კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამნისტირებული პატიმრების მიერ განმეორებით ჩადენილი დანაშაულები

29 აპრილი, 2013

საბა წიწიკაშვილი, შიდა ქართლი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2012 წლის დეკემბერში მიღებული ამნისტიის კანონის საფუძველზე გათავისუფლებული პატიმრებიდან, დაახლოებით, 150 პირი კვლავ დაკავებულია. ამის შესახებ მინისტრმა 19 მარტს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ერთი თვის შემდეგ, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ეს ციფრი 200-მდე გაზარდა.

საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, მიღებულმა კანონმა ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა გააუარესა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა რამდენიმე ფაქტი გორში მოიძია, რომლის მიხედვით, ცნობილი ხდება, თუ რა დანაშაული ჩაიდინეს ამნისტირებულმა პატიმრებმა.

I ფაქტი

23 წლის კასპელი ალ. ნ-შვილი ამნისტიამდე სასჯელს თაღლითობის ბრალდებით იხდიდა. საქმე მობილური ტელეფონს ეხებოდა. ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ ნ-შვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. 2013 წლის 4 თებერვალს ამნისტირებული პატიმარი კვლავ დააკავეს. მას მეგობრის მკვლელობის მცდელობაში და სხეულის განზრახ დაზიანებაში ედება ბრალი.

23 წლის ახალგაზრდას ინტერესებს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე იცავს. მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დარღვევა აზრადაც არ მოსვლია. ინციდენტი, რომელიც ამნისტირებულ პატიმარს შეემთხვა, ოჯახურ პრობლემას, კერძოდ, მეუღლესთან ეჭვიანობას უკავშირდება.  როგორც ბრალდებულის დამ განაცხადა,  მისი ძმა ღალატის სცენას შეესწრო.

II ფაქტი

65 წლის გორელ თ. წ-შვილს უვადო პატიმრობა ემუქრება. გორის პროკურატურა მას  ბრალს  რამდენიმე დანაშაულის ჩადენაში სდებს, კერძოდ - 20 წლის გოგონას მიმართ სექსუალურ ძალადობაში, განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამამძიმებელ გარემოებაში და განზრახ მკვლელობის მცდელობაში უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული, 1996 წლიდან იმ ქალთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც ამ დაჭრილი გოგონას დედაა. ბრალდებული 2010 წლის აპრილს მეზობლის დაჭრისთვის იყო დაკავებული, ხოლო 2012 წლის დეკემბერში, ამნისტიით გაათავისუფლეს.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ბრალდებული ისევ ამ ოჯახს დაუბრუნდა საცხოვრებლად, მაგრამ მეუღლე თურქეთში დახვდა წასული. სახლში მხოლოდ მისი გერი გოგონა იმყოფებოდა. 

ბრადელბულს და გოგონას ერთმანეთში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. გოგონამ 2013 წლის 26 აპრილს სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ როდესაც ის 15 წლის იყო, აღნიშნულმა პიროვნებამ მასთან ძალადობით დაამყარა სექუალური კავშირი. „შემდეგ კი მაშანტაჟებდა და თუ მომხდარს ვინმესთან ვიტყოდი, მოკვლით მემუქრებოდა“, - ამბობს გოგონა.

გოგონას დედა თურქეთიდან მას შემდეგ დაბრუნდა, როდესაც მას შვილმა დაურეკა და უთხრა, რომ იგივე კვლავ მეორდება.

„აღნიშნული პიროვნება ჩვენთან რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მე მასთან, როგორც მამასთან, ისეთი ურთიერთობა მქონდა. თვითონ ყოველთვის აგრესიულად იყო ჩემს მიმართ. ტელეფონს ხშირად მართმევდა და მიმოწმებდა. მეგობრებთან წასვლას მიკრძალავდა, ეჭვიანობდა. ხოლო დაქალთან თუ გავიდოდი, თვითონაც მომყვებოდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჩემთან კვლავ ძალადობით დაამყარა სექსუალური კავშირი, რის შემდეგაც სახლიდან გავიქეცი და მაშინვე დედაჩემს დავურეკე, რომელიც თურქეთში იმყოფებოდა. ამ ამბავს მეორედ უკვე ვეღარ დავუმალავდი. შევატყობინე და მეორე დღესვე დედა ჩამოვიდა. შევიტანეთ საჩივარი პოლიციაში, ის სახლიდან გავაგდეთ და ავუკრძალეთ ჩვენთან მოსვლა. ის მთელი 2 თვის განმავლობაში ტელეფონზე გვირეკავდა და გვემუქრებოდა, რომ განცხადება გაგვეტანა პოლიციიდან. მაგ ბრალდებით მე ციხეში არ წავალო და განცხადების უკან გატანას გვთხოვდა, რაზეც ჩვენ რა თქმა უნდა, უარს ვეუბნებოდით“, - განუცხადა სასამართლოზე გოგონამ მოსამართლეს.

„2013 წლის 29 იანვარს მე, დედა და ჩვენი მეზობელი სახლში ვიყავით. ის ჩვენთან ჩუმად შემოვიდა, ისე, რომ არც დააკაკუნა. შარვლის ჯიბეში ხელი ქონდა ჩაყოფილი და დანა ნახევრად უჩანდა. დედა მის დანახვაზე განერვიულდა და სთხოვა, სახლიდან წასულიყო.  სად უნდა წავიდე, უნდა დაგხოცოთ თქვე ნაბოზვრებოო - გვეუბნებოდა და დედაჩემისკენ გაიწია. ამ დროს მე გადავეფარე, დედაჩემს ნუ მოკლავ, მე დამარტყი დანა-მეთქი, ვუთხარი.  მან დანა ჯერ გულმკერდის არეში დამარტყა, შემდეგ ისევ დედაჩემისკენ გაიწია. მე ისევ შევუშალე ხელი, დედამდე არ მისულიყო. ამ დროს დანა მეორედ დამარტყა მუცლის არეში და თან დამიტრიალა. მესამე ჭრილობა ხელზე მაქვს, მაგრამ ხელი რა დროს დამიზიანა, აღარ მახსოვს. გონება მქონდა დაკარგული“, - აცხადებს დაზარალებული გოგონა.

რაც შეეხება იმ საჩივარს, რომელიც მანამდე დედა-შვილმა გაუპატიურების საქმეზე პოლიციაში შეიტანეს, დაჭრის მომენტში, ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ იყო ცნობილი.

„ჩვენს ყვირილზე მეზობლები რომ მოვიდნენ და პატრულში რეკავდნენ, ამ დროს გაიქცა სახლიდან. გამომძიებლისგან გავიგე, რომ ის ადრე 1982 წელში 15 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის არის ნასამართლევი და ასევე იარაღის უკანონო შეძენა შენახვისთვის. მოვითხოვ ეს პიროვნება უმკაცრესად დაისაჯოს“, - ამბობდა გოგონას დედა სასამართლოზე.

ბრალდებული ყველა ამ ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ ის მათთან სახლში სალაპარაკოდ მივიდა და ცდილობდა, გაერკვია, რატომ შეიტანეს საჩივარი მის წინააღმდეგ. მან სასამართლო პროცესზე დედა შვილს აფერისტები უწოდა. მას ეჭვი აქვს, რომ დედა-შვილს მისი ციხიდან გამოსვლა არ ესიამოვნათ და კვლავ მისი მოშორება სურთ.

„ღმერთი შენ და შენს შვილს არ გაპატიებთ ამდენ სიცრუეს“, - მიმართა ბრალდებულმა აწ უკვე ყოფილ მეუღლეს.

III ფაქტი

გორში 15 წლის არასრულწლოვანს ა. ი-ს პროკურატურა ქურდობაში სდებს ბრალს. ფაქტი მეჯვრისხევის ბარაკებში დაფიქსირდა. არასრწულწლოვანმა მეზობლის, რამაზ გამგებლის კუთვნილ სათავსოს ბოქლომი დაუზიანა, ფარულად შევიდა შიგ, საიდანაც ელექტროსადენი, ხელის ელექტროშემადუღებელი, საკანცელარიო და პირადი მოხმარების ნივთები და სხვადასხვა ფირმის კანფეტები (ჯამში 165 ლარის ღირებულების) წაიღო.

მან დანაშაული აღიარა და გირაოს 1000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ნივთები კი დაზარალებულს უკან დაუბრუნდა.

არასრულწლოვანი ერთი წლის წინ იგივე მუხლით იყო დაკავებული, რომელსაც ერთწლიანი პირობითი მსჯავრი დაადეს და 2012 წლის დეკემბერში საყოველთაო ამნისტია შეეხო.

ბრალდებულის ადვოკატი მაგული გოგოლაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სოციალურად დაუცველ ოჯახთა კატეგორიას განეკუთვნება. დედასთან ერთად ცხოვრობს და უაღრესად გაჭირვებულები არიან.

„გვინდა ეს ბავშვი საზოგადიებისთვის და ქალაქისთვის კარგ ადამიანად აღიზარდოს. იმედია, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით დააკავებენ. დედამისი მაღაზიაში მუშაობით ირჩენდა თავს. სკოლიდან მე-6 კლასიდან გამოიყვანეს, იმის გამო, რომ წიგნების საყიდელი ფული არ ქონდათ“, - აღნიშნავს მაგული გოგოლაძე.

ახალი ამბები