01:30, Saturday, 06.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ავღანეთში 7 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

07.06.2013

კაპრალი ალეხანდრო პენა/DVIDSA
 
სივილ ჯორჯია

ამერიკელი საზღვაო ქვეითი (მარცხნივ) და ქართველი სამხედრო 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონიდან პატრულირებას ახორციელებენ ჰელმანდის პროვინციაში მდებარე შირ გაზაის ბაზის წინ, ავღანეთი, 2013 წლის 10 მაისი. ამ ფოტოს გადაღებიდან სამ დღეში ბაზაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა იერიში განახორციელეს, რის შედეგადაც სამი ქართველი სამხედრო დაიღუპა; მსგავს თავდასხმას ჰელმანდში სხვა ბაზაზე 6 ივნისს შვიდი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა.

შვიდი ქართველი სამხედრო დაიღუპა და ცხრა დაიჭრა მას შემდეგ, რაც 6 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში ქართულ ბაზაზე თავდასხმა მოხდა, რომლის დროსაც თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაზასთან სატვირთო მანქანით აფეთქება მოახდინა.  დაახლოებით ერთი თვის წინ ჰელმანშდი ანალოგიური ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც სამი ქართველი სამხედრო დაიღუპა.

იმ დროს, როდესაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს გვიან ღამით პირველად გააკეთა განცხადება თავდასხმის შესახებ, ექვსი სამხედროს დაღუპვა დასტურდებოდა და მაშინ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიმდინარეობდა სამაშველო ოპერაცია ნანგრევებიდან ერთი სამხედრო მოსამსახურის გამოყვანასთან დაკავშირებით. 
თუმცა, შუაღამემდე ცოტა ხნით ადრე სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯარისკაცი ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს, რის შედეგადაც 6 ივნისის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა ირაკლი ძნელაძემ განაცხადა, რომ ცხრა დაჭრილი ჯარისკაცის დაზიანებები სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის.

მისი თქმით, „თვითმკვლელმა ტერორისტმა ჩვენ ბაზასთან მოახდინა სატვირთო მანქანის აფეთქება“.

ეს ქართველი სამხედროების ყველაზე დიდი მსხვერპლია რომელიც ერთ ცალკე აღებული ინციდენტის დროს მოხდა ავღანეთში. 
 
ამ ბოლო ინციდენტის შედეგად ISAF–ის მისიაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა 29-მდე გაიზარდა.

სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ანალოგიური ინციდენტის დროს 2013 წლის 13 მაისს მას შემდეგ, რაც ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქართულ ბაზაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა და მეამბოხეთა ჯგუფმა იერიში განახორციელეს.

6 ივნისის თავდასხმის დროს დაიღუპნენ: კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე (25 წლის); კაპრალი  გიორგი ადამოვი (23 წლის); პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი (32 წლის); რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი (26 წლის);  კაპრალი ბორის ცუგოშვილი (29 წლის); პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი (22 წლის); პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი (21 წლის, ამ უკანასკნელის ცხედარი ნანგრევებში აღმოაჩინეს).

ისინი საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ და მისიის შესასრულებლად ავღანეთში 2013 წლის აპრილში გაემგზავრნენ. ამ ბატალიონიდან სულ 10 ჯარისკაცი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ისინი აპრილში ავღანეთში განათავსეს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში სატელევიზიო მიმართვის დროს სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და 7 ივნისი ეროვნულ გლოვის დღედ გამოაცხადა.

„საქართველომ დღეს კიდევ ერთი მსხვერპლი გაიღო ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და მსოფლიო ცივილიზებულ ერთა ოჯახში გაწევრიანებისკენ მიმავალ ძალიან რთულ და ეკლიან გზაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა, „ჩვენი ვალი თითოეული მათგანის ხსოვნის  წინაშე არის ის, რომ არ ჩავიქნიოთ ხელი, არ დავიხიოთ უკან და გავაგრძელოთ საქართველოს წინსვლა ევრო-ატლანტიკური სივრცისკენ. ვიდრე სული გვიდგას, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიური ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი გზა ჩვენი პატარა და  სათაყვანებელი საქართველოს გადასარჩენად და გასაძლიერებლად“.

პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა თავდაპირველად წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მწუხარება გამოთქვა „იმ შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს“. 

მოგვიანებით თავის სატელევიზიო მიმართვაში ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მთელმა მსოფლიომ იცის იმის შესახებ, რომ „ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო“ საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც „ურთულესი და ამავე დროს მეტად საპატიო მისიაა, რომელსაც საერთაშორისო სამშვიდობო ძალებთან ერთად  გმირი ქართველი სამხედროები ღირსეულად ასრულებენ“ და „საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს იცავენ“.

„მიუხედავად ამ თავზარდამცემი ტრაგედიისა, ჩვენ ვერაფერი გაგვტეხავს“, - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა: „ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მშვიდობიანი მსოფლიოსათვის, მშვიდობიანი საქართველოსათვის“.  
 
გაერთიანებული შტაბის უფროსმა ირაკლი ძნელაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად ამ ბოლო თავდასხმისა, „ქართველი სამხედროები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავენ საერთაშორისო მისიაში, არიან სრულ მზადყოფნაში და ბოლომდე შეასრულებენ მათზე დაკისრებულ ამოცანებს“.

საქართველო სამხედრო ძალების კონტრიბუტორი ყველაზე მსხვილი ქვეყანა გახდა ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის მას შემდეგ, რაც გასულ შემოდგომაზე თავისი სამხედროების რაოდენობა თითქმის გააორმაგა, რის შედეგადაც მათი რიცხვი 1 560–ს აღემატება.

საქართველოს ორი ბატალიონი ჰყავს ჰელმანდის პროვინციაში და დაახლოებით 50–მდე ჯარისკაცი ქაბულში.

საქართველომ პირველად თავისი სამხედროები ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის 2004 წელს გაგზავნა. მაშინ 50 ჯარისკაცი ხანმოკლე ვადით მსახურობდა გერმანული სარდლობის ფარგლებში, ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

2009 წლის ნოემბერში საქართველომ 173 სამხედრო განათავსა ქაბულში ფრანგული სარდლობის ქვეშ, ხოლო მომდევნო წელს ავღანეთში სამხედროების რაოდენობა გაზარდა და ჰელმანდის პროვინციაში ქვეითთა ბატალიონი განათავსა, რომლებიც იქ ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად მსახურობენ. კიდევ ერთი ბატალიონი ჰელმანდის პროვინციაში საქართველომ 2012 წლის შემოდგომაზე გაგზავნა. ამჟამად 50 ქართველი ჯარისკაცი რჩება ქაბულში. თავდაპირველად ისინი ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში იყვნენ, მაგრამ რადგანაც საფრანგეთს ეტაპობრივად გამოყავს თავისი ჯარები ავღანეთიდან, ქაბულში განთავსებული ქართველი სამხედროები ივნისში აშშ–ის სარდლობის დაქვემდებარებაში გადავიდნენ ქაბულში მდებარე ბაზა „ვერჰაუზიდან“ ამერიკულ ბაზა „ფენიქსზე“, რომელიც ძირითადად ავღანური არმიის გაწვრთნაში მონაწილე ამერიკელი სამხედროების მიერ გამოიყენება.

ფოტო: კაპრალი ალეხანდრო პენა/DVIDSA 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC