კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეპრესიული ნარკოპოლიტიკა და მისი უკუშედეგები

23 აპრილი, 2013

მანანა ვარდიაშვილი

საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებლებს კანონი მკაცრად სჯის. თუმცა, მკაცრი კანონი პრობლემას მაინც ვერ მოერია. ექსპერტთა შეფასებით, ხისტი ნარკოპოლიტიკის შედეგად ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა, მომხმარებელთა ნაწილი კი ახალი, უფრო მეტად დამაზიანებელი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე გადაერთო.

27 წლის გიორგიმ სასჯელაღსრულების დაწესებულება 2013 წლის იანვარში დატოვა. ნარკოტიკების შენახვისა და მოხმარებისთვის მას 5 წელი ჰქონდა მისჯილი და სასჯელი სრულად მოიხადა.

„პირველი ნემსი იმიტომ გავიკეთე, რომ ძმაკაცებს „ჩმორად“ არ ჩავეთვალე. პირველს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე... ნარკოტიკებზე დამოკიდებული გავხდი. ასე გაგრძელდა 4 წელი. ვიღაცამ ჩამიშვა და პოლიციის მუდმივი თვალთვალის ობიექტი გავხდი.  მიუხედავად იმისა, რომ არ ჩამიდენია დანაშაული და არც ნარკოტიკულ საშუალებას ვყიდდი, დამიჭირეს. ნარკომანიაა დაავადებაა და არა დანაშაული. მე დანაშაული არ ჩამიდენია. ნარკოტიკებზე ჩემი დამოკიდებულებით მარტო საკუთარი თავი და ოჯახი გავანადგურე, “ – ამბობს გიორგი, რომელიც თავისფლებაზე ყოფნას ახლა თავიდან ეჩვევა. გიორგი ჯერ კიდევ  უმუშევარია, არ აქვს საკუთარი შემოსავალი და არც ის იცის, მომავალში ვინმე მის დასაქმებას მოინდომებს თუ არა.

ოფიციალური ინფორმაციით, ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების გამო  სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში ყოველწლიურად 1000–ზე მეტი ადამიანი ხვდება. პარალელურად, მათ ეზღუდებათ პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები ( ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, ადვოკატად, ექიმად, საჯარო დაწესებეულებებში მუშაობის უფლება), რაც საზოგადოებაში მათი რეინტეგრაციის შესაძლებლობებს ამცირებს.

ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ აქტიური სახელმწიფო პოლიტიკა 2007 წელს დაიწყო.  პროკურატურის ინფორმაციით, 2011 წლისთვის ნარკოდანაშაულის რიცხვი 53 პროცენტით შემცირდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, 2011 წელს ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრი 3 543 ადამიანს წაუყენეს, მათ შორის 1523 პირს ნარკოტიკების უკანონო მოხმარებისთვის, 5 717 პირს კი ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა შეუფარდეს.

„ალტერნატივა ჯორჯიას“  დირექტორი და „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ გამგეობის წევრი დავით ოთიაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა რეპრესიულია და მაგალითად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი მოჰყავს. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების ფლობა ნებისმიერი ოდენობით წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. მუხლში არ არის გამიჯნული პირი ნარკოტიკებს  პირადი მოხმარების მიზნით ფლობს თუ გასაღების მიზნით. ამავე მუხლის მიხედვით, ნარკოტიკული საშულების, მისი ანალოგის, ან პრეკურსორის დამზადება, შეძენა-შენახვა ან გასაღება მცირე ოდენობით ისჯება 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, დიდი ოდენობით  (ჰეროინის შემთხვევაში დიდ ოდენობად ითვლება  0,2-1 გრამი) შენახვა ისჯება  7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების (ჰეროინის შემთხვევაში 1 გრამზე მეტი) შენახვა კი 8-დან 20 წლამდე თავისუფლების, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. მაშინ როდესაც, იგივე კანონმდებლობა, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შემთხვევაში ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 12 წლამდე, გაუპატიურების შემთხვევაში - თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით, ხოლო განზრახ მკვლელობის შემთხვევაში - 7-დან 15 წლამდე ვადით. სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი კი ნარკოტიკული საშუალებების განმეორებითი მოხმარების შემთხვევაში ადამიანს ციხეში უშვებს“,  – ამბობს დავით ოთიაშვილი.

„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ზაალიშვილი აცხადებს, რომ რეპრესული ნარკოპოლიტიკის შედეგად საქართველოში ნარკომომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა. ის საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ და ორგანიზაცია „ბემონის“ მიერ  2013 წლის მარტში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს იმოწმებს: „კვლევებმა აჩვენა, რომ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა 40 ათასიდან 45 ათასამდე გაზარდა. ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფართოდ დეკლაირებულმა კამპანიამ გამოიწვია ის, რომ დღეს საქართველოში ნარკომომხმარებელთა ნაწილი უფრო მეტად დამაზიანებელი  ე.წ. კუსტარულ ნარკოტიკების მოხმარებაზე გადაერთო“.

ექსპერტთა შეფასებით, სიტუაციას ისიც ამწვავებს, რომ მოზარდები ნარკოგამოცდილებას პირველად  სწორედ ასეთი კუსტარული, ყველაზე საშიში ნარკოტიკით – „ნიანგით“ (დეზომორფინით, ე.წ. კრაკადილით) იღებენ და მისი სიიაფის გამო მის მიმართ ლტოლვაც ძალიან დიდია.

მედიკოსები „ნიანგს“ თვითმკვლელთა ნარკოტიკს უწოდებენ. მისი მოხმარება, მასში შემავალი ქიმიური ნივთიერებების გამო, ძალიან სწრაფ შედეგს იწვევს - ის მორფზე 20-ჯერ უფრო ტოქსიკურია. „ნიანგი“ აქამდე  გავრცელებულ კუსტარულ ნარკოტიკებზე გაცილებით უფრო ადრე იწვევს დამოკიდებულებას, თრობიდან გამოსვლის შემდეგ კი ნარკომომხმარებელი მტანჯველ ტკივილს განიცდის და საჭიროებს ხელახალ მაღალ დოზას, რაც ზედოზირებისა და სიკვდილიანობის რისკის ზრდას იწვევს.

ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრი პაველ ბემი მიიჩნევს, რომ  საქართველოში ნარკოპოლიტიკა აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ის საკუთარ მოსაზრებას საერთაშორისო გამოცდილებით ამყარებს: „ნარკომომხმარებელთა დაპატიმრება და მათი დამნაშავეებად აღქმა ჯერ კიდევ ჩვეულებრივი მოვლენაა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. უკანასკნელი 20 წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ნარკომომხმარებელთა ციხეში გამოკეტვა ძალიან არაეფექტურია და ძალიან ძვირი უჯდება სახელმწიფოს მათი ციხეში შენახვა. ამით კი ვკარგავთ რესურსს მათი მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის. მსოფლიო გამოცდილებით, ნარკოტიკების მომხმარებელთა დეკრიმინალიზაციას ბევრი პოზიტიური შედეგი აქვს. დეკრიმინალიზაციის პროცესში ადვილია წვდომა ე.წ. დამალულ ნარკომომხმარებლებთან, რომლებსაც ჯანდაცვის სფეროსთან კონტაქტი არ აქვთ. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში არსებული 45 ათასი ნარკომომხმარებლიდან ჯანდაცვის სერვისებით მხოლოდ ერთი მეოთხედი სარგებლობს. ეს ნიშნავს, რომ დანარჩენი ნარკომომხმარებლები შეიძლება დაავადნენ შიდსით ან ცე ჰეპატიტით და ამით საფრთხეს შეუქმნან დანარჩენ საზოგადოებასაც“.

ნარკოკანონმდებლობის გადახედვა და მასში ცვლილებების შეტანა საქართველოს პარლამენტში საშემოდგომო სესიისთვისაა დაგეგმილი. „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ წევრებს იმედი აქვთ, რომ ახალი ხელისუფლება მეტად  გაითვალისწინებს განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას და მათ რეკომენდაციებს.  ახალი ნარკოპოლიტიკის შემუშავების პროცესში ქსელის წარმომადგენლები უკვე ჩაერთვნენ. საპარლამენტო კომიტეტთან არსებულ ექსპერტთა საბჭოში სამი სპეციალისტია, აქედან ერთი უშუალოდ თემის წარმომადგენელი.

ახალი ამბები