კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

2 ივლისი, 2013
 
ინტერპრესნიუსი

მიხეილ სააკაშვილმა 1 ივლისს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ტარდება. არჩევნების დანიშვნის მომენტიდან, ანუ 1 ივლისიდან, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება. ამას "საარჩევნო კოდექსი" ითვალისწინებს, რომლის თანახმად, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები ამ დღიდან სარგებლობენ თანასწორი უფლებებით - კანონით დადენილი წესის შესაბამისად. 

არჩევნების დანიშვნის დღიდან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს უფლება აქვს, დაამზადოს წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისთვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა.

საარჩევნო სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს დღეიდან უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლის ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.

წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა: საარჩევნო კომისიის წევრისა, მოსამართლისა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა, გენერალური აუდიტორისა, სახალხო დამცველისა, უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა, საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა.

ამასთან, კანონით აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში: აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, სასამართლოები, სამხედრო ნაწილები.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.

კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველები ძირითადი პოლიტიკური გაერთიანებებიდან ცნობილია. მმართველი კოალიციის - "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილია. კონკრეტული კანდიდატი ჯერ შერჩეული არ ჰყავს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", რომელიც ამ მიმართულებით პრაიმერს ატარებს და კანდიდატურის შერჩევას ოთხ ლიდერს შორის ცდილობს.

პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, პარტიამ და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებმა ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა უნდა მიმართონ. 

პრეზიდენტობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ცესკოს თავმჯდომარე, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა ატარებს. 

პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 10 დღისა, მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც წერილობითი განცხადებით ცესკოს უნდა მიმართოს. 

კონსტიტუცია და საარჩევნო კანონმდებლობა პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ჩატარებას საარჩევნო წლის ოქტომბრის თვეში ითვალისწინებს. ასევე კონსტიტუცია და საარჩევნო კოდექსი პრეზიდენტს შესაძლებლობას აძლევს, არჩევნების თარიღი არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა დანიშნოს. თუმცა, ქვეყნის პირველი პირი ვადის ამოწურვას არ დაელოდა და არჩევნები თითქმის მთელი ოთხი თვით ადრე დანიშნა. 
 

ახალი ამბები