კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირინა ენუქიძის მოძღვარი ამბობს, რომ კერძო საკუთრების ჩამორთმევით ემუქრებიან

30 მაისი, 2013
 
საბა წიწიკაშვილი, შიდა ქართლი

გორის რაიონის სოფელ ვარიანში მცხოვრები მამა გრიგოლ გოგიჩაძე ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მათ შორის პარლამენტარებს და გორის ეპარქიის მღვდელმთავარს, მეუფე ანდრიას დევნაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ის ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისის წარმომადგენელს დეტალურად ესაუბრა. ეპარქიის დიაკონი გიორგი კარელიძე ამბობს, რომ მამა გრიგოლის განცხადებები ცილისმწამებლურია. 

სანდრო გირგვლიანის დედის, აწ გარდაცვლილი ირინა ენუქიძის მოძღვარი მამა გრიგოლი სოფელ ვარიანში 90-იან წლებში დასახლდა. მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე სოფელში მოძღვარი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გაგზავნეს. მას შემდეგ რაც გორისა და სამთავისის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია გახდა, სოფლის ეკლესიის წინამძღვრად ადგილობრივი მცხოვრები მამა თეოდოზი დაინიშნა. ამის შემდეგ მამა გრიგოლს სოფლის მცხოვრებთა ნაწილი უპირისპირდება, რომლებიც ქონების ჩამორთმევით ემუქრებიან. მამა გრიგოლი ამბობს, რომ მასთან დაპირისპირებული ხალხის უკან ადგილობრივი მოძღვარი მამა თეოდოზი დგას, რომელსაც ზურგს მეუფე ანდრია უმაგრებს.

,,პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოძღვრებს უფლება მოგვეცა, რომ გავსულიყავით სოფლებში, გვეწარმოებინა მეურნეობა და ადგილობრივი მოსახლეობა დაგვესაქმებინა. დავიწყე ფერმის აშენება. ორი წლის წინ ეს ფერმა დამიწვეს. შემდეგ საკალმახის გაკეთება მინდოდა და ამის უფლებასაც არ მაძლევენ. წელს, 6 მაისს კი საცხოვრებელი სახლი დამიწვეს. ამ ყველაფრის უკან მეუფე ანდრია დგას, რომელიც დიდი ხანია მებრძვის. არ მასვენებენ. ეხლა თვალი დაადგეს ჩემს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც 2010 წელს დავირეგისტრირე, მფლობელი ვარ ამ მიწის და მედავებიან. მეუფე ანდრიამ მითხრა, ეს მიწა მომეციო, თითქოს ეკლესიისა ყოფილა ეს მიწა.“ - აცხადებს მამა გრიგოლი (გოგიჩაძე).

გორის ეპარქიის დიაკონი გიორგი (კარელიძე) გვეუბნება, რომ აღნიშნულ დავაში მეუფე ანდრიას სახელის ხსენება ცილისწამებაა. მისი თქმით, მამა გრიგოლს პრობლემები სოფლის მოსახლეობასთან აქვს და უმჯობესია, ეს ურთიერთობა ადგილობრივებთან თავადვე მოაგვაროს:

,,გორის ეპარქიის მღველმთავარმა მეუფე ანდრიამ არაერთხელ სცადა ამ პრობლემის მოგვარება. არაერთი განცხადება შემოვიდა მამა გრიგოლის წინააღმდეგ ჩვენს ეპარქიაში, საჩივრები საპატრიარქოშიც შეიტანეს. ჩვენი მიდგომა ასეთია, რომ მამა გრიგოლმა ადგილობრივებთან ურთიერთობა მოაგვაროს. მიწა, რომელსაც მას სოფლის მოსახლეობა ედავება, თავის დროზე ადგილობრივმა სოფლის გამგებელმა ეკლესიას გადასცა, თუმცა რაღაც მეთოდებით ეს მიწა მამა გრიგოლის საკუთრებაში აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მეუფე ანდრიას ამ მიწაზე არავითარი პრეტენზია გამოუთქვია. ჰქონდეს ეს მიწა მამა გრიგოლს, ოღონდ უმჯობესია პრობლემები მან თანასოფლელებთან თავადვე მოაგვაროს“ - ამბობს დიაკონი გიორგი.

მამა გრიგოლი (გოგიჩაძე) აცხადებს, რომ სოფლის მოსახლეობის ნაწილს, ჯერ კიდევ, ნაციონალური მოძრაობის პერიოდში მაშინდელი სპეცსამსახურის წარმომადგენლები აქეზებდნენ. ეს ის პერიოდია, როდესაც 2006 წელს სანდრო გირგვლიანი შს სამინისტროს მაღალჩინოსნების წამების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო შემდეგ მისმა დედამ ირინა ენუქიძემ მკვლელების დასჯის მოთხოვნით მხარდამჭერებთან ერთად აქციები დაიწყო. ირინა ენუქიძის გარდაცვალების შემდეგ, მამა გრიგოლის ხელშეწყობით მისი სულის მოსახსენიებელი წირვა-ლოცვების ჩატარება დაიწყო. ,,ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაიბირეს სასულიერო პირები და დამიპირისპირეს მე. ამ ხნის განმავლობაში მდევნიან და არ მასვენებენ. სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა მანქანაც კი მომიშვეს და ამოვბრუნდი. საბედნიეროდ გადავრჩი“ - აცხადებს მამა გრიგოლი.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიცვალნენ. გორის საკრებულოს თავმჯდომარედ „რესპუბლიკელი“, დავით რაზმაძე  დაინიშნა, ხოლო მაჟორიტარ დეპუტატად ასევე კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წევრი, ეროვნული ფორუმის წარმომადგენელი სოსო ვახტანგაშვილი აირჩიეს. მას შემდეგ რაც 6 მაისს მამა გრიგოლს სახლი დაეწვა და ამაში მეუფე ანდრია დაადანაშაულა, გორის კინოთეატრის დარბაზში ეპარქიის მრევლი და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.  შეხვედრაზე სიტყვით მაჟორიტარი დეპუტატი და საკრებულოს თავმჯდომარე გამოვიდნენ. მათ მამა გრიგოლი უღირს სასულიერო პირად მოიხსენიეს. საკრებულოს თავმჯომარის დავით რაზმაძის თქმით, მამა გრიგოლი 90-იან წლებში საკუთარი სოფლიდანაა გამოქცეული, სადაც ჩაქოლვას უპირებდნენ. თუმცა ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ ეს ინფორმაცია მცდარია. მათი თქმით, სასულიერო პირმა სოფელი მას შემდეგ დატოვა, რაც ერთ-ერთმა თანასოფლელმა მამა გრიგოლის ძმა მოკლა. ,,შურისძიების თავიდან აცილების მიზნით, მამა გრიგოლმა სოფელი დატოვა, სასამართლოზე სიტყვით გამოვიდა და დანაშაული აპატია მათ“ - გვითხრეს სოფელში.

მამა გრიგოლი (გოგიჩაძე) ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ურჩევს, რომ სასულიერო პირების ურთიერთობაში არ ჩაერიონ. ,,ჩვენ თუ რამე გასარკვევი გვაქვს, ამას საპატრიარქო გადაწყვეტს. შესაძლოა, საერო პირებმა ჩვენ რაღაც საკითხები შეგვახსენონ, მაგრამ მათი გამონათქვამები და ბრალდებები უფრო მეტ ცოდვაში აყენებს მათ“ - ამბობს მამა გრიგოლი.

ახალი ამბები