კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყოფილი პოლიციელი ზაზა ჭაიას გია გაჩეჩილაძის ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

30 მაისი, 2013
 
ინტერპრესნიუსი

ყოფილი პოლიციელი ერეკლე გრიშკაშვილი თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებულ ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს ყოფილ უფროსს, ზაზა ჭაიას 2009 წლის 6 მაისს თბილისის პოლიციის სამმართველოს ეზოში მომღერალ გია გაჩეჩილაძის ("უცნობი") ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" გრიშკაშვილმა განუცხადა, იგი მზად არის, ჭაიას ქმედებების შესახებ პროკურატურას ინფორმაცია მიაწოდოს. 

"მინდა, მთელმა საქართველომ გაიგოს, ვინ არის ზაზა ჭაია. არანაირი პირადი ანგარიშსწორება არ მაქვს. მინდა ვთქვა სიმართლე, რომელიც ყოფილი ხელისუფლების პირობებში ოჯახის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ ვთქვი და სამსახური პროტესტის ნიშნად დავტოვე. 2009 წლის 6 მაისს, როდესაც გია გაჩეჩილაძე სამმართველოს ეზოში გადავიდა, მას ბევრმა ადამიანმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გაჩეჩილაძე თითქმის გონდაკარგული იყო, როდესაც ორმა პირმა ნაცემი წინასწარი დაკავების იზოლატორის შესასვლელთან დააგდო. მეგონა, რომ მოკვდა, დიდი სიმაღლიდან დააგდეს და თავი დაარტყა. ამ დროს მოვიდა ზაზა ჭაია, მას მოჰყვა 5-6 ადამიანი. ჭაიამ გაჩეჩილაძეს სახეში წიხლი რამდენიმეჯერ ჩაარტყა და აგინებდა უშვერი სიტყვებით - სად მოიყვანე ხალხიო", - განაცხადა ერეკლე გრიშკაშვილმა.

მისი თქმით, ჭაიას შემდეგ, მისი დავალებით, თანმხლებმა პირებმა გაჩეჩილაძის ცემა დაიწყეს. 

"ჭაია ადგილს მოშორდა და ხალხისკენ წავიდა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება ხდებოდა. ჭაიას თანმხლებმა პირებმა რამდენიმე წუთის განმავლობაში სცემეს გაჩეჩილაძე, რომელსაც ბოლოს სიცოცხლის კვალი აღარ ეტყობოდა. მე და კიდევ ერთმა პიროვნებამ შევძელით და გაჩეჩილაძე იზოლატორში შევიყვანეთ, სადაც როგორც დაგვპირდნენ სასწრაფოს მანქანა უნდა მოსულიყო და ნაცემი საავადმყოფოში გადაეყვანათ", - განაცხადა გრიშკაშვილმა. 

მისი თქმით, პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორების გამო, ჭაიას არაერთი ფაქტი აქვს გაყალბებული. ყოფილი პოლიციელი მზადაა ყველა აღნიშნული ფაქტები საგამოძიებო უწყებებს მოუყვეს. 

"ინტერპრესნიუსი" "უცნობს" - გია გაჩეჩილაძესაც დაუკავშირდა, რომელიც იმედოვნებს, რომ პროკურატურა 6 მაისს განვითარებულ მოვლენებზე რეაგირებას მოახდეს. 

მისი თქმით, საჩივარი პროკურატურაში მისი ცემის ფაქტზე 2009 წელს არის შესული, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია. 

"არც ვაპირებდი საჩივრის შეტანას, რადგან აზრი არ ჰქონდა, მაგრამ დედაჩემმა შეიტანა. არანაირი გამოხმაურება ამ ფაქტს მაშინ არ მოჰყოლია, რადგან ხელისუფლებაში ჯერ კიდევ ისინი იყვნენ. ახლა გამოჩნდა ყოფილი პოლიციელი, რომელიც ამ ფაქტს შეესწრო. ალბათ პროკურატურა დაინტერესდება და სიმართლე გაირკვევა", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ. 

2009 წლის აპრილში ქართული ოპოზიციური პარტიები თბილისში ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავდნენ, რა დროსაც რუსთაველის გამზირზე საკნების ქალაქი იყო გაშლილი. საკნები იყო დადგმული "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობასთანაც, სადაც ტელეარხის ჟურნალისტებს ოფისში შესვლა "სირცხვილის კორიდორების" გავლით უწევდათ. ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევისას, 5 მაისს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რა დროსაც აქციის სამი მონაწილე სამართალდამცველებმა დააკავეს. მათი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციის მონაწილეები 2009 წლის 6 მაისს გია გაჩეჩილაძის ("უცნობის") ხელმძღვანელობით გაემართნენ დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სადაც დაკავებულები იმყოფებოდნენ.აქციის მონაწილეები დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ. გია გაჩეჩილაძემ მომხრეებს უკან გაყოლისკენ მოუწოდა, სამმართველოს ღობეზე გადავიდა, სადაც ეზოში მობილიზებულმა პოლიციელებმა სცემეს.

ახალი ამბები