კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკანონო შეზღუდვა – ჩატაევის მეუღლეს საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ

17 ივლისი, 2013
 

ჩეჩნეთიდან ლტოლვილის ახმედ ჩატაევის მეუღლეს აინა მარგოშვილს საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ. როგორც აინა მარგოშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ის ქვეყნიდან გასვლას ერთი თვის განმავლობაში ორჯერ შეეცადა, მაგრამ საზღვარზე პრობლემები შეუქმნეს. აინას მამის მონახულება სურს, რომელიც მისი თქმით, ჩეჩნეთში ცხოვრობს და ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე აქვს.

„უკვე ორჯერ არ გამიშვეს საზღვარზე. აქამდე საზღვრის გადაკვეთაზე პრობლემა არასდროს შემქმნია. 10 ივნისს, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად თურქეთში მინდოდა გადასვლა, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გამაჩერეს და უარი გვითხრეს საზღვარზე გადასვლაზე. საბუთები წესრიგში გვქონდა, არ ჰქონდათ მიზეზი, რომ არ გავეშვით. მიზეზი რომ ვკითხე, მითხრეს, პრობლემა ჩვენგან არ არის, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაარკვიეთო. 18 ივნისს, აზერბაიჯანში მინდოდა წასვლა. ლაგოდეხის მხრიდან მივდიოდი და არც იქ გადამიშვეს, იგივე პასუხი გამცეს. ამის შემდეგ, გასულ ხუთშაბათს შსს-ს მივმართე წერილობით და ვთხოვე, აეხსნათ რა პრობლემა იყო, მაგრამ პასუხი ჯერ მიმიღია“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აინა მარგოშვილმა.

შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, მისთვის უცნობია, რატომ შეექმნა საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით პრობლემები ახმედ ჩატაევის მეუღლეს.

„თუ წერილობით მოგვმართა, პასუხსაც წერილობით მიიღებს. მეტს ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი რა პრობლემები შეექმნა და რატომ“,  - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნინო გიორგობიანმა.

აინა მარგოშვილმა დახმარებისთვის საქართველოს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილსაც მიმართა.

ახმედ ჩატაევი სამართალდამცავებს 2012 წლის 8 სექტემბერს ჩაბარდა. როგორც ცნობილია, ჩატაევი თბილისიდან ლოპოტას ხეობაში, 28 აგვისტოს, საქართველოს შს სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელობის თხოვნით იქამდე  ჩავიდა, ვიდრე შსს ლაფანყურთან ახლოს სპეცოპერაციას დაიწყებდა.

შსს–ს მაღალჩინოსნებმა ჩატაევს ლოპოტას ხეობაში მყოფ შეიარაღებულ ჩეჩნებთან და ქისტებთან მოლაპარაკებაში ჩართვა სთხოვეს. საქართველოს ხელისუფლება ითხოვდა, შეიარაღებულ ჯგუფს, რომელიც საქართველოდან დაღესტნის გავლით ჩეჩნეთში გადასვლას აპირებდა, იარაღი დაეყარა და სამართალდამცავებს ჩაბარებოდნენ. ჩატაევი ხეობის სიღრმეში მოლაპარაკებაზე შევიდა და იქიდან გამოსვლის შემდეგ ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელებს, რომლებსაც კარგად იცნობდა, უთხრა, რომ ჯგუფის წევრები იარაღის დაყრაზე უარს ამბობდნენ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სპეცრაზმი ლოპოტას ხეობას დატოვებდა, ისინი ისევ პანკისის ხეობაში დაბრუნდებოდნენ. ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა ჩატაევს რამდენიმე წუთი დრო სთხოვა. ჩატაევი ვარაუდობს, რომ სავარაუდოდ შს მინისტრთან, ბაჩო ახალაიასთან უნდა შეეთანხმებინათ მის მიერ მიწოდებული პირობა. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, როცა ჩატაევი პასუხს ელოდებოდა, ის სნაიპერმა ფეხში დაჭრა. ჩატაევმა მიმალვა შეძლო, რამდენიმე წუთში კი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. დაჭრილი ჩატაევი ლოპოტას ხეობაში 10 დღის განმავლობაში დარჩა. მას ჭრილობა გაურთულდა და სიარული ვეღარ შეძლო, რის გამოც ის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს, თავისი ნებით, 8 სექტემბერს ჩაბარდა. ჩატაევი დააკავეს და გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას მარცხენა ფეხი მოკვეთეს. ჩატაევს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იყო მოთავსებული.

ჩატაევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში, რომელსაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებდა, შსს–ს ახმედ ჩატაევის წინააღმდეგ 3 მოწმე ჰყავდა, მესაზღვრეები გიორგი კერესელიძე, ბადრი ტყემალაძე და გოგი აივაზაშვილი. სამივე ლაფანყურის სასაზღვრო სექტორის თანამშრომელია. ისინი ჩვენებებში აცხადებდნენ, რომ ჩატაევი როცა დააკავეს, ის შეიარაღებული იყო.

24 ოქტომბერს, კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში გიორგი კერესელიძემ დაადასტურა, რომ ახმედ ჩატაევი მათ თავად ჩაბარდა და არანაირი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა თან არ ჰქონია. მისი თქმით, ჩატაევის ჩაბარების შემდეგ სამივე მესაზღვრე კუდ–ში დაიბარეს და ჩვენებებზე ხელმოწერა იქ დაავალეს. კერესელიძე ამბობს, რომ იმ სიტუაციაში სხვაგვარად არ შეეძლო. რაც შეეხება ბადრი ტყემალაძეს, მისი თქმითაც, ჩატაევს ხელყუმბარები არ ჰქონია.

ჩატაევი თავს დამნაშავედ არ სცნობდა. პატიმრობიდან მისი გათავისუფლების მოთხოვნით, ჩეჩნებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს როგორც პანკისის ხეობაში, ასევე, თბილისში, იუსტიციის სამინისტროსთან. ჩატაევის გათავისუფლებას ითხოვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, საინფორმაციო საშუალებები კი მის საქმეში არსებულ დარღვევებზე სისტემატურად აქვეყნებდნენ მასალებს.

7 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და ჩეჩენი ლტოლვილი ახმედ ჩატაევი, 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. დანაშაულს, რომელიც ჩატაევს ბრალად ედებოდა, ამნისტიაც შეეხო.

2013 წლის 18 იანვარს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ახმედ ჩატაევის მიმართ, დანაშაულის არ არსებობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ჩატაევს გირაოს სახით გადახდილი 5 ათასი ლარიც უკან დაუბრუნდა. სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემდეგ ჩატაევმა საქართველო დატოვა. ის ამჟამად ავსტრიაში იმყოფება, სადაც მას ჩეჩნეთიდან ლტოლვილის სტატუსი აქვს მიღებული.

ახალი ამბები