კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ წამების კადრებთან დაკავშირებით ცხრა პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

24 ივნისი, 2013
 

თბილისის საქალაქო  სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ცხრა პირს  წამების, დამამცირებელი მოპყრობისა და გაუპატიურების ამსახველ ვიდეოფირებთან დაკავშირებულ საქმეზე.

ცხრავე ბრალდებულს, რომელთა შორისაა პოლიციის სამი მოქმედი თანამშრომელი და ყოფილი პოლიციელები, ასევე თავდაცვის სამინისტროს ერთი მოქმედი თანამშრომელი და ერთიც ყოფილი სამხედრო პოლიციელი, ბრალად ედება თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით; გარდა ამისა, მათ ბრალად ედებათ წამება, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

ბრალდებულთა იდენტიფიცირება მოხდა იმ ვიდეოჩანაწერების მიხედვით, რომლებიც, როგორც ხელისუფლება აცხადებს, სამეგრელოს რეგიონში კვირის დასაწყისში აღმოჩენილ იარაღის სამალავში იქნა ნაპოვნი და რომლებიც სამართალდამცველების მიერ ორი დაკავებულის წამებას ასახავს, რასაც შსს–ს ცნობით, 2011 წელს ჰქონდა ადგილი.

თავდაპირველად შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 19 ივნისს ცხრა პირი იქნა დაკავებული, თუმცა მოგვიანებით სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ დაკავებული იყო ხუთი პირი, მათ შორის ის, ვინც უშუალოდ ახორციელებდა სექსუალურ ძალადობას.

თუმცა სამინისტრო ასევე აცხადებდა, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა კიდევ ექვსი პირის მიმართ. შსს-მ ასევე განაცხადა, რომ ამავე სისხლის სამართლის საქმეებზე დადგენილია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების: მეგის ქარდავას, კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავას ბრალეულობა. არცერთი მათგანი საქართველოში არ იმყოფება. მეგის ქარდავა, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, სხვა საქმესთან დაკავშირებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით უკვე იძებნება.

ამ მომენტისთვის, ბრალდება ცხრა პირს აქვს წაყენებული, რომელთაგანაც ერთი დღევანდელ სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა, რადგან სასამართლოს ცნობით, "უარი განაცხადა პროცესში მონაწილეობის მიღებაზე".  

მანამდე 21 ივნისს შსს–ს პრესპიკერმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ ერთ–ერთმა დაკავებულმა დაკითხვის დროს საკანცელარიო ნივთით თვითდაზიანება მიიყენა. მისი თქმით, დაზიანებები სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და პოლიციამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით, რომელიც ეხება მსხვერპლის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას.

საქალაქო სასამართლოში პროცესის უმეტესი ნაწილი ბრალდების მხარის თხოვნით დახურულ ფორმატში წარიმართა.

საქალაქო სასამართლომ სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ წინასწარი პატიმრობის შეფარდებისას მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულებს შესაძლოა თავი აერიდებინათ გამოძიებისთვის და ასევე მათი თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში არსებობდა პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, რაც ხელს შეუშლიდა საქმეზე  ჭეშმარიტების დადგენას.

ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2013 წლის 13 აგვისტოს დაინიშნა

ახალი ამბები