კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე თეა თუთბერიძე დაიკითხა

3 ივლისი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩანა ახალაიას სასამართლოზე მოწმის სახით  დაკითხულმა თეა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ბრალდებულ გიორგი კინწურაშვილსა და მანუჩარ დარასელიაზე საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობდა და ამის შესახებ მას ინფორმაცია თვითონ ბრალდებულებმა მიაწოდეს.

თუთბერიძის განცხადებით, ახალაიას დაკავების პერიოდში მასთან მივიდა უცნობი პირი, რომელმაც უთხრა რომ 2 ადამიანს მასთან საუბარი სურდა. თუთბერიძის თქმით, მან ამ პიროვნებას მისცა ტელეფონის ნომერი, რამდენიმე დღეში კი, დაურეკეს და შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

„ნუცუბიძის მიმდებარე ტერიტორიაზე შევხვდი გვიან ღამის საათებში 2 უცნობ პირს. გამეცნენ, როგორც მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი. მათ მითხრეს,  რომ 7 ნოემბერს მათი დაკითხვისას პროკურორი თენგიზ ხარებავა და რამდენიმე გამომძიებელი მათზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ემუქრებოდნენ დაპატიმრებით და მოითხოვდნენ რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიეცათ ჩვენება და სანაცვლოდ, საქმეში მხოლოდ მოწმის სტატუსით დარჩებოდნენ. როგორც მითხრეს, საბოლოოდ, რაღაც ფურცლებზე მოაწერინეს ხელი და გამოუშვეს, როგორც მოწმეები.  მაშინ მე მათ ვთხოვე, რომ ჩაგვეტარებინა პრესკონფერენცია და ჟურნალისტებისთვისაც ეთქვათ იგივე. მათ მომთხოვეს დაცვის გარანტიები, რასაც ცხადია, ვერ შევპირდებოდი“- აღნიშნა თუთბერიძემ.

თეა თუთბერიძის განცხადებით, დარასელიამ და კინწურაშვილმა ერთხანს ითათბირეს, შემდეგ კი, სთხოვეს, რომ მიეცა მათთვის დრო, მეორე დღის 12 საათამდე, სანამ ისინი დატოვებდნენ ქვეყანას, ამის შემდეგ კი შეეძლო, გაესაჯაროვებინა მათ მიერ მიწოდებული ინფრომაცია. მოწმის განცხადებით, იგი დათანხმდა ბრალდებულებს და სთხოვა, რომ ჩაეწერათ ვიდეო, სადაც თვითონ მოყვებოდნენ აღნიშნულს, რომ უფრო დამაჯერებლი ყოფილიყო. მოწმის თქმით, ისინი ნუცუბიძეზე ერთ-ერთი მაღალსართულიანი სახლის  ბინაში წავიდნენ, რომლის ზუსტი მისამართი არ ახსოვს, სადაც დარასელიამ ჩაწერა ვიდეო, ხოლო კინწურაშვილმა თავი შეიკავა და უთხრა, რომ მოგვიანებით გამოუგზავნიდა, როცა ქვეყანაში აღარ იქნებოდა.

„მეორე დღეს, 12 ნოემბერს  2 საათზე გავმართე პრესკონფერენცია,  დისკებზე გამრავლებული დარასელიას ვიდეო გადავეცი ჟურნალისტებს და მოგვიანებით, ადვოკატებსაც. 13 ნოემბერს პროკურატურამ დარასელიასა და კინწურაშვილს წაუყენა ბრალი, ანუ მხოლოდ მაშინ, როცა მე ინფორმაცია გავავრცელე.  როგორც ბრალდებულების ადვოკატმა მითხრა, 7 ნოემბრის შემდეგ საქმეში რაიმე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რის საფუძველზეც შეიძლება გვევარაუდა, რომ მოხდა მათთვის ბრალის წაყენება. ყურადსაღებია, რომ პროკურატურა არ დაინტერესებულა ამ ინფორმაციით და არ დაუწყია გამოძიება, მითუმეტეს რომ ბრალდებულებმა დაასახელეს პროკურორი, რომელიც მათზე ზეწოლას ახორციელებდა“.

შეგახსენებთ, რომ მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი საქმეში ბაჩანა ახალაიასთან ერთად არიან ბრალდებულები ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების აღკვეთის ეპიზოდში.  აღნიშნული პირებზე ამჟამად ძებნაა გამოცხადებული.

მოსამართლემ რამდენჯერმე წესრიგისკენ მოუწოდა მოწმე თუთბერიძეს, რომელიც ხშირად ემოციურად ხვდებოდა ბრალდების მხარის მიერ დასმულ შეკითხვებს, იცინოდა, უსვამდა კონტრშეკითხვებს და საუბრობდა ხმამაღლა. 

ახალი ამბები