კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მარნეულის გამგებელს მისივე მოადგილე ზეწოლაში ადანაშაულებს.

4 აპრილი, 2013

სალომე ჩხეიძე

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ოთარ ჭანტურია  მასზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. ის, მუნიციპალიტეტის გამგებელს პაატა აბრამიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ იგი მისგან საკუთარი ნებით განცხადების დაწერას და სამსახურის დატოვებას მოითხოვს. ჭანტურია თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს და სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე აგრარულ საკითხებში აცხადებს, რომ პაატა აბრამიშვილმა მას განცხადების დაწერა და სასამხურიდან წასვლა მოსთხოვა, მიზეზად კი,  შეცვლილი  პოლიტიკური რეალობა დაუსახელა.

„მოგეხსენებათ, აბრამიშვილი „ქართული ოცნების“  წევრია, თუმცა მე არასოდეს ვყოფილვარ არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც სხვა რომელიმე პარტიის წევრი. განცხადების დაწერაზე უარი განვაცხადე, რის შემდეგაც დაიწყო პირდაპირი მუქარა და ზეწოლა. აბრამიშვილმა მითხრა, ან დაწერ განცხადებას ან ისე გაგიშვებ სამსახურიდან, რომ ვერასოდეს ვერსად ვერ დაიწყებ მუშაობასო. ის ასევე დამემუქრა, რომ  პროკურატურა დაინტერესდებოდა ჩემი წარსულით.“ - აცხადებს ოთარ ჭანტურია.

როგორც ჭანტურია აღნიშნავს, პირველად ზეწოლა, არჩევნების შემდეგ, აბრამიშვილის თანამდებობაზე დანიშვნიდან 1 თვის მერე დაიწყო და ახლაც, პერიოდულად, მეორდება.  მისივე თქმით, მარნეულის გამგებელს ჭანტურიას შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს და მის ადგილზე ირაკლი ალასანიას პარტიის წევრის, ნუკრი ჯოხარაძის დანიშვნას აპირებს. 

ჭანტურიას ბრალდებას პაატა აბრამიშვილი უარყოფს და აცხადებს, რომ  მას ჭანტურიაზე  არავითარი ზეწოლა არ მოუხდენია.  იგი აღნიშნავს, რომ ჭანტურიამ ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, რის გამოც აბრამიშვილმა მოხსენებითი ბარათით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს, რათა შეეტყობინება ამის შესახებ და  ჭანტურიასთვის გაფრთხილება გამოეცხადებინათ.

„არავითარ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. იგი საქმეს შესაბამისად ვერ ასრულებს, რაც ძალიან ცუდია და ამის დაფარვა არ უნდა მოხდეს, რადგან დიდი საქმე გვაკისრია გამგეობას და არ შეიძლება ასე უპასუხისმგებლოდ მოქცევა“ - აცხადებს აბრამიშვილი. 

მოხსენებითი ბარათის შესახებ უფრო დაწვრილებით საუბრობს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე და  აღნიშნავს, რომ გამგებელმა მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს ისპანდიარ ქერიმოვს, სადაც განუმარტა, რომ  ოთარ ჭანტურიას 2012 წელს სოფლის მეურნეობის განვითარების სამინისტროს დავალებით უნდა განეხორციელებინა გარკვეული აღწერითი ტიპის სამუშაოები აგრარულ საკითხებში. როგორც ბარათში ვკითხულობთ, ჭანტურიამ ვერ შეძლო საქმის ჯეროვნად შესრულება და ვადის გაზრდის მიუხედავადაც კი, ვერ მოიპოვა ტერიტორიული ორგანოებიდან სრულყოფილი ინფორმაცია, რამაც მოსახლეობა დააზარალა.

„იძულებული გავხდით, მასზე დაკისრებული მოვალეობები გადაგვენაწილებინა გამგეობის სხვა სამსახურებზე, რათა საქმე ბოლომდე მიგვეყვანა. გამგეობას დღემდე უწევს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოცემული დავალებები განახორციელებინოს გამგეობის გარკვეულ სამსახურებს და არა გამგებლის მოადგილეს აგრარულ საკითხებში.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პაატა აბრამიშვილს მიზანშეწონილად მიაჩნდა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის“ 78-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტისა და 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამგებლის მოადგილეს მიეღო გაფრთხილება“. - აღნიშნულია მოხსენებით ბარათში

ოთარ ჭანტურია არ ეთანხმება მოხსენებით ბარათში მოცემულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ მან პირნათლად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა.

მარნეულის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პაატა აბრამიშვილი აცხადებს, რომ რეალურად აღნიშნული აღწერითი საქმიანობა ბოლომდე ოთარ ჭანტურიას არ მიუყვანია.

 „სიების მომზადება დავავალე გამგეობის ეკონომიკის სამსახურის უფროსს დავით ხარშილაძეს, რომელმაც დაასრულა ეს საქმიანობა. თუ ოთარ ჭანტურია აცხადებს, რომ მან მაღალ ხარისზე შეასრულა სამუშაო, ტყუილია. 1500 კომლიანი სოფლიდან რომ 250 ოჯახის სიას წარადგენ და დანარჩენი გამორჩენილი გაქვს, ეს კარგად მუშაობა არ არის. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ჭანტურიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ანგარიშის ჩაბარების დროს მოითხოვა დროებით უფლებამოსილების შეჩერება, იგი ბიულეტინით სარგებლობდა და სამსახურში არ გამოცხადებულა 19 თებერვლიდან 28 თებერვლამდე. მირეკავდა დედამისი და მეუბნებოდა სიცხე აქვს ოთარს, ცუდად არისო, სინამდვილეში კი როგორც გაირკვა, ამ პერიოდში იგი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში იღებდა მონაწილეობას“ - აცხადებს აბრამიშვილი.

ოთარ ჭანტურია აპირებს სასამართლოს მიმართოს მოხსენებით ბარათში მის მიმართ გამოთქმული პრეტენზიის შესახებ, რადგან მიიჩნევს, რომ ამ გზით  მისი სამსახურებრივი რეპუტაცია შეილახა.

„მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემ გარდა გამგეობაში ზეწოლა სხვა პიროვნებებზეც ხორციელდება. საკუთარი განცხადების საფუძველზე სამსახური უკვე თხუთმეტმა  რწმუნებულმა და ორმა სამსახურის უფროსი დატოვა. სავარაუდოდ, ისინიც აბრამიშვილის ზეწოლის მსხვერპლნი გახდნენ“ -აცხადებს ჭანტურია.

სამსახურიდან თხუთმეტამდე პირის წასვლას ადასტურებს გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძეც, თუმცა აცხადებს, რომ მათ ეს საკუთარი ნებით გააკეთეს და ზეწოლის შესახებ არაფერი იცის.

ახალი ამბები