრთამი ხომ ყოველთვის მრგვალი თანხაა.“ - აღნიშნა ხეთაგურის ადვოკატმა.

პროცესზე სიტყვით თავად ბრალდებული ნიკა გვარამიაც გამოვიდა და მან ბრალდებებს აბსურდული და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა:

„საქმიდან ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული და არ შეიცავს არც ერთ სარწმუნო მტკიცებულებას. ნამდვილი „გამოცხადებული ქრთამის აღების ქრონიკაა“. როგორც თავად ბრალდების მხარეც ამბობს, ამ პროცესში თითქმის მთელი სამყარო იყო ჩართული. მე პირადად, არასოდეს მსმენია ქრთამის აღების არც ერთი ფაქტი, სადაც მხარეები ამდენ სხვა გარეშე პირს აწვდიან ინფორმაციას საქმის შესახებ.“ - აღნიშნა გვარამიამ.

მომდევნო სხდომა 1 აპრილს გაიმართება და პროცესზე დოკუმენტური მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეთა დაკითხვა მოხდება.

ახალი ამბები