კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ცე-ჰეპატიტის მკურნალობა იწყება

25 ივლისი, 2013
 
სალომე აჩბა

2013 წლის შემოდგომაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ცე ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა იწყება. პროგრამის შემუშავებაში სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან ერთად, სამოქალაქო სექტორიც იყო ჩართული. პროგრამის ფარგლებში, პირველ წელიწადს ხუთასი მსჯავრდებული მკურნალობის კურსს  უფასოდ გაივლის. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ პროცესი სასჯელაღსრულებით დაწესებულებებსაც გასცდება და უფასო მკურნალობის შესაძლებლობა ციხის გარეთ მყოფ პაციენტებსაც შეეძლებათ. 

ბოლო კვლევებით, საქართველშო ცე ჰეპატიტი 200 000 ადამიანზე მეტს აქვს. კვლევების მიხედვით, ცე ჰეპატიტის მაჩვენებელი განსაკუთრებულად მაღალი სასჯელაღსრულებით დაწესებულებებშია, მაგრამ ამ მიმართულებით სრულფასოვანი კვლევა არ ჩატარებულა. სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს ციხეებში ცე ჰეპატიტის ვირუსის მქონე მსჯავრდებულთა რაოდენობა 17-დან 50  პროცენტამდე მერყეობს. მიუხედავად ასეთი მაღალი მაჩვენებლისა, სახელმწიფოს ამ მიმართულებით დღემდე არანაირი პროგრამა და სტრატეგია არ ჰქონდა შემუშავებული.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნინო ანდრიაშვილი წლების განმავლობაში იცავდა  იმ პატიმართა უფლებებს, რომლებსაც ცე ჰეპატიტი აქვთ. 

„ბოლო წლებში ამ კუთხით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მდგომარეობა საგანგაშო იყო. არ არსებობდა არანაირი პროგრამა ამ ადამიანებისთვის. ადგილობრივ დონეზე სასჯელაღსრულების სამინისტროს დეპარტამენტს როცა მივმართავდით, ზოგჯერ პასუხიც კი არ მოგვდიოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ამ კუთხით ევროსასამართლოს რამდენჯერმე მიმართა. ერთ-ერთი ასეთი საქმეა „მარაქველიძე საქართველოს წინააღმდეგ“. ამ მსჯავრდებულს უკვე წლებია, ცე-ჰეპატიტი აქვს. დიდი ხანი ვითხოვდით მისთვის ადეკვატური სამედიცინო მკურნალობის გაწევას, მაგრამ -  უშედეგოდ. ბოლოს, იძულებულნი გავხვდით, ევროსასამართლოსთვის მიგვემართა. საქმეზე გადაწყვეტილება ჯერ არ დამდგარა, მაგრამ როგორც ჩანს, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ამ თემის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება შეიცვალა. სასჯელაღსრულების სამინისტროსთვის მიმართვის შემდეგ მარაქველიძე მკურნალობის პროგრამაში ჩასვეს“, - ამბობს ნინო ანდრიაშვილი. 

მარაქველიძის გარდა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ადეკვატური სამედიცინო მომსახურების არარსებობის გამო ცე ჰეპატიტის მქონე ასამდე პატიმარმა მიმართა. მათგან ოთხ საქმეზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ოთხივე საქმეში საქართველოს სახელმწიფომ წააგო. 

სასჯელაღსრულების სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ახალი პროგრამის ამოქმედების შემდეგ, როცა მსჯავრდებულებს ცე ჰეპატიტის მკურნალობა უფასოდ შეეძლებათ, ევროსასამართლოში ამ კუთხით წაღებული საქმეების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. 

„თავისუფლებააღკვეთილი პირების მიმართ სახელმწიფოს აქვს გაცილებით უფრო დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, უზრუნველყოს ისინი ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით, რადგან თავისუფლების აღკვეთის პირობებში ადამიანებს არა აქვთ თეორიული შესაძლებლობაც კი, რომ თავად გამოიმუშავონ მკურნალობის თანხები. გარდა ამისა, ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას სახელმწიფოს ის საერთაშორისო დოკუმენტებიც ავალდებულებს, რომლებსაც საქართველო მიერთებულია. ასევე არსებობს პრეცენდეტული საქმეები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, სადაც მსჯავრდებულები ჩიოდნენ ადკევატური სამედიცინო მომსახურების არარსებობის გამო და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, პირდაპირ დაევალა ამ პირთათვის სამედიცინო მკურნალობის კურსის დანიშვნა“, - ამბობს სასჯელარსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. 

მისივე განმარტებით, პროგრამის დაწყებისას 12 ათასამდე პატიმარს სკრინინგი ჩაუტარდება, პირველ წელს კი,  მკურნალობის კურსს 500 მსჯავრდებული გაივლის. თალაკვაძე ჩვენთან საუბარში იმ კრიტერიუმებსაც განმარტავს, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულების პროგრამაში ჩართვა მოხდება. 

„ექსპერტთა ჯგუფმა შეიმუშავა სპეციალური სამედიცინო და არასამედიცინო კრიტერიუმები. პირველ ეტაპზე მკურნალობას სწორედ ის მსჯავრდებულები გაივლიან, რომლებიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. სამედიცინო კრიტერიუმია  ღვიძლის დაზიანების ხარისხი. ხოლო არასამედიცინო კრიტერიუმია სასჯელის დარჩენილი ვადა, რომელიც უნდა იყოს 2 წელი ან მეტი, რადგან სპეციალისტები თვლიან, რომ სწორედ ეს ვადაა საჭირო მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად. ის მსჯავრდებულები კი, რომლებიც ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ, „მოლოდინის ნუსხაში“ შევლენ. სამედიცინო დაწესებულება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად გააკონტროლებს. როგორც კი პირველი ეტაპი დასრულდება, დანარჩენ მსჯავრდებულებსაც შეეძლებათ პროგრამაში ჩართვა“, - ამბობს არჩილ თალაკვაძე. 

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, უახლოეს მომავალში იგივე პროგრამა იმ ადამიანებზეც გავრცელდება, რომლებიც საპატიმროებს გარეთ არიან. სფეროს ექსპერტები კი, ვარაუდობენ რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ ამგვარი პროგრამის ამოქმედებით, ცე ჰეპატიტის მკურნალობის ფასი მთლიანი საზოგადოებისთვისაც დაიწევს. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, საქართველოში მკურნალობა 12-იდან 22 ათას ლარამდე ჯდება. 

ახალი ამბები