კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

17 მაისის მოვლენების გაშუქებისას მედიის ძირითადი პრობლემა იყო ტერმინების არასწორი გამოყენება

22 მაისი, 2013

 media.ge

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ   17 მაისს ტელეკომპანიების საინფორმაციო გამოშვებების   მონიტორინგი ჩაატარა. დაკვირვების ქვეშ მოექცა  შემდეგი ტელეარხები: საზოგადოებრივი მაუწყებალი, „რუსთავი 2“,  „იმედი“, „მაესტრო/მაესტრო 24“, „მეცხრე არხი“, „კავკასია“, „აჭარა“.

Media.Ge გთავაზობთ ეთიკის ქარტიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს.
17 მაისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენები სატელევიზიო არხებმა ადეკვატურად გააშუქეს. მაყურებელს ტელეკომპანიათა ეთერში მეტნაკლებად შეეძლო ენახა აქციისა და მომხდარი დაპირისპირების ამსახველი კადრები, მოესმინა კომენტარები და შეფასებები. ახალი მასალისა და ინფორმაციის ეთერში გადაცემა ხდებოდა ოპერატიულად. ტელეკომპანიების მხრიდან აშკარად შეინიშნებოდა მცდელობა მაქსიმალურად შეეკვეცათ სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები, რათა ისინი არ მოხვედრილიყო ეთერში, ტელეკომპანია “მეცხრე არხის” ერთ-ერთმა წამყვანმა ეთერში ბოდიშიც მოუხადა მაყურებელს, თუ მათი მცდელობის მიუხედავად ამგვარი ტექსტი ეთერში მაინც მოხვდებოდა. მცდელობის მიუხედავად, ჰომოფობიის გასაპროტესტებლად დაგეგმილი აქციის მონაწილეთა მისამართით მათი მოწინააღმდეგეების მხრიდან ყველა ტელეკომპანიის ეთერში მაინც ისმოდა სალანძღავი სიტყვები.

მთავარი პრობლემა, რომელიც 17 მაისის მოვლენების გაშუქებისას, ძირითადად დღის საინფორმაციო გამოშვებებში გამოიკვეთა, იყო ტერმინების არასწორი გამოყენება, რაც საბოლოო ჯამში მაყურებლის შეცდომაში შეყვანას გამოიწვევდა. მაგალითად: ტელეკომპანიების უმრავლესობა ჰომოფობია/ტრანსფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოიხსენიებდა: ლგბტ პირები, ლგბტ წარმომადგენლები, ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლები, სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლები. გამოშვებაში გასულ ტიტრებში კი აქციას ერქვა “ლგბტ აქცია”. ამ მხრივ გამონაკლისი აღმოჩნდა “კავკასია”. მას ექსტრემალურ საინფორმაციო ეთერი არ ჰქონია, ტელეკომპანიამ საინფორმაციო მაუწყებლობა 17.00-საათიდან დაიწყო და აქციას თავიდანვე მოიხსენიებდა, როგორც “იდენტობის” მიერ დაგეგმილ პროტესტს ან ჰომოფობიის წინააღმდეგ  მიმართულ აქციას.

ტელეკომპანიების უმრავლესობამ ეს უზუსტობა უკვე დღის მეორე ნახევარში გაასწორა, როდესაც პარლამენტთან დაგეგმილ აქციას სრულად მოიხსენიებდნენ როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართულ აქციას, შეიცვალა ტიტრებიც.

თუმცა ამ მხრივ, საღამოს მთავარ გამოშვებაში უზუსტობა მაინც მოხვდა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, 20.00-ზე საინფორმაციო გამოშვებაში წამყვანებს კოლეგების შეცდომა არ გაუმეორებიათ, თუმცა პირდაპირ ჩართვაში ჟურნალისტი კვლავ მოიხსენიებდა აქციას, როგორც ლგბტ წარმომადგენლების აქციად, სიუჟეტში კი ადამიანებს, რომლებსაც მოწინააღმდეგეები მისდევდნენ, სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლებად.

მომხდარი დაპირისპირებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში სატელევიზიო ეთერებში დომინირებდა “იდენტობის” მიერ დაგეგილი აქციის მოწინააღმდეგეთა პოზიციები, კომენტარები, ვიდეო და თითქმის არ გაჟღერებულა ჰომოფობიის გასაპროტესტებლად დაგეგმილი აქციის ორგანიზატორთა ან მხარდამჭერთა პოზიცია. არხების ნაწილის ეთერში არ ჩანდა, რომ ისინი ცდილობდნენ ჩაშლილი აქციის ორგანიზატორებისკომენტარების მოპოვებას.

განმარტება ტელეკომპანია “მაესტრო 24”-მა გააკეთა, რომ ისინი დაუკავშირდნენ “იდენტობის” წარმომადგენლებს, თუმცა სატელევიზიო კომენტარზე უარი მიიღეს. როგორც “მაესტრო”, ისე სხვა ტელეკომპანიებიც ამ სიცარიელის შევსებას სხვადასხვა უფლებადამცველებისა და საზოგადოების წარმომადგენლების კომენტარებით ცდილობდნენ.

მედიის მიერ არასწორი ტერმინოლოგიის გამოყენების გამო მაყურებელს გაუჭირდებოდა იდენტიფიცირება, კონკრეტულად რას ემსახურებოდა 17 მაისს პარლამენტის წინ დაგეგმილი აქცია, რომელიც ვერ შედგა და რა სხვაობა იყო “გეი აღლუმსა” და ჰომოფობია/ტრანსფობიის წინააღმდეგ პროტესტს შორის. დღის განმავლობაში ჩართვებისას ჟურნალისტები იმეორებდნენ, რომ მართლამდიდებლური მრევლის წარმომადგენლები  სექსუალური უმცირესობების წარმომაგდენლებს დაუპირისპირდნენ. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ აქციაში მხოლოდ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კიდევ რამდენიმე პრობლემა, რომელიც 17 მაისის გაშუქებისას გამოიკვეთა იყო ფაქტების სიზუსტე, შეფასებების დაუბალანსებლობა და ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების შესაძლებლობა.

ადგილი ჰქონდა არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირებასაც, ,,მეცხრე არხის“ 13:00 საათიან გამოშვებაში წამყვანმა განაცხადა, რომ აქციაზე სიტუაცია დაიძაბა ,,სადაც ცრემლსადენი გაზი გაუშვეს“ ,,პოლიცია იძულებული გახდა ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინა“. მოგვიანებით, ჯერ შუადღის ერთ-ერთმა წამყვანმა – შალვა რამიშვილმა უარყო ეს ინფორმაცია, ხოლო შემდეგ კვლავ საინფორმაციოს წამყვანმა 14:00 საათიან გამოშვებაში, მობოდიშების გარეშე განაცხადა, რომ ,,გავრცელებული ინფორმააცია ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ არ დადასტურდა“.

გადაუმოწმებელი ინფორმაციების გადაცემით ,,მეცხრე არხმა“ ვერ უზრუნველყო მაუწყებელთა ქცევის კოდექსით გათვალისწინებული ,,ჯეროვანი სიზუსტის დაცვის“ პრინციპის დაცვა.

საინფორმაციო გამოშვებებში საზოგადოებრივ მაუწყებელზე აშკარად შესამჩნევი იყო, რომ მაუწყებელმა მკვეთრად მეტი დრო დაუთმო “იდენტობის” მიერ დაგეგმილი აქციის მოწინააღმდეგეთა პოზიციების გამოხატვას. სიუჟეტებში ნაკლებად ჩანდნენ განსხვავებული პოზიციის ადამიანები. მხოლოდ რამდენიმე საზოგადოებისთვის ცნობილი სახე და პოლიტიკოსთა მცირე ჯგუფი აფიქსირებდა სიუჟეტებში იმას, რომ ყველა ადამიანს, ჯგუფს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლება.

„მოამბემ“ ყველა გამოშვებაში გაუშვა საზოგადოებისთვის ცნობილი მსახიობის გივი სიხარულიძის კომენტარი სადაც ის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს, შეურაცხმყოფელი, შეუსაბამო ტერმინით მოიხსენიებდა. ეს კომენტარი „მოამბის“ მთავარ გამოშვებაშიც მოხვდა ( 20 სთ 19წთ-ზე)  ვფიქრობთ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაზე მეტადაა ვალდებული, არ დაუშვას მსგავსი გამოთქმების ტირაჟირება საკუთარი ეთერით.

სახალხო დამცველის და ახალგაზრდების ჩანაწერის ეთერში გაშვების დროს, რამდენიმე ახალგაზრდამ უცენზურო სიტყვებით მოიხსენია აქციის ორგანიზატორები, “მოამბის” რედაქციას შეეძლო  ამოეჭრა ეს მონაკვეთი, რადგან ამ შემთხვევაში ეს არ იყო პირდაპირ ეთერში გამართული დიალოგი. მით უფრო როცა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულია: “მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური, ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება.”

კონკრეტულ რეკომენდაციას გვთავაზობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსი, რომელიც მაუწყებლის ყველა ჟურნალისტისთვის სავალდებულოდ შესასრულებელია: მუხლი: 15.9 ყურადღება გმართებთ სიტყვებისა და გამოთქმების შერჩევისას. თქვით ჰომოსექსუალი ან ბისექსუალი, დაუშვებელია ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორებიცაა მამათმავალი, პედერასტი, ცისფერი, ნურც გადაცემაში მოწვეულ სტუმრებს მისცემთ უფლებას ამგვარი სიტყვები გამოიყენოს.

17 მაისს ეთერში გასულ რეპორტაჟებში შესაძლებელი იყო ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის მონაწილეთა იდენტიფიცირებაც, რომლებიც რეპორტაჟების მიხედვით, პუშკინის სკვერში შეიკრიბნენ. ასევე რამდენიმე რეპორტაჟში, აჩვენეს ერთ-ერთი გოგონა, რომელიც აქციის მონაწილეთა თავდასხმის ობიექტი გახდა, რადგან მას ჰომოფობიის წინააღდეგ მიმართული პლაკატები ეჭირა ხელში. კადრებში ჩანდა, რომ გოგონა სახის დაფარვას ცდილობდა, თუმცა შეხლა-შემოხლაში საფარი მოძვრა და კადრის არგადაფარვის გამო, მისი სურვილის მიუხედავად, მისი იდენტიფიცირებაც შესაძლებელი გახდა. მაგალითად, “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთ სპეცგამოშვებაში ჟურნალისტები მიუთითებდნენ ლგბტ პირების თავშეყრის და  მარშრუტის შესახებ, რომლის გარკვევასაც, სხვა ჟურნალისტების დაკვირვებით, სასულიერო პირები და მათი მიმდევრები აქციის დროს გამუდმებით ცდილობდნენ. მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 51-წ მუხლი ამბობს, რომ ,,მაუწყებელმა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გააშუქოს შეიარაღებული დაპირისპირება, უბედური შემთხვევები, საგანგებო ვითარება, პატივი უნდა სცეს აუდიტორიის ემოცეიბს და დაიცვას ბალანსი, საზოგადოებისთვის საინტერსეო ინფორმაციის მიწოდებასა და პიროვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმურ მოლოდინს შორის“. რედაქციებს ყველა ძალა უნდა გამოეყენებინა და სიფრთხილით უნდა მოკიდებოდა იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებიც იმ დღეს მოძალადეთა სამიზნეს წრმოადგენდნენ.

საინფორმაციო გამოშვებებზე ერთდღიანი დაკვირვების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ტელეკომპანიების ჟურნალისტებისა და წამყვანები ტექსტები  იყო ნეიტრალური, ამასთან არხები დღის განმავლობაში გვთავაზობდნენ ერთმანეთისგან განსხვავებულ მოსაზრებებს, ზემოთ ნახსენები ხარვეზების მიუხედავად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიებმა საზოგადოებრივი მაუწყებელი, “რუსთავი2” “იმედი” მაესტრო/მაესტრო 24, მეცხრე არხი, კავკასია, აჭარა  - შეძლეს საზოაგდოებისთვის მეტ -ნაკლებად ამომწურავი, მრავლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება. სადაც ასახული იყო პრობლემასთან დაკავშირებული ჯგუფების დიდი ნაწილის პოზიცია. საბოლოო ჯამში, საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა ქართული არხებისგან რუსთაველის გამზირზე მომხდარი მოვლენების შესახებ მიეღო ადეკვატური ინფორმაცია.

 საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აფასებს ტელეჟურნალისტებისა და ტელეპროდიუსერების მცდელობას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ მსგავსი თემებისა და მოვლენების გაშუქებას და მიიჩნევს, რომ ასეთი სიფრთხილე საჭიროა არა მხოლოდ 17 მაისის მსგავსი მოვლენების გაშუქებისას, არამედ ყოველთვის, როდესაც მედია უმცირესობათა თემაზე მუშაობს. ინფორმაციის სიზუსტე და მართებული ტერმინოლოგია ლგბტ საზოგადოების უფლებათა საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ნამუშევრის დროს უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას და ხელს უწყობს სამოქალაქო განათლებისა და შეგნების ამაღლებას.

http://www.media.ge/ge/portal/news/300392/

ახალი ამბები