კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალაიას სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარებმა დასკვნითი სიტყვა წარმოადგინეს

26 ივლისი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებისა და დაცვის მხარემ საბოლოო სიტყვა წარმოადგინეს. სენაკის ბრიგადაში ჯარისკაცების დასჯის, ბიზნესმენ ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ვაზიანის ბრიგადაში  ჯარისკაცის ცემის  ეპიზოდების შესახებ სასამართლო განაჩენი, სავარაუდოდ, 27 ივლისს გამოცხადდება.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას, სახმელეთო ძალების სარდლის. გიორგი კალანდაძის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის, გაგა მკურნალიძის, ვაზიანის მე-4 ბრიგადის მეთაურის, ზურაბ შამათავას, სენაკის მე-2 ბრიგადის მეთაურის, მერაბ კიკაბიძის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების, მანუჩარ დარასელიასა და გიორგი კინწურაშვილის საქმეზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა 23 ივლისის სხდომაზე სრულად წარადგინა. საბოლოო სიტყვა ნაწილობრივ წაიკითხა დაცვის მხარემაც. 

პროკურორებმა დასკვნითი სიტყვის წარმოდგენისას მოწმეთა ჩვენებები წაიკითხეს, ასევე ყურადღება გაამახვილეს ყველა იმ გარემოებაზე, რაც მათი თქმით,  იძლევა იმის საფუძვლიან ვარაუდს, რომ ბრალდებულებმა დანაშაული მართლაც ჩაიდინეს.

აღნიშნული საქმე შეეხებოდა სამ ეპიზოდს- სენაკის ბრიგადაში ჯარისკაცების კოლექტიურ დასჯას, ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეს და ვაზიანის ბრიგადაში ერთ-ერთი ოცმეთაურის, პაატა პაატაშვილის ცემას, ბაზაზე ტელეფონის უნებართვო შეტანის გამო.

პროკურატურის მტკიცებით, დაცვის მხარე სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მუდმივად ცდილობდა დანაშაულის დაფარვას, თუმცა ვერ მოახერხა:

"სენაკის ეპიზოდთან დაკავშირებით, თავიდან ისინი ბუნტის ვერსიას ავითარებდნენ და აცხადებდნენ, რომ ჯარისკაცების დასჯას ბუნებაში არ ჰქონია ადგილი, შემდეგ პოზიციები შეცვალეს და ამბობდნენ, რომ ამგვარად საზღვარგარეთაც ავარჯიშებენ რეინჯერებს, თუმცა მათ დაავიწყდათ, რომ საზღვარგარეთ ასეთ კურსებზე ჩაწერა ნებაყოფლობითია და არა ძალადობრივი", - განაცხადეს პროკურორებმა დასკვნით სიტყვაში. 

რაც შეეხება ზვიად აბესაძის ეპიზოდს, პროკურატურის მტკიცებით, გიგი კალანდაძე შეეცადა აბესაძესთან კონფლიქტი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის, დავით ჭაკუასთვის გადაებრალებინა, ვინაიდან ჭაკუა ძებნილია. თუმცა, მათი თქმით, აღნიშნულ საქმეზე კალანდაძის ბრალი სატელეფონო ზარების ამონაწერით დასტურდება. 

"ვინაიდან ბრალდებულები მაღალი თანამდებობის პირები არიან, მათ ყველაზე მეტად ევალებოდათ კანონის დაცვა, მათ შელახეს შეიარაღებული ძალების იმიჯი. გთხოვთ გაითვალისწინოთ ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს გონივრულ ეჭვს, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული და მიიღოთ გამამტყუნებელი განაჩენი", - მიმართა პროკურორმა მოსამართლეს.

ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ ბრალდების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებები დაუსაბუთებლად მიიჩნია და განაცხადა, რომ ბრალდება შეთითხნილია.

"პროკურატურა დღეს ასამართლებს გმირებს, მაშინ, როდესაც ბედუკაძე, რომლის ბრალეულობაც დადასტურებული იყო, გამოუშვეს და ლამის გმირად შერაცხეს" - განაცხადა გოგიტა გაბაიძემ საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას.
გიგი კალანდაძის ადვოკატის განცხადებით, მართლაც რომ სდომოდათ ბრალდებულებს აბესაძისთვის რაიმეს დაშავება, ისე გააქრობდნენ მას, რომ ვერც ვერავინ გაიგებდა სად წაიყვანეს და ამდენად, ასეთი ბრალდება აბსურდულია. 

ადვოკატებმა ასევე განაცხადეს, რომ ბრალდების მხარემ, სასამართლოში მიცემული ჩვენებების ნაცვლად, მოწმეების მიერ გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებები გამოიყენა, რაც დაუშვებელია:

“დასკვნითი სიტყვა ძირითადად, აგებული იყო ვარაუდებზე და სადემონსტრაციო მაგალითებად მოყვანილი ჰქონდათ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, რომლებიც სასამართლოზე არ გამოქვეყნებულა და მათი მტკიცებულებად გამოყენება ყოვლად დაუშვებელია", - განაცხადა ადვოკატმა დავით დეკანოიძემ.

პროკურორებმა დაცვის მხარის განცხადებებს აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია იმისთვის, რომ ბრალდებული პირების მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს.

მომდევნო სასამართლო სხდომა 26 ივლისს 12 საათზეა ჩანიშნული. პროცესზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას დაასრულებს, საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ ბრალდებულებიც, რის შემდგომაც, სავარაუდოდ, მოსამართლე განაჩენს გამოიტანს.

ახალი ამბები