კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დათა ახალაიას ადვოკატი მთავარ პროკურორსა და შს მინისტრს მიმართავს

15 აპრილი, 2013

დათა ახალაიას ადვოკატი მთავარ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს, გამოიძიონ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დათა ახალაია და მეგის ქარდავა საქართველოში იმყოფებიან.

როგორც ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ აცნობა, ერთ-ერთ ახალგაზრდული გაერთიანების „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დათა ახალაია და მეგის ქარდავა ზუგდიდში იმყოფებიან, ჰყავთ კონკრეტული დაჯგუფება ადამიანებისა, ასევე აქვთ პოლიციის ფორმები და 19 აპრილს ანუ ნაციონალების აქციის დღეს აპირებენ აფხაზეთის საზღვართან მოახდინონ პროვოკაცია. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, 19 აპრილს ახალაია-ქარდავას მხრიდან, პროვოკაცია იგეგმება ბიძინა ივანიშვილის მისამართითაც.

ადვოკატი აღნიშნულ ინფორმაციას ცილისმწამებლურს უწოდებს. მისივე თქმით, სოციალურ ქსელში ზემოაღნიშნული ინფორმაციის წყაროს დასახელება ითხოვა, რაზეც მიიღო პასუხი, რომ წყარო არის ყოფილი პოლიციელი, ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში "ნაციონალების" გვერდით იდგა.

„აღნიშნული პასუხის გაცნობისთანავე, დავუკავშირდი 112-ს ოპერატორს, გამოვიძახე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელთაც ვაცნობე, რომ ახალგაზრდული გაერთიანება ავრცელებდა აღნიშნულ ინფორმაციას, ყოფილ პოლიციელზე დაყრდნობით. ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მე მოვითხოვე გამოძიების დაწყება ინფორმაციის გამავრცელებელ პირთა მიმართ და იმ პოლიციელის დაკითხვა, რომელზეც ინფორმაციის გამავრცელებლები მიუთითებდნენ, როგორც ინფორმაციის წყარზე. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა და საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელმა, ხანგრძლივი თათბირისა და ზემდგომ პირებთან სატელეფონო კონსულტაციების შემდეგ განმიცხადეს, რომ ჩემს მიერ მითითებულ გარემოებებს ოქმში არ შეიტანდნენ, ხოლო თავიანთი მხრივ მირჩევდნენ, რომ თუკი რაიმე პრეტენზია გამაჩნდა ახალგაზრდული გაერთიანება „გიყვარდეს საქართველოს“ სახელით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით – მიმემართა „ფეისბუქის" ადმინისტრაციისათვის“, - აცხადებს ირაკლი ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, გამოძახების ოქმში მათ დააფიქსირეს, თითქოს უარი განვაცხადე, ხელი მომეწერა ოქმზე და სწრაფად დატოვეს გამოძახების ადგილი.

„საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით, ინფორმაცია მივაწოდე 112-ის ოპერატორს (საუბარი ჩაწერილია) და შსს-ს გენინსპექციის ცხელ ხაზს. დანაშაულის მომზადების შეტყობინების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე ტელეფონით ვაცნობე შსს-ს სამორიგეო ნაწილს და მოვითხოვე გამოძიების დაწყება – თუმცა ამაოდ... ჩემს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, გამომძიებელი და პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება“, - აცხადებს ადვოკატი.

დათა ახალაიას ადვოკატი კატეგორიულად მოითხოვს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება - ახალგაზრდული გაერთიანება „გიყვარდეს საქართველოს“ სახელით გავრცელებული ინფორმაციის შესწავლის მიზნით; გამოვლენილი და დაკითხული იქნენ ინფორმაციის გამავრცელებლები; ასევე - გამოვლენილ და დაკითხულ იქნეს ინფორმაციის გამავრცელებელთა მიერ დასახელებული ინფორმაციის წყარო – შსს-ს თანამშრომელი.

„დარწმუნებული ვარ, ობიექტური გამოძიების შემთხვევაში, უსათუოდ დადგება პროვოკაციული და პიროვნების სახელის გამტეხი დეზინფორმაციის გამავრცელებელთა პასუხისმგებლობის საკითხი“, - აცხადებს ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები