10:32, Friday, 30.10.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს

22.05.2013

სივილ ჯორჯია

21 მაისს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკავებულები არიან კორუფციულ საქმესთან დაკავშირებით.

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი ქუთაისში დააკავეს, სადაც ისინი სამხარეო პროკურატურაში მეორედ დაიბარეს დასაკითხად მას შემდეგ, რაც თებერვალში მოწმის სახით იყვნენ დაკითხულები საქმეზე, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში დაწყებული უმუშევართა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში 5.2 მლნ ლარის ოდენობით საბიუჯეტო სახსრების, სავარაუდო, არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ; მეორე საქმეზე გამოძიება მერაბიშვილს სახელმწიფოსთვის 158 ათასი ლარის ზიანის მიყენებას ედავება.

პროკურატურამ ამ ეტაპზე  მერაბიშვილის „კორუფციული საქმიანობის“ ეს ორი ეპიზოდი გამოაცხადა გახსნილად და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მას ასევე წარედგინება ბრალი კიდევ ორ ეპიზოდზე - 26 მაისის მოვლენებისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში, რომლებიც „ფაქტობრივად დასრულებულია“.

ორ გახსნილ ეპიზოდთან დაკავშირებით, პროკურატურა აცხადებს, რომ  გამოძიებას გააჩნია, დაახლოებით, ასეულობით ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელთა „ერთობლიობა საკმარისია დასკვნისათვის, რომ ივანე მერაბიშვილმა ჩაიდინა“ სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლის (ამომრჩევლის მოსყიდვა), 182-ე მუხლის (მითვისება-გაფლანგვა) მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულები.

მისთვის ინკრიმინირებული ქმედება ითვალისწინებს 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ სასამართლოს  მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს, ვინაიდან „არსებობს უტყუარი მასალები, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად“.

პირველი ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდს უკავშირდება და მასში ასევე ფიგურირებს მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი,  პროკურატურა აცხადებს: „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის, აგრეთვე სახელმწიფო სახსრებით დასახელებული პარტიის შენიღბული და ფარული დაფინანსების მიზნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზურაბ ჭიაბერაშვილთან და სხვა პირებთან ერთად დაგეგმა და განახორციელა თვალთმაქცური ოპერაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოში უმუშევართა აღრიცხვისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხებიდან 5,2 მლნ ლარი უკანონოდ ჩაერიცხა დაახლოებით 22 ათას პირს, თითოეულს 240 ლარის ოდენობით. მითითებული პირები მოჩვენებითად გააფორმეს, როგორც შტატგარეშე თანამშრომლები, სინამდვილეში, მათ არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ, ხოლო ფული მიიღეს მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის ხმის მიცემისა და საარჩევნო აგიტაციის წარმოების სანაცვლოდ. ამრიგად, ივანე მერაბიშვილის ქმედებით სახელმწიფომ იზარალა 5,2 მლნ ლარი“.

მეორე ეპიზოდი მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდთან არის დაკავშირებული და პროკურატურის განცხადებაში მასზე ნათქვამია: „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ივანე მერაბიშვილს დასვენებისთვის მოეწონა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კვარიათში ზღვის პირას მდებარე, შპს “საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის” კუთვნილი ფეშენებელური აგარაკი და, 2009 წლის მაისში, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით და დაშინებით დაიკავა იგი და, ოჯახთან ერთად, თითქმის ოთხი წლის განმავლობაში უსასყიდლოდ სარგებლობდა ამ ქონებით. მანვე, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და სხვისი აგარაკის საკუთარი ოჯახის წევრების გემოვნებით მოწყობის მიზნით, გაარემონტა იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებებით. დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ივანე მერაბიშვილის მიერ გამოყენებულ იქნა საიდუმლო ხარჯები, რომლითაც, კანონის თანახმად, უნდა დაფინანსებულიყო დანაშაულთან ბრძოლისათვის გათვალისწინებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებები. მისივე განკარგულებით, სამინისტროს ბიუჯეტიდან  იფარებოდა აგარაკზე მომუშავე დამხმარე პერსონალის სახელფასო ანაზღაურებაც. შედეგად, სახელმწიფოს მიადგა 158 ათასი ლარის ზიანი“.

პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ მერაბიშვილს „უახლოეს პერიოდში“ წარედგინება დამატებითი ბრალი კიდევ ორ საქმეზე.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებულ საქმესთან მერაბიშვილის კავშირზე პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მან „სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, საკუთარი მეუღლის თამარ (თაკო) სალაყაიას, აგრეთვე, სხვა მასთან დაახლოვებული პირების მომხდარი დანაშაულისაგან ხელოვნურად განრიდების მიზნით, უზრუნველყო მოცემულ საქმეზე უკანონო, ფალსიფიცირებული სამართალწარმოების განხორციელება და შეგნებულად შეუშალა ხელი ამ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას“.

გამოძიების განცხადებით, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლისას მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის „უშუალო დავალებით, ორგანიზებითა და პირადი კონტროლით“ საპოლიციო ქვედანაყოფებმა მშვიდობიანი, ალყაშემორტყმული მოქალაქეების წინააღმდეგ აშკარად არათანაზომიერი, არაპროპორციული და გადაჭარბებული ძალა გამოიყენეს, რის შედეგადაც „გარდაიცვალა ორი და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო მრავალმა ადამიანმა“.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC