კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხუთი წლის ბავშვის ქონებაზე გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების ისტორია

22 მარტი, 2013

სალომე ჩხეიძე 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სესხის ასაღებად კახურაშვილების ოჯახმა  5 წლის შვილის კუთვნილი ქონება იპოთეკით დატვირთა. მოგვიანებით კი, სახლის გაყიდვა და სესხის დარჩენილი ნაწილის დაფარვა ამ გზით გადაწყვიტა. ოჯახმა მხოლოდ ამის შემდეგ შეიტყო, რომ სახლის არც გაყიდვის და არც იპოთეკით დატვირთვის უფლება არ ჰქონდა.  კახურაშვილები მიიჩნევენ, რომ იპოთეკის ხელშეკრულება კანონდარღვევით არის გაფორმებული და სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.

2010 წელს იმედა კახურაშვილმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯორჯიან კაპიტალიდან“ ბიზნესის დასაწყებად კრედიტი გამოიტანა და  ქალაქ ხაშურში მარჯანიშვილის №22-ში მდებარე ბინა იპოთეკით დატვირთა. ეს  ქონება იმედა კახურაშვილის შვილს, 5 წლის  გიორგი კახურაშვილს ბაბუისგან ჩუქების ხელშეკრულებით ჰქონდა გადაცემული.  მოგვიანებით, ოჯახს ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის თანხის სრულად დაბრუნება  ვეღარ შეძლო და „ჯორჯიან კაპიტალმა“ მათ წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა.

 „სულ 6700 $ გვქონდა გამოტანილი, უკან კი დავაბრუნეთ 8200 $, თუმცა მათ ეს მხოლოდ პირგასამტეხლოებსა და ჯარიმებში ჩაგვითვალეს და კიდევ 14 ათასლარს გვედავებოდნენ. სასამართლომ ეს თანხა 5 ათას $-მდე შეამცირა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ბავშვის ქონებით მოხდებოდა ანგარიშსწორება“, - ამბობს  იმედა კახურაშვილის მეუღლე, ნანა კახურაშვილი. 

ოჯახმა  სახლის გაყიდვა და სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის ამ გზით დაფარვა გადაწყვიტა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ არცერთი ნოტარიუსი ბავშვის საკუთრებაში არსებული ბინის გაყიდვაზე არ თანხმდებოდა. კახურაშვილებს მხოლოდ მაშინ გაუჩნდათ ეჭვი, როგორ და რატომ ჰქონდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მათი ბინის გაყიდვის უფლება, როცა თვითონ ამას ვერ ახერხებდნენ.  ოჯახმა დაკისრებული თანხის გადახდა ისევ ვერ შეძლო, რის შედეგადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ გიორგი კახურაშვილის კუთვნილი ქონება აუქციონზე გაყიდა.

„ „ჯორჯიან კაპიტალს“ როცა მივმართეთ, მათ კარგად არ აგვიხსნეს პირობები. მოგვეჩვენა, რომ იყვნენ გამოჭერის რეჟიმში და ისარგებლეს ჩვენი უცოდინრობით. ამასთან, როცა უკვე დავაპირეთ ხელშეკრულების გაფორმება, მე და ჩემმა მეუღლემ  გადავწყვიტეთ, ხაშურში მოგვეძებნა ნოტარიუსი, რომელიც დაადასტურებდა ხელშეკრულებების ნამდვილობას. თუმცა, „ჯორჯიან კაპიტალის“ წარმომადგენლებმა არ გაგვიშვეს და მიგვიყვანეს ნოტარიუს ნარგიზი მინდიაშვილთან, რომელმაც კანონდარღვევით გააფორმა ხელშეკრულება“, - აღნიშნავს ნანა კახურაშვილი.

როგორც სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი სოფიო ბეროშვილი აცხადებს, ნანა კახურაშვილმა მათ ორგანიზაციას გასულ წელს მიმართა. იურისტებთან კონსულტაციების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქმეში  არაერთი დარღვევა იყო.

„არავის ჰქონდა ბავშვის კუთვნილი ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლება, რასაც შეიძლება ბინის დაკარგვა მოჰყოლოდა. მშობლების არცოდნით ისარგებლა ნოტარიუსმა და გააფორმა ხელშეკრულება, სადაც პირდაპირ წერია, რომ  გიორგი კახურაშვილი თავისი პირადი ქონებით უდგება თავდებში იმედა კახურაშვილს და ამაზე ხელს აწერს ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი ნანა კახურაშვილი. გიორგი მაშინ სულ 5 წლის იყო. საინტერესოა, რომ არც ნოტარიუსს და არც „ჯორჯიან კაპიტალის“ იურისტს,  არ მოუთხოვიათ  მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა, რომელსაც უნდა განესაზღვრა, შეიძლებოდა თუ არა ბავშვის ქონების იპოთეკით დატვირთვა. ნოტარიუსმა გააიგივა ერთმანეთთან დედა და შვილი და ასე შეადგინა დოკუმენტი. რეალურად, ახლა პრობლემა არის ის, რომ ბავშვი, შესაძლოა ქუჩაში აღმოჩნდეს, კანონდარღვევით შედგენილი ხელშეკრულების შედეგად“,  - აცხადებს სოფიო ბეროშვილი.
 
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯორჯიან კაპიტალის“ იურისტი თენგიზ ეკალაძე მიიჩნევს, რომ ოპოთეკის დოკუმენტი კანონდარღვევით არ გაფორმებულა, რადგან  სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-6 ნაწილში მითითებულია, რომ მშობლები წარმოადგენენ არასრულწლოვანს მესამე პირთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში.

„ამ შემთხვევაში, მშობლები იყვნენ ბავშვის წარმომადგენლები, მოვითხოვეთ არა ერთი, არამედ ორივე მშობლის თანხმობა და ისე დაიდო გარიგება. კანონის არც ერთი ნორმა არ ითხოვს  მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რაიმე სახის თანხმობას, რადგან აქ მეურვეობასთან და მზრუნველობასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ კანონიერ წარმომადგენლობასთან. მშობელმა რომ დადოს გარიგება ბავშვის სახელით, ამისთვის მას არავისი თანხმობა არ სჭირდება. ამდენად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი კანონდარღვევა არ მომხდარა, არც ხელშეკრულების დადებისას და არც სასამართლო განხილვის დროს“, - აცხადებს ეკალაძე.

 ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტს ეკა ქობესაშვილს.  მისი თქმით,  აღნიშნული იპოთეკური ხელშეკრულება კანონდარღვევით არის გაფორმებული, რადგან საქმეში არ არის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობა.სამოქალაქო კოდექსის 1294-ე მუხლის მიხედვით  მეურვეს ამ ორგანოს წინასწარი  თანხმობის გარეშე, არა აქვს უფლება, დადოს გარიგება, რომელიც შეეხება ბავშვის ქონების გასხვისებას, გაყიდვას, დაქირავებას ან სხვა სახის ფინანსურ ოპერაციას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ქონების შემცირება. 

„თუკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის იურისტი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება კანონდარღვევით არ არის გაფორმებული, რადგან მათ გარიგება ბავშვის კანონიერ წარმომადგენლებთან დადეს და არა მეურვესთან, მაშინ გამოდის, რომ მათ არ გაითვალისწინეს ბავშვის ასაკი. აუცილებელია განვმარტოთ, რომ საკუთრება ეკუთვნოდა 7 წელს მიუღწეველ პიროვნებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით კი, 7 წლამდე ასაკის პიროვნება ითვლება ქმედუუნაროდ.  ქმედუუნარო ადამიანის კანონიერი წარმომადგენელი კი,  კანონმდებლობის თანახმად, არის მეურვე.  მეურვეობის შემთხვევაში კი, აუცილებელია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობა“,  -  განმარტავს ეკა ქობესაშვილი.

მისივე  თქმით, გარდა ამისა, ასეთი ტიპის ფინანსური ხელშეკრულების დადებისას აუცილებლად უნდა იყოს მითითებული და დასაბუთებული, თუ რა სასწრაფო საჭიროებისთვისაა აუცილებელი ბავშვის ქონების გასხვისება ან იპოთეკით დატვირთვა. ქობესაშვილის თქმით, იპოთეკის ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო აღნიშნული,  თანხა რა სარგებლით ხმარდებოდა ბავშვს და არა ოჯახს. იგი მიიჩნევს, რომ ბავშვის ინტერესები არის  დარღვეული, რადგან მშობლებმა თანხა გამოიყენეს არა გიორგი კახურაშვილის პირადი სარგებლობისთვის, არამედ ბიზნესის დასაწყებად.

ბინის აუქციონზე გაყიდვის შემდეგ აღსრულების პოლიციამ კახურაშვილების სახლიდან გამოსახლება გადაწვყიტა, მაგრამ ვერ შეძლო.

 „ჩვენს გამოსასახლებლად როცა მოვიდნენ,    მე მათ გიორგი გამოვუყვანე, როგორც კანონიერი მესაკუთრე. მათ ვერ შეძლეს დოკუმენტის ჩაბარება და ჩვენი გამოსახლება, რადგან ამ დროისათვის, ბავშვი სულ რაღაც 7 წლის იყო და დოკუმენტზე ხელის მოწერას ვერ შეძლებდა“, - იხსენებს ნანა კახურაშვილი.

ოჯახმა წერილობით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც აუხსნა საქმის ვითარება და სთხოვა გამოსახლების შეჩერება. ამ საკითხთან დაკავშირებით  უკვე შედგა ზეპირი მოსმენა და რამდენიმე დღის წინ მიიღეს დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ  გამოსახლება შეჩერებულია დროებით. ამჟამად საქმე გადაცემულია შსს-ს ხაშურის მთავარ სამმართველოს, რომელიც შეისწავლის  საქმის გარემოებებსა და ფაქტებს.

სოფო ბეროშვილის თქმით, მშობლებმა გაუცნობიერებლად, ისე რომ არ ჰქონდათ ამის შესახებ ინფორმაცია, გიორგი კახურაშვილის საკუთრებაში არსებული ქონება დატვირთეს იპოთეკით, მაგრამ  დამნაშავე არის ნოტარიუსი, რომელსაც ევალებოდა იმის ცოდნა,  რომ ამგვარი ხელშეკრულების გაფორმება უკანონო იყო. ამის მიუხედავად, ნოტარიუსმა  გააფორმა ისეთი სახის დოკუმენტი, რაც არღვევდა ბავშვის უფლებებს.

„ნარგიზ მინდიაშვილს აქვს სხვა მსგავსი  საეჭვო ხელშეკრულებებიც გაფორმებული. რამდენიმე დღის წინ მოგვმართა ერთმა ქალბატონმა და შეგვატყობინა ანალოგიური შემთხვევის შესახებ. ისევ ბავშვის ქონებაა იპოთეკით დატვირთული და ნოტარიუსი კვლავ ნარგიზი მინდიაშვილია“, - აღნიშნავს ბეროშვილი.  მისივე თქმით, უახლოეს ხანში აპირებენ, რომ სარჩელი შეიტანონ სასამართლოში  და მოითხოვონ გიორგი კახურაშვილსა და „ჯორჯიან კაპიტალს“ შორის გაფორმებული იპოთეკური ხელშეკრულების ბათილად ცნობა.  ამასთანავე, უნდა მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვონ  ნარგიზი მინდიაშვილის საქმიანობის გამოძიება.

„ეს საქმე უკვე აღარ არის ხელქვეითების გადასაწყვეტი.  დროა,  საქმეში უფრო მაღალი თანამდებობების პირები  ჩაერთონ. ნებისმიერ ქვეყანაში დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა ამ ფაქტს და დახმარებაც უკვე აღმოჩენილი იქნებოდა. მე კი არა, უკვე სახელმწიფო დაიცავდა ბავშვის უფლებებს.  იმედი მაქვს, პროკურატურა გულდასმით მოეკიდება საქმეს, გამოიძიებს ყველაფერს და დახმარებას აღმოგვიჩენენ“, - აცხადებს ნანა კახურაშვილი.

ოჯახის ბინიდან გამოსახლება ამჟამად შეჩერებულია, თუმცა, არსებობს საფრთხე, რომ გიორგი კახურაშვილი უსახლკაროდ დარჩეს.

ახალი ამბები