კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააკაშვილი შსს-ს მუქარის შემცველი ვიდეოს ავტორების გამოვლენისკენ მოუწოდებს

10 ივნისი, 2013
 სივილ ჯორჯია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი „მოთხოვნა“ და „დავალებაა“ შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, რომ დაუყოვნებლივ დაადგინოს თალიბანის სახელით გავრცელებული და „დიდი ალბათობით“ საქართველოში დამზადებული მუქარის შემცველი ვიდეო-რგოლების  „შემქმნელები და მათი დამკვეთები“.

საუბარია YouTube–ზე დადებულ ვიდეო-რგოლზე სათაურით „თალიბანის ჯიჰადი ავღანეთში ქართველი სამხედროების წინააღმდეგ“, რომელიც 6 ივნისს მანამდე გავრცელდა, ვიდრე ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი თავდასხმის შედეგად  შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპებოდა. ამ ვიდეოში, სადაც ნახსენებია პრეზიდენტი სააკაშვილიც, მამაკაცის ხმა ინგლისურად ქართველ სამხედროებს და მათ ოჯახებს ემუქრება და საქართველოში ბრძოლის გადმოტანის შესახებ აფრთხილებს.

შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 7 ივნისს განაცხადა, რომ მისი უწყება უცხოელი პარტნიორების აქტიური დახმარებით ინტენსიურად მუშაობს, რათა დაადგინოს, თუ საიდან მოხდა ვიდეოს გავრცელება. „ამ ეტაპზე სხვა დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

8 ივნისს თავის სატელევიზიო მიმართვაში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მუქარის შემცველი ვიდეოები, რომელიც „შეიცავს საფრთხეს საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის“ და „პოლიტიკური ლიდერების“ წინააღმდეგ,  „უკიდურესად საგანგაშოა" იმ დღეებში, როცა ავღანეთში თავდასხმა მოხდა.

„ძალიან დიდი ალბათობით ეს ვიდეოკლიპები არც ავღანეთშია დამზადებული და არც თალიბების გაკეთებულია და ამას ადასტურებენ უკვე ამის ექსპერტები, მათ შორის ნატოს სტრუქტურებიდან“, - განაცხადა სააკაშვილმა, „დიდი ალბათობით ეს ვიდეო-რგოლები შეკვეთილია და დამზადებულია საქართველოში, ქართველების მიერ სრულიად კონკრეტული რაღაც ალბათ ჩემთვის მიუწვდომელი, მაგრამ სრულიად კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის და კონკრეტული გაგრძელებისთვის“.

„ის რომ საქართველოში სადღაც, მაგალითად თბილისში, ვინმე იჯდეს რომელიღაც სტუდიაში და ამზადებდეს ვიდეო-რგოლებს, რომელშიც უბრალოდ მე კი არ ვარ გალანძღული ან საქართველო - ამას ადამიანი აიტანდა... სადაც არის მოწოდება ქართველი ჯარისკაცების განადგურებისკენ, მათი მისამართებით, მათი სახეების ჩვენებით და სადაც არის მოწოდება საქართველოს შიგნით ტერორისტული აქტების მოწყობისკენ და ამ აქტების გამართლებისკენ - თუკი ასეთი აქტები მოხდა მომავალში, ალიბის შექმნისკენ ამ აქტების მოწყობისთვის - ეს არის უპრეცედენტო დანაშაული და ყველა ზღვარს სცდება, რაც როდესმე აქამდე მინახავს საერთოდ“, - განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ  მან ვიდეოების ექსპერტიზის თხოვნით ნატოს გენერალურ მდივანს მიმართა და თხოვა ასევე აშშ-ის ელჩს საქართველოში, რომ ფედერალური გამოძიების ბიურო ჩაერთოს ექსპერტიზაში.

მისი თქმით, არა მხოლოდ უნდა დადგინეს, თუ საიდან აიტვირთა ეს ვიდეოები, რაც „გუშინვე ადვილად შეეძლო დაედგინა ჩვენს პოლიციას“, არამედ „ვინ გააკეთა, რომელმა სტუდიამ გააკეთა, ვისი ხმა ადევს, ვინ იჯდა იქ სტუდიაში და ვინ შეუკვეთა“.

„არა მხოლოდ მინდა ვთხოვო, არამედ მოვთხოვო შინაგან საქმეთა მინისტრს, დავავალო შინაგან საქმეთა მინისტრს: დაუყოვნებლივ დაადგინეთ ამ კლიპის შემქმნელები და მათი დამკვეთები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. ეს არ არის რთული საქმე, ეს არის ტექნიკურად ძალიან მარტივი საქმე. ეს არის უკვე პოლიტიკური ნების საკითხი“, - განაცხადა სააკაშვილმა და იქვე დასძინა, რომ „ბოლომდე მივყვები ამ საქმეს და არ მივცემ საშუალებას, რომ მიაჩუმათონ იმ საბაბით, რომ დიდი ხანი უნდა იყოს გამოძიება“.

მისი თქმით, „საქმე გვაქვს ძალიან ბინძურ და სახიფათო თამაშთან“, რომელიც არის არა  „პოლიტიკური საკითხი“, არამედ „ ეროვნული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი საკითხი“. 

სააკაშვილმა რაიმე სახით დაკონკრეტების გარეშე ასევე განაცხადა, რომ „ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია ერთმანეთს არ ეთანხმება, მაგრამ არის ზღვარი, რომლის იქითაც ეს უთანხმოება არ უნდა გავიდეს“. მისი თქმით, საქართველოში ასევე „დიდი ტრადიციაა, მათ შორის უცხო ინტერესების შემოყვანის და საკუთარი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წასვლის, მაგრამ არსებობს რაღაცა, რაც უნდა იყოს ხელშეუხებელი და რის იქითაც არ უნდა მივდიოდეთ“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა 6 ივნისს განაცხადა, რომ ვიდეოს გავრცელების უკან შესაძლოა ის „ძალები“ იდგნენ, რომელთაც საქართველოს პროდასავლური კურსის შერყევა სურთ.

ახალი ამბები