კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯერ კიდევ მყიფე დემოკრატია

8 მაისი, 2013
 
The Economist

შარშანდელი საპარლამენტო არჩევნები, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ქართული დემოკრატიისთვის – ქვეყნის ისტორიაში პირველად, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდა. ექვსთვიანი მმართველობის შემდეგ, ახალი მთავრობის პირველი შეფასების დროა: აღადგენს ის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, თუ უკან დაიხევს თავისი დემოკრატიული ვალდებულებებისგან?

გასულმა თვემ ფრთხილი ოპტიმიზმისთვის ორი საფუძველი გააჩინა. პირველი, 6 მარტს, პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილისადმი ევროპარლამენტის ევროპის სახალხო პარტიის (EPP) 23 წევრის მიმართვასთან არის დაკავშირებული. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან წაქეზებული წერილის ავტორები (სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ („ენმ“) EPP-ს დამკვირვებელი წევრია)) აღნიშნავენ, რომ „საზოგადოების მხრიდან დღემდე მიმდინარეობს ზეწოლა დეპუტატებსა და ადგილობრივ კანონმდებლებზე“, „ზეწოლა სასამართლოსა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ და თვითგასამართლებების და „საქართველოს ევროპული მომავლის დასამარების“ წინააღმდეგ აფრთხილებენ.

წერილი კარგი არ არის. კრიტიკის სიმძაფრით, დეპუტატების სულისკვეთებას ცოტა ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია თუ შეედრება. გარდა იმისა, რომ არაფერი ახალი არ თქმულა, წერილში მოყვანილი დაუსაბუთებელი ბრალდებები იმ ტალახის სროლის გაგრძელებაა, რაც ბოლო თვრამეტი თვის განმავლობაში ქართული პოლიტიკის პოლარიზებას იწვევს.

პასუხი უფრო საინტერესო აღმოჩნდა. ბ-ნი ივანიშვილის პირველი ინსტინქტი ცეცხლზე ცეცხლის გახსნა იყო. მან წერილს „სამარცხვინო“ უწოდა და ავტორები იმაში დაადანაშაულა, რომ ისინი „სააკაშვილის ტყუილებში ცხოვრობენ“. ის უფრო გაწონასწორებული გახდა და ეს შესაძლოა, უცხოელი ლობისტების გავლენის დამსახურებაა, რომლებიც მთავრობამ ცოტა ხნის წინ ხელახლა დაიქირავა. „ევროპის სახალხო პარტიისადმი“ 14 მარტს მიწერილ ღია მიმართვაში, ის ამტკიცებს, რომ ქართველი ხალხი და მისი მთავრობა ევროპის დემოკრატიულ ფასეულობებს იზიარებს. არ უცდია რა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დემოკრატიული მიღწევების აღიარება, ის ამტკიცებს, რომ მისი მთავრობა ცდილობს იმ პრობლემების გამოსწორებას, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ავტოკრატიისკენ გადახრამ შექმნა.

იმაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი, თუ რა თქვა მან, არის ის, თუ როგორ თქვა მან ეს. მოიყვანა რა საკუთარი განცხადებების დასადასტურებლად მთელი რიგი სამოქალაქო საზოგადოებრივი წყაროებისა, და დაპატიჟა რა თავისი უცხოელი კრიტიკოსები უფრო დეტალური მონიტორინგისთვის, მან დებატებში ობიექტურობის ხარისხი შემოიტანა, რის დეფიციტსაც განიცდიდა ქართული პოლიტიკა. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის: მთავრობის მოწვევით, ევროკავშირმა მარტის დასაწყისში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა საქართველოს საქმიანობის მხარდასაჭერად იუსტიციის სექტორის რეფორმირების პროცესში.

შვეიცარიის ელჩმა ამას „შესანიშნავი პასუხი უწოდა“, რაც „ძალიან კარგად გამოხატავს ქართველი ხალხის გულისწყრომას“. ის აცხადებს, რომ საქართველო „გაცილებით უფრო თავისუფალია, ვიდრე ოდესმე და ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე ნებისმიერი ქვეყანა მის სამეზობლოში“, ხაზი გაუსვა რა ბ-ნი ივანიშვილის დიალოგის სურვილს სამოქალაქო საზოგადოებასთან, როგორც განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ფაქტს.

თუმცა, რეალური დემოკრატიული წინსვლა დამოკიდებულია უფრო მეტ ფაქტორზე, ვიდრე ლიდერის პერსონალური პოზიციაა. ოპტიმიზმის მეორე საფუძველი მდგომარეობს იმაში, თუ როგორ მუშაობს პარლამენტი. 25 მარტს, პარლამენტარებმა ერთსულოვნად მიიღეს მათი პირველი „საკონსტიტუციო ცვლილება“, რითაც გაუუქმეს პრეზიდენტს ახალი მთავრობის დანიშვნის უფლება პარლამენტის თანხმობის გარეშე. დიდი წინააღმდეგობის შემდეგ, კოალიცია „ქართული ოცნება“ დათანხმდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თხოვნას მთავარ კენჭისყრამდე გამოსაცდელი კენჭისყრის ჩატარების შესახებ, მისცა რა „ენმ“-ს დემოკრატიულ პროცესში მისი როლის აუცილებლობის დამტკიცების შესაძლებლობა. ეს მოჰყვა ორპარტიულ დეკლარაციას ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე, რომელიც პარლამენტმა 7 მარტს მიიღო.

ბოლო თვრამეტი თვის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილი და ივანიშვილი დომინირებენ. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს პროგრესს პარლამენტში. 21 მარტს, საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ, ორივე ლიდერი გააკრიტიკა. ეს არსებითია: აქამდე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ დეპუტატს არ გაუკრიტიკებია სააკაშვილი ასე ღიად. ამ ფონზე, ბობოხიძის აქცენტი პარლამენტზე, როგორც ქართველი ხალხის კანონიერ წარმომადგენლობაზე, მისასალმებელია.

ამ როლის სრულყოფისთვის, პარლამენტს უკეთესი ხალხი სჭირდება. 27 მარტს, ივანიშვილმა გააკრიტიკა ბევრი საკუთარი პარლამენტარი „ქართული ოცნებიდან“, და პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სიტყვები დაიმოწმა, რომელიც ამბობს, რომ „სამი კაციც კი არ ჰყავს“ ისეთი, რომელიც მას დაეხმარება.

ეს მნიშვნელოვანია. მართალია, პარლამენტის ბოლოდროინდელი უნარი კონსენსუსის მიღწევისა შესანიშნავია, თუმცა ნამდვილი გამოწვევა იქ არის, სადაც პარტიებს შორის სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა. სასამართლოს, ნაფიც მსაჯულთა და ადგილობრივი თვითმმართველობის დაგეგმილი რეფორმები სერიოზული დავის საგნად იქცა. ყველა ამ სფეროში დაგეგმილმა გარდაქმნამ უნდა გააღრმაოს ქართული დემოკრატია, მაგრამ მას შეუძლია ასევე განამტკიცოს ერთპარტიული მმართველობა. როგორც ყოველთვის, ეშმაკი დეტალებშია.

იმავდროულად, დედაქალაქის საკრებულოში დაწყებულმა ბოლოდროინდელმა ბრძოლამ განაახლა ბრალდებები მთავრობის მხრიდან ხელების გადაგრეხაზე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილს თბილისში ღია აქციის მოწყობას გეგმავს და საზოგადოებას „უამრავ სიურპრიზს და ახალ ამბავს“ ჰპირდება. წლის მიწურულს უფრო მკაფიო გახდება, განიცდის თუ არა დემოკრატია რეალურ პროგრესს საქართველოში.

თარგმანი: www.foreignpress.ge

ახალი ამბები