კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჭიაბერაშვილმა გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმრო დატოვა, მერაბიშვილი დაპატიმრებულია

23 მაისი, 2013
 
სივილ ჯორჯია

კახეთის გუბერნატორი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი 23 მაისს გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმროდან გაათავისუფლეს.

ჭიაბერაშვილი 21 მაისს ყოფილ პრემიერ–მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან ერთად დააკავეს და ბრალად წაუყენეს თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ამომრჩეველთა მოსყიდვა და სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვა ჯანდაცვის მინისტრობის დროს.

„საქმე არის მთლიანად აბსურუდული“, - განუცხადა ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს გათავისუფლების შემდეგ, „მიმდინარეობს აშკარა პოლიტიკური დევნა და უკავშირდება ჩვენ პოლიტიკურ საქმიანობას... ის [ბრალდება] არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი“.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა, ჭიაბერაშვილს კი 20 000 ლარიანი გირაო შეუფარდა 21 მაისს. ბრალდების მხარე ორივესთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვდა.

„ჩვენ არაერთხელ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ ვაგრძელებთ ღია, საჯარო პოლიტიკურ მოღვაწეობას და არსად მიმალვას და დამალვას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ჭიაბერავშილმა და დასძინა, რომ 21 მაისს პროკურატურაში დაბარებისას, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა, უწყებაში არ ეწერა, რომ მოწმის სახით იყო დაბარებული, თუმცა მითითებული იყო ადვოკატის ყოლის უფლება, განსხვავებით იმ უწყებისგან, რომელიც მან თებერვალში პირველი დაკითხვის დროს მიიღო, სადაც მხოლოდ ის იყო მითითებული, რომ მოწმის სტატუსით ხდებოდა მისი საგამოძიებო ორგანოებში დაბარება. ამან, მისი თქმით, გაუჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ „აუცილებლად დამაკავებდნენ“ და ამიტომ საჭირო პირადი ნივთებით გამოცხადდა დაკითხვაზე.

ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ მისი დაკავება პროცედურული დარღვევებით მოხდა. ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც საქართველოს ელჩად მსახურობდა ევროპის საბჭოსა და შვეიცარიაში, დიპლომატიური რანგი აქვს და ამის გამო, როგორც თავად და მისი ადვოკატები აცხადებენ, მხოლოდ იუსტიციის მინისტრს ჰქონდა მისი დაკავების უფლებამოსილება.

მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის წინასწარი არსებითი განხილვა 15 ივლისს გაიმართება, განაცხადა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, 32 წლის დავით ახალბედაშვილმა, რომელიც წელიწადნახევრის წინ გახდა მოსამართლე.

მერაბიშვილს ორ დამოუკიდებელ ეპიზოდთან დაკავშირებით წაუყენეს ბრალი - ერთი ეხება 5.2 მლნ ლარის ოდენობით სახელმწიფო თანხების შესაძლო არამიზნობრივ გამოყენებას ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის სასარგებლოდ მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში.

ამ საქმეზე ედება ბრალი ასევე ჭიაბერაშვილს, რომელიც 2012 წელს ჯანდაცვის მინისტრი იყო, თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის თაობაზე.

მერაბიშვილს ასევე აქვს წაყენებული ბრალი სახელმწიფო სახსრების მითვისება-გაფლანგვისთვის ცალკე საქმეზე, რომელიც ეხება კვარიათში ფეშენებელური აგარაკის „მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით და დაშინებით“ დაკავებას და საიდუმლო სახელმწიფო ხარჯებიდან მისი რემონტისთვის 158 ათასი ლარის დახარჯვას 2009 წელს მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს.

მერაბიშვილიც და ჭიაბერაშვილიც უარყოფენ წაყენებულ ბრალდებებს, მათი ადვოკატების განცხადებით, როგორც „აბსურდს“ და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ნაწილს.

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი ხელბორკილებით მიიყვანეს სასამართლოს დარბაზში რომელიც სავსე იყო  მათი მხარდამჭერებითა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებით, რომლებიც თანაგუნდელებს ტაშით შეეგებნენ. სასამართლო სხდომის დაწყებამდე ორივე ბრალდებულს თავი მხნედ ეჭირა, ერთმანეთში საუბრობდა და იღიმოდა.

იმადვროულად, სასამართლოს შენობის გარეთ, აქციას მთელი დღის განმავლობაში მართავდენ ადამიანები, რომლებიც მერაბიშვილის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდენ და სკანდირებდენ „სამართალი, სამართალი“. მომიტინგეები საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ ადგილზე მისულ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს და მათ მომხრეებს. პოლიცია ადგილზე იმყოფებოდა, რათა არ დაეშვა ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია დაძაბული ჩანდა, ვინაიდან ორი დაპირისპირებული მხარე ერთმანეთა სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, რაიმე მნიშვნელოვან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

ინფორმაციას მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს წინ შეკრებილი ხალხის ოვაციები და აპლოდისმენტები მოყვა.

საპირისპირო მხარის წარმომადგენლებმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებისგან მადლობები მიიღეს, რომელთაც უთხრეს მხარდამჭერებს, რომ ბრძოლა გაგრძელდება მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების მეშვეობით.

„ბრძოლა გაგრძელდება, სამართლებრივიც და პოლიტიკურიც... არაფერი არ დამთავრებულა და ყველაფერი კარგად იქნება საბოლოო ჯამში. ყველაფერი გვაძლიერებს, რაც არ გვკლავს; ვერ მოვკვდით და ვერ მოვკვდებით“, – განუცხადა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ სასამართლოს წინ შეკრებილ მხარდამჭერებს.

პროკურატურა როგორც მერაბიშვილის, ისე ჭიაბერაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

პროკურატურა სასამართლო სხდომაზე აცხადებდა, რომ ორივე ბრალდებულს ეკავა და ჭიაბერაშვილის შემთხვევაში, მას კვლავაც უჭირავს მაღალი თანამდებობა და შეუძლიათ გავლენის მოხდენა ამჟამინდელ და ყოფილ ხელქვეითებზე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს გამოძიებას.

გამოძიება სახელმწიფო სახსრების შესაძლო პარტიული მიზნებით გამოყენების თაობაზე რამდენიმე თვის წინ დაიწყო და მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი ამ საქმეზე პირველად თებერვალში დაკითხეს მოწმის სახით. მათი დაკავება 21 მაისს მეორე დაკითხვის დროს მოხდა.

ბრალდების მხარემ ასევე განაცხადა, რომ მათი პატიმრობაში დატოვების საჭიროება განპირობებულია ასევე იმითაც, რომ თავისუფლების პირობებში ვერ მოახერხონ ქვეყნის დატოვება. ამ არგუმენტის გასამყარებლად პროკურატურამ განუცხადა სასამართლოს, რომ მერაბიშვილის მეუღლემ თაკო სალაყაიამ ქვეყანა 21 მაისს დატოვა; თუმცა ყოფილმა პრემიერმა განაცხადა სასამართლო პროცესზე, რომ მისი მეუღლე საქართველოში ამჟამად ბრუნდებოდა. სალაყაია მართლაც დაბრუნდა თბილისში ღამით.

მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ეს ორი ადამიანი ხელს შეუშლის გამოძიებას, თუ მათ გაათავისუფლებენ და დაბარებისთანავე მივიდოდნენ გამომძიებლებთან. ისინი სთხოვდნენ მოსამართლეს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების თავდებობით გაეთავისუფლებინათ ისინი.

ადვოკატებმა ასევე განაცხადეს, რომ ორივე მათგანი პროცედურული დარღვევებით დააპატიმრეს. მათი თქმით, ჭიაბერაშვილიც და მერაბიშვილიც გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით დააკავეს, თუმცა არანაირი ახსნა–განმარტება არ ყოფილა წარმოდგენილი, თუ რა იყო ეს გადაუდებელი აუცილებლობა. ჭიაბერაშვილის შემთხვევაში, მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც საქართველოს ელჩად მსახურობდა ევროპის საბჭოსა და შვეიცარიაში, დიპლომატიური რანგი ჰქონდა, და ამის გამო მხოლოდ იუსტიციის მინისტრს ჰქონდა მისი დაკავების უფლებამოსილება.

სასამართლო სხდომის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა პარლამენტში გადაინაცვლეს, რათა პრესისთვის განცხადებები გაეკეთებინათ. მათი თქმით, პარტიის წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიები მას მხოლოდ გააძლიერებს.

„დღევანდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი... იმიტომ, რომ დღეს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება გადავიდა ახალ ეტაპზე... ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს მიიჩნევს, რომ ეს იყო სასიხარულო მოვლენა... რამდენიმე თვეში დარწმუნდება, რომ სამწუხაროდ დღევანდელი დღე არის ძალიან სერიოზული და შეუქცევადი ცვლილებების დასაწყისი საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისთვის“, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

„მე მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვინც თვლის, რომ ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხეში აღმოჩენა არ არის საქართველოსთვის კარგი... და იმ ხალხს, ვისაც ესმის, სად გადის ზღვარი ქვეყანაში პოლიტიკურ თავისუფლებასა და პოლიტიკურ რეპრესიებს შორის, ყველა ასეთ ადამიანს მინდა მივმართო, ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა გრძელდება პოლიტიკურადაც, სამართლებრივადაც, და თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ ცალკეული ლიდერების დაპატიმრებით ნაციონალური მოძრაობა განადგურდება... ბოდიშს გიხდით, მაგრამ ეს ილუზია დარჩება ილუზიად და ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას. და რაც უფრო მეტი ზეწოლა და რეპრესია იქნება პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, გარწმუნებთ, რომ მით უფრო ძლიერ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბდება ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა მან.

ნაციონალური მოძრაობის სხვა დეპუტატებმა ასევე განაცხადეს, რომ სასამართლოს წინ გამართული აქცია, რომელიც, მათი თქმით, მთავრობის მიერ იყო მართული, სასამართლოზე ზეწოლას ისახავდა მიზნად, კერძოდ კი იმ მოსამართლეზე, რომელიც სხდომას თავმჯდომარეობდა. 

ორიგინალი:

ახალი ამბები