კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამოქალაქო სექტორი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ

29 მარტი, 2013
 
 
სალომე აჩბა

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არასამთავრობო სექტორის აქტიური წევრების სახელმწიფო სამსახურში გადასვლა საქართველოში ტენდენციად იქცა. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდის მსგავსად, სამოქალაქო სექტორის აქტიური წევრები ახალი ხელისუფლების მაღალ თანამდებობეზე აღმოჩნდნენ. ექსპერტთა და თავად არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილი ამ ტენდენციას დადებითად აფასებს. თუმცა, იმ საფრთხეზეც საუბრობენ, რომ საჯარო სამსახურში გადასვლით, სამოქალაო სექტორს, ადამიანური რესურსის მხრივ, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას. 

ამის პარალელურად, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, იქმნება ახალი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა დიდი ნაწილი წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებით დაკომპლექტდა. ამ ახლადშექმნილი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხშირად ვხედავთ ხოლმე ბაჩანა ახალაიას, თენგიზ გუნავას, ნიკა გვარამიას და სხვა ყოფილ მაღალჩინოსანთა და ამჟამად ბრალდებულის სტატუსის მქონე პირთა მხარდასაჭერ აქციებზე. ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამ ორგანიზაციების შექმნა ნაციონალური მოძრაობის მიერაა ინსპირირებული და ეს ორგანიზაციები შესაძლოა, მალევე დაიშალოს. 

ამ ყველაფრის ფონზე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მედიისა და არასამთავრობო სექტორის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად დაასახელა და მათთვის თავისივე სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარიც გამოყო. პრეზიდენტის ინიციატივას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. 

არასამთავრობო სექტორიდან საჯარო სამსახურში

სამოქალაქო სექტორის აქტიური წევრების ხელისუფლების მაღალ ეშელონებში გადასვლის ტენდენციამ ჯერ კიდევ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ იჩინა თავი. შევარდნაძის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციის - „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრები, რევოლუციით მოსულ ხელისუფლებაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე გადავიდნენ. ამ პროცესმა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საკმაოდ დაასუსტა სამოქალაქო სექტორიც.

არასამთავრობო სექტორიდან საჯარო სამსახურში სამოქალაქო სექტორის რამდენიმე აქტიური წარმომადგენელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც გადავიდა. მათ შორის ერთ-ერთი პრიველი, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის  ხელმძღვანელი  დავით ნარმანია  იყო, რომელიც არჩევნების შემდეგ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნა. ადამიანის უფლებათა ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა უჩა ნანუაშვილმა კი, სახალხო დამცველის პოსტი დაიკავა. 

სამოქალაქო სექტორის კიდევ ერთი აქტიური წევრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პრემიერის მრჩევლის პოსტზე გადავიდა. 

რაც შეეხება, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს ეკა სირაძეს, ის ახლა საფრანგეთში საქართველოს ელჩის პოსტზე მუშაობს. 

რამდენიმე დღის წინ კი,  ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია ნაძალადევის ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინეს. 

თავად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები, არჩევნების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების საჯარო სამსახურებში გადასვლის პროცესს დადებითად აფასებენ. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ეს პროცესი არ უნდა დაემსგავსოს იმას, რაც ვარდების რევოლუციის შემდეგ მოხდა. 

„ის, რომ სამოქალაქო სექტორის აქტიური წევრები, რომლებსაც კარგი წარსული აქვთ, ხელისუფლებაში გადადიან, დადებითად უნდა შეფასდეს. ეს თავად ქვეყანას და საზოგადოებას ძალიან წაადგება. სამოქალაქო სექტორის აქტიური წევრები როცა ხელისუფლებაში გადადიან, ამით ბუნებრივია, თავად სამოქალაქო სექტორი სუსტდება, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს  განახლების პროცესი, და ეს ასეც მოხდება. ასე მოხდა 2003 წელსაც. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილის ხელისუფლებაში წასვლის  შემდეგ, ეს რგოლი ახალი სახეებით, ახალი ძალებით შეივსო“, - ამბობს გოგი ხუციშვილი, კონფლიქტებისა და  მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.

„აუცილებელია, რომ ეს ადამიანები ხელისუფლებაში მუშაობის დროსაც ერთგულნი დარჩნენ თავიანი პრინციპების. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს პროცესი ისე არ განვითარდეს, როგორც 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ მოხდა. მაშინ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტი“, რომელიც შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში ძალიან აქტიურობდა, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის  ჩრდილოვან მრჩევლად იქცა და ფაქტობრივად, ადამიანის უფლებების დაცვა შეწყვიტა. ამ ორგანიზაციის ლიდერები პარლამენტში და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე აღმოჩნდნენ“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი.

ახალი არასამთავრობო ორგანიზაციები

ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კიდევ ერთი ტენდენცია შეიმჩნევა: იქმნება ახალი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა დიდ ნაწილს წინა ხელისუფლების წარმომადგენლები აფუძნებენ. 

ამ ორგანიზაციის წევრთა ნაწილს ხშირად ვხედავთ ხოლმე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებზე, ბრალდებულების მხარდამჭერი მაისურებითა და ტრანსფარანტებით. 

ალეკო ცქიტიშვილის აზრით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ახალი არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა, გარკვეულწილად, ნაციონალური მოძრაობის მიერაა ინსპირირებული.

„ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილი ახალი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ძველი ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ჯგუფია.  ამ ორგაგანიზაციების გარშემო საზოგადოებაში ჯერჯერობით ბევრი კითხვა არსებობს. მე ვფიქრობ, რომ ამ ახალი ორგანიზაციების შექმნა, გარკვეულწილად, ნაციონალური მოძრაობის მიერაა ინსპირირებული. ამით ნაციონალური მოძრაობა სამოქალაქო სექტორშიც ცდილობს თავის გაძლიერებას. ეს  პარტია ძალიან კარგად ერკვევა პიარტექნოლოგიებში და კარგად აცნობიერებს, თუ რა როლის შესრულება შეუძლია მედიასა და სამოქალაქო სექტორს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. ვფიქრობ, ახლადშექმნილი ორგანიზაციების დიდი ნაწილი დროებითია და მალე დაიშლება“, - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი. 

ეს პროცესი კითხვებს უჩენს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამის მენეჯერს ზაალ ანჯაფარიძესაც. „ბუნებრივია, ყველას აქვს უფლება, შექმნას არასამთავრობო ორგანიზაცია. ამ ადამიანების ნაწილი წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან. მათ არჩევნების შემდეგ სამსახური დაკარგეს და  ნაწილმა, როგორც ჩანს, არასამთავრობო სექტორში დასაქმება გადაწყვიტა. მეორე საკითხია, მათ მართლა გადაწყვიტეს, რომ სამოქალაქო სექტორის განვითარებას მოემსახურონ თუ ეს უბრალოდ, დროებითი პროცესია. არასამთავრობო სექტორი ხომ არ არის მათთვის დროებითი თავშესაფარი და ერთგვარი პლაცდარმი, რომ ისევ  პოლიტიკაში დაბრუნდნენ?!“ - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.

გრანტები პრეზიდენტის ფონდიდან

საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ერთ-ერთია იმათგან, რომელმაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი გრანტი უკვე მიიღო. მისი ხელმძღვანელი მანონ ბოკუჩავა ამბობს, რომ მიღებული გრანტი მედიასაშუალების განვითარებას მოხმარდება.

„მიღებული გრანტის ფარგლებში შეგვეძლება რეგიონის პრობლემების უფრო ფართოდ გაშუქება. გვექნება საშუალება, ჩვენს ჟურნალიტებს მივცეთ  ხელფასები და დავუფაროთ გზის ხარჯები, რისი ფინანსებიც ჩვენ პორტალს გრანტის მიღებამდე არ ჰქონია. ეს თანხა, რომელიც მივიღეთ, არ არის რომელიმე პოლიტიკურ გუნდის საკუთრება. ამ თანხის წყარო სახელმწიფო ბიუჯეტი, ანუ ჩვენი მკითხველების გადახდილი გადასახადებია. აქვე ვიტყვით, რომ ჩვენ სარედაქციო თავისუფლებაში ვერავინ ჩაერევა და თუ მოხდა ისე, რომ გრანტის მიღების, რომელიმე ეტაპზე ეს საკითხი  კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა - ჩვენ მზად ვართ უარი ვთქვათ გრანტზე და შექმნილ პრობლემაზე ღიად ვისაუბროთ“, - აღნიშნავს მანონ ბოკუჩავა. 

პრეზიდენტის ინიციატივამ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ფონდიდან 1 მილიონი ლარი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებას უნდა მოხმარდეს, საზოგადოებაში არაერთი ეჭვი და კითხვა გააჩინა. მაგალითად, გაჩნდა ინტერესი, რა უდევს საფუძვლად პრეზიდენტის ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილების სწორედ ახლა მიღებას, რამდენად სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს პროცესი, როცა მილიონი ლარის გამანაწილებელი ორგანიზაციის შერჩევა პრეზიდენტმა თავის გარემოცვას დაავალა და, საერთოდ, რამდენად კანონიერია ეს პროცესი.

„საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი“, „სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბი“, „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, კავშირი „იმედი“ - ეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც პრეზიდენტის ფონდიდა დაფინანსება უკვე მიიღეს.   

ევრაზიის თანმშრომლობის ფონდის პროგრამის მენეჯერის, ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო სექტორის დაფინანსება დასავლეთში მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ ისეთი ფორმა, როგორც ეს საქართველოში მოხდა, გარკვეულ კითხვებს აჩენს.

„სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო სექტორის დაფინასება მიღებული პრაქტიკაა უცოხეთშიც. ეს ხორციელდება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ამ ფორმით, როგორც საქართველოში მოხდა, როცა ასე პირდაპირ გამოიყო თანხები სამოქალაქო სექტორისა და მედიისთვის, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სამოქალაქო სექტორის ერთგვარი შემორიგების, თუ მოსყიდვის მცდელობას უფრო ჰგავს. სხვა საკითხია, ისიც რომ პრეზიდენტის სარეზევრო ფონდს, რომლიდანაც თანხები მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოიყო, სულ სხვა მიზნები აქვს. ის არაა გამიზნული არასამთავრობო სექტორის დაფინანსებისთვის. მე პირადად არ მიმაჩნია ეს პროცესი ჩვენს რეალობაში მთლად ჯანსაღ პროცესად. არ გამოვრიცხავ, რომ ამ გრანტებს მისი გამცემისგან გარკვეული დაკვეთაც მოყვეს. თუმცა, თუ პროცესები გამჭვირვალედ წარიმართა, ამის პრევენციაც შესაძლებელია“,  - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.

საზოგადოების განწყობები სამოქალაქო სექტორის მიმართ

საზოგადოების დიდი ნაწილი არასამთავრობო სექტორს არ ენდობა. ამას ბოლო წლებში ჩატარებული არაერთი კვლევა ცხადყოფს. 

2011 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, რომელიც G-PAC მხარდაჭერით  ჩატარდა, გამოკითხულთა მხოლოდ 10%-მდე იცნობს სექტორის მუშაობას. არასამთავრობო ორგანიზაციებს ენდობა 18%. ამ მხრივ ბოლო წლების მანძილზე სურათი ოდნავ შეცვლილია, რადგანაც 2008-2010 წწ. არასამთავრობოებს გამოკითხულთა მხოლოდ  8% ენდობოდა.

„ეს არის იმ პიარის შედეგი, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ აგორდა.  დონორ ორგანიზაციებთან დაკავშირებით შეთქმულების თეორია  შეიქმნა, ადგილობრივ არსამთავრობოებს კი, „გრანტიჭამიებს“ ეძახდნენ.  ამ მოსაზრებების ტირაჟირება წლების განმავლობაში იმდენად ხშირად ხდებოდა, რომ ეს განწყობები საზოგადოების ცნობიერებაში დაილექა. შავი პიარი არსამთავრობო სექტორში ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსაც გაგრძელდა. იყო მცდელობა მათი მხრიდან, რომ რამდენიმე სერიოზული არასამთავრობო ორგანიზაცია რუსეთის აგენტად გამოეცხადებინათ.“ - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.

საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორს შორის არსებულ ინფორმაციულ ვაკუუმზე საუბრობს ზაალ ანჯაფარიძეც. 

„დაბალ ნდობას მრავალი მიზეზი აქვს. სამოქალაქო სექტორი ვერ ახერხებს საკუთარი თავის სათანადოდ რეპრეზენტირებას. ასევე ვერ ახერხებს იმ სერვისების პრეზენტირებას, რასაც საზოგადოებას სთავაზობს. სამოქალაქო სექტორს აქვს სუსტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან. საზოგადოება  ცუდად არის ინფორმირებული არსამთავრობოების მუშაობაზე. მედიაც არ უთმობს სამოქალაქო სექტორის გაშუქებას და შებამისად, საზოგადოება ერთგვარ ინფორმაციულ ვაკუუმში ხვდება და ინფორმაციას ვერ იღებს. “ ამბობს ანჯაფარიძე და ამატებს, რომ როცა საზოგადოება არაა ინფორმირებული, დეზინფორმაციის ტირაჟირება მარტივია, მით უფრო იმ ფონზე, როცა  გარკვეული წრეები არასამთავრობო ორგანიზაციების დემონიზაციას ცდილობენ. მისი აზრით, ნდობის აღსადგენად ერთ-ერთი მთავარი გზა არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოებას შორის მეტი კომუნიკაციის დამყარება იქნება.

ახალი ამბები