კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაუჩინარებული მოჯაჰედი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

14 ივნისი, 2013
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოდან გასული წლის ბოლოს გაუჩინარებული დაღესტნელი მოჯაჰედი, 26 წლის მიკაილ კადიევი (მიქაელ ქადოევი) ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დააკავა.

შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, მისი საცხოვრებელი სახლიდან დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება და ელექტროდეტონატორები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია ამოღებული.

„საქართველოს შს სამინისტროს მიერ მომზადების სტადიაზე იქნა აღკვეთილი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა. კერძოდ, საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის, შს სამინისტროს სხვა ოპერატიული დანაყოფებისა და საქართველოს პროკურატურის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დღეს, გამთენიისას, თბილისში დაკავებულ იქნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიკაილ კადიევი და რიზვან ომაროვი, რომელთა დროებითი საცხოვრისიდან, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დიდი ოდენობით ძლიერმოქმედი ასაფეთქებელი ნივთიერება (სავარაუდოდ, პლასტიდი) და ელექტროდეტონატორები, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაცია,“ - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

მისი თქმით, გამოძიების ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია, რომ ინტერპოლის მიერ ძებნილი კადიევი საქართველოს თავს 2011 წლიდან აფარებდა, თუმცა პერიოდულად ტოვებდა ქვეყნის ფარგლებს.

„ტერორისტული აქტის მომზადებაში მხილებულ პირთა დანაშაულებრივი კავშირების - ხელშემწყობებისა და მფარველების - გამოვლენისა და გაუვნებელყოფის მიზნით მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში. ვინაიდან, მიკაილ კადიევის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე პირი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის სამართალდამცავების მიერ ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა დაკავებული,“ - აღნიშნა გიორგობიანმა.

მიკაილ კადიევი საქართველოდან 2012 წლის 13 დეკემბერს გაუჩინარდა, როცა შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებს ბათუმიდან თბილისში გადმოჰყავდათ. 2013 წლის 19 აპრილს კი საქართველოდან კიდევ ერთი მოჯაჰედი, 24 წლის  მაგამედ მაგამედოვი დაიკარგა. მოჯაჰედების ოჯახის წევრები ვარაუდობდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ისინი რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცეს.

მოჯაჰედები ჩეჩნეთის რესპუბლიკის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის დოკუ უმაროვის ორგანიზაციის „კავკასიის იმირატის“ წევრები არიან.

ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის განცხადებით, როგორც ირკვევა, მიკაილ კადიევი ლაფანყურის მოვლენებთან არის კავშირში. 

„კადიევიც და მაგამედოვიც, ორივე წარმოდგენილი იყო როგორც ჩეჩენი, თუმცა მაგომედოვი დაღესტნელია და მათი ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ ისინი საქართველოს სამართალდამცავებმა გააქრეს. ახლა ირკვევა, რომ კადიევი არსად გამქრალა. როგორც ჩანს, ის დამალული იყო. ძალიან საინტერესო რამ არის მითითებული შსს-ს ინფორმაციაში – კადიევი არის იმ ჯგუფის წევრი, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დაკავებული ჰყავთ ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებს. ეს ქვეყანა არის თურქეთი. დაკავებული კი – რუსლან პაპასირი, იგივე ზოონი, ადამიანი, რომელსაც ჩამოჰყავდა ლაფანყურის მონაწილე ჩეჩნები თბილისში. კადიევიც ამ ჯგუფიდან არის. ანუ ეს ადამიანი, როგორც ჩანს, მიბმულია ლაფანყურის მოვლენებზე“, - განუცხადა მამუკა არეშიძემ „ინტერპრესნიუსს“.

რაც შეეხება კადიევის სახლში ნაპოვნ იარაღსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს, არეშიძის შეფასებით, ასაფეთქებელი ნივთიერებები ძიების საგანია.

„იარაღი კი არ მიკვირს, რადგან ეს იარაღი ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ამ ჯგუფს 2010-2011 წლებში თავად დაურიგეს, თავისი ცნობებით და დამადასტურებელი დოკუმენტაციით, რომ ისინი საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლები იყვნენ“, - განაცხადა არეშიძემ.

ახალი ამბები