კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ციხის ბუნტის ეპიზოდზე ბაჩანა ახალაიას საქმის არსებითი განხილვა იწყება

19 ივლისი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩანა ახალაიას საქმის არსებითი განხილვის თარიღი ჩაინიშნა. აღნიშნული  საქმე 2006 წლის 27 მარტს მომხდარი ციხის ბუნტის ეპიზოდს ეხება.  მთავარი პროკურატურა ბაჩო ახალაიას ორთაჭალის №5 საპყრობილეში მომხდარი ბუნტის დროს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. ბუნტის მომენტში ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.

17 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ციხის ბუნტის ეპიზოდზე ბაჩანა ახალაიას საქმის წინა სასამართლო სხდომა გაიმართა.  პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებათა დაშვების საკითხი განიხილებოდა.  მოსამართლე დავით ჯუღელმა დაუშვებლად ცნო ბრალდების რამდენიმე მტკიცებულება, რომელიც დაცვის მხარეს არ გადასცემია, თუმცა არ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა ბრალდების შეწყვეტის შესახებ და არსებითი განხილვის თარიღი ჩანიშნა. 

ბაჩანა ახალაიასთან ერთად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით აღნიშნულ საქმეში ბრალდებულები არიან მეგის ქარდავა, დავით ჭაკუა და რეზო ჭაბრაძე, რომლებიც ამჟამად იძებნებიან. ბრალდებულებიდან სხდომას მხოლოდ ბაჩანა ახალაია ესწრებოდა, რომელმაც წინასასამართლო პროცესზე საქმის ნაფიცი მსაჯულების პირობებში განხილვაზე უარი განაცხადა. საქმის არსებითი განხილვა 31 ივლისს, 12 საათისთვის ჩაინიშნა.

ამასთან დაკავშირებით, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა:

 „გამოძიებით დადგენილია, რომ ბაჩანა ახალაიამ 2006 წლის გაზაფხულზე გადაწყვიტა გაექარწყლებინა მის მიერ ნასვამ მდგომარეობაში პატიმრების ცემის და დამცირების თაობაზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ხმები და  დასახა გეგმა, რომელიც გააცნო კანონიერ ქურდს, პ. მამარდაშვილს. ახალაიამ მას უთხრა, რომ დერეფანში, სადაც წინასწარ დამონტაჟებული იყო ვიდეო კამერა, იგი უნდა შეხვედროდა პატიმარ ზურაბ ვიბლიანს, რომელიც იყო ციხის ე.წ. „მაყურებელი“. მამარდაშვილს ვიბლიანთან უნდა ესაუბრა ციხეში კრიმინალური ავტორიტეტებისთვის შექმნილ გაუსაძლის მდგომარეობაზე, რაშიც ახალაია უნდა დაედანაშაულებინა. შემდეგ შეეთავაზებინა ვიბლიანისთვის, რომ მოეძებნა რომელიმე პატიმარი, რომელიც მიიყენებდა თვითდაზიანებას, შემდეგ კი იჩივლებდა და გაახმაურებდა ფაქტს, თითქოსდა ახალაიამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ კი ახალაია გამოაქვეყნებდა ვიბლიანისა და მამარდაშვილის ვიდეო ჩანაწერს, რითაც საზოგადოებას დაარწმუნებდა, რომ მასზე გავრცელებული ხმები პატიმრებთან არასათანადო მოპყრობის თაობაზე ინსცენირებული იყო კრიმინალური ავტორიტეტების მიერ.

პროკურატურის ინფორმაციით, გეგმის თანახმად, მოხდა მამარდაშვილსა და ვიბლიანის შეხვედრა, თუმცა მამარდაშვილმა ახალაიას დავალება არ შეასრულა და კამერის წინ არაფერი თქვა. ამის გამო ანგარიშსწორებისათვის, 2006 წლის 27 მარტს ღამის 1 საათზე ბაჩანა ახალაია მეგის ქარდავასთან, რევაზ ჭარბაძესთან, მე-7 საპყრობილის დირექტორთან გიორგი ფოლადაშვილთან და სპეციალური დანიშნულების რაზმის რამდენიმე წევრთან ერთად მივიდა სამკურნალო დაწესებულებაში და მოითხოვა დირექტორის კაბინეტში დასჯის მიზნით მიეყვანათ მსჯავრდებულები პ. მამარდაშვილი და ზ. ვიბლიანი.  ასევე იგეგმებოდა გიორგი ავალიანისა და ლევან ცინდელიანის მოყვანა, რათა შეენიღბა მამარდაშვილისა და ვიბლიანის ცემის ფაქტი. პ. მამარდაშვილს ბ. ახალაიამ აჩვენა მის ხელთ არსებული ვიდეოფირი და უთხრა რომ დავალების შეუსრულებლობის გამო იგი უნდა დასჯილიყო. ამის შემდეგ მეგის ქარდავამ პ. მამარდაშვილს, მისი როგორც კრიმინალური ავტორიტეტის დამცირების მიზნით, სხვა პატიმრების თვალწინ დაუწყო თმების შეჭრა. შეჭრილ თმებს უწყობდა ჯიბეში. ამის შედეგ ახალაიამ პატიმრების გამოწვევის მიზნით რიგ-რიგობით ჰკითხა ზ. ვიბლიანსა და გ. ავალიანს თუ რა დღე, რა რიცხვი და რომელი წელი იყო, რაზედაც ავალიანმა მიუგო, რომ ეს თვითონ ახალაიამაც იცოდა. ამ პასუხზე ახალაიამ სახეში შეაფურთხა გ. ავალიანს. გ. ავალიანმა საპასუხოდ ახალაიას ხელი გაარტყა. ამის შემდეგ ბ. ახალაიამ, რ. ჭარბაძემ, მ. ქარდავამ და სპეცრაზმის თანამშრომლებმა სცემეს გ. ავალიანს, ზ. ვიბლიანსა და პ. მამარდაშვილს. პარალელურად ბ. ახალაიამ რაციის საშუალებით სამკურნალო დაწესებულებაში გამოიძახა საჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმი. ნაცემი პატიმრები გაათრიეს დაწესებულების ეზოში, სადაც სხვა პატიმრების დასანახად სასტიკად სცემეს. 

გამოძიების ინფორმაციით, ბაჩანა ახალაიას და ადმინისტრაციის სხვა ხელმძღვანელთა ამგვარ უკანონო ქმედებას დაწესებულებაში განთავსებული პატიმრების მხრიდან მოჰყვა აქტიური პროტესტი რაც ციხის ბუნტში გადაიზარდა. კერძოდ, იმავე ღამით პატიმართა მღელვარებას ადგილი ჰქონდა მეზობელ N5 და N1 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

ამ დანაშაულის ჩადენის გამო ბაჩანა ახალაია ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება)” - აღნიშნულია  საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

ახალი ამბები