კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალაიას მისივე ყოფილი მოადგილე სპეცრაზმელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში სდებს ბრალს

7 ივნისი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

შსს ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე  მინისტრის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილი დაიკითხა. ჯანაშვილის თქმით, ერთ-ერთი ინციდენტის დროს, ახალაიამ სპეცრაზმელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

მინისტრის  ყოფილმა მოადგილემ, გენერალმა  ჯანაშვილმა სასამართლო პროცესზე  2012 წლის აგვისტო-სექტემბერში მომხდარი ფაქტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით 18 აგვისტოს მას დაურეკა ახალაიას მაშინდელმა მოადგილემ, ნიკოლოზ ძიმცეიშვილმა და აცნობა რომ მინისტრთან შესახვედრად უნდა მისულიყო. 

„მინისტრთან საუბრისას გაირკვა, რომ განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის პირველ სამმართველოში იყო შსს-ს 7 თანამშრომელი, რომელიც უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმჟამინდელი ხელისუფლების მიმართ და ოპოზიციის მომხრე იყო. სწორედ ამასთან დაკავშირებით დამავალეს პირველ სამმართველოში შეკრება გამომეცხადებინა. ასევე გაირკვა, რომ ჰქონდათ ამ შვიდიდან ორი თანამშრომლის საუბრის აუდიო ჩანაწერი, საიდანაც ირკვეოდა მათი პოლიტიკური შეხედულებები. მინდოდა მომესმინა, თუ რაზე იყო საუბარი ჩანაწერში, თუმცა მინისტრმა ამის საშუალება არ მომცა და ჩანაწერი აღარ მომისმენია“, - განაცხადა ჯანაშვილმა დაკითხვისას.

გენერლის თქმით, იმავე საღამოს შსს-ს პირველ განყოფილებაში განგაში გამოცხადდა, სადაც მოვიდა ახალაიაც, რომელმაც მას იმ შვიდი თანამშრომლის მონაცემები გადასცა და გააფრთხილა, რომ ისინი აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ შეკრებაზე. ჯანაშვილის განცხადებით ახალაიამ შეკრებაზე შსს-ს 7 თანამშრომლიდან ერთ-ერთს სიტყვიერი შეურაცხყოფა  მიაყენა. გენერლის თქმით მინისტრმა ფანცქალაშვილს დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართა:  „რითი ხარ უკმაყოფილო, რატომ გინდა მეთაურის ჩამოგდება?! ზურგს უკან რატომ ჭორაობ, პინგვინო.“

მეორე დღეს, პირველი სამმართველოს თანამშრომლები, და მათ შორის აღნიშნული შვიდი პიროვნება, საწვრთნელად იალღუჯის სამხედრო ბაზაზე გააგზავნეს. ჯანაშვილმა დაკითხვისას აღნიშნა, რომ მომხდარიდან რამდენიმე კვირის შემდეგ  სამუშაოზე გავრცელდა ხმები, რომ საწვრთნელად წაყვანილ თანამშრომლებს აწამებდნენ. 

„20 სექტემბერს, როდესაც ახალაია უკვე გადამდგარი იყო, დამიბარეს კანცელარიაში, სადაც შევხვდი პრემიერმინისტრ მერაბიშვილსა და შსს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ეკატერინე ზღულაძეს.  მე მათ იალღუჯის საწვრთნელ ბაზაზე წამების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მოვახსენე და მერაბიშვილმა მიბრძანა, თანამშრომლები საწვრთნელი ბაზიდან ჩამომეყვანა,“ - აღნიშნა მოწმემ. 

ჯანაშვილმა თანამშრომლების ჩამოყვანა  განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს სოსო ქარჩაიძეს დაავალა, რომელიც იმავე საღამოს წავიდა იალღუჯაზე, თუმცა ცოტა ხანში დაურეკა, და უთხრა, რომ ბიჭებს არ ატანდნენ ბაზიდან. მინისტრის მოადგილის თქმით, მან მდგომარეობა მერაბიშვილს მოახსენა, რაზეც პრემიერმინისტრმა მისცა მითითება, რომ  შეეცვალა სასწავლო ცენტრის უფროსი და შემდეგ წამოეყვანა ხალხი. ჯანაშვილი მეორე დღეს ასეც მოიქცა და თანამშრომლები პირველ განყოფილებაში დაბრუნდნენ.  

„ბიჭების ჩამოყვანის მეორე დღეს მათ მერაბიშვილი და ზღულაძე შეხვდნენ. პრემიერმინისტრმა მათ ბოდიში მოუხადა, გვაპატიეთ, რომ ამ დღეში ჩავარდით, ვერ მოგიარეთ და  სათანადო ყურადღება  ვერ მოგაქციეთო.  შემდეგ ზღულაძეს უთხრა, რომ ამ ბიჭებისათვის ფულადი თანხები გადაეცათ კომპენსაციის მიზნით, რათა მათ ემკურნალათ და დაესვენათ. დასვენების შემდეგ კი კვლავ ჩვეულებრივად განეგრძოთ მუშაობა.“ - განაცხადა ჯანაშვილმა.

დაცვის მხარის კითხვაზე გენერალმა განმარტა, რომ თანამშრომლების გადასაცემი თანხის რაოდენობა თვითონ მერაბიშვილმა განსაზღვრა, - საქმეში დაზარალებულად ცნობილ 7 თანამშრომელს 10 000-10 000 ლარი გადაეცა, ხოლო იალღუჯის საწვრთნელ ბაზაზე მყოფ სხვა პირებს 5000-5000 ლარი.

ახალი ამბები