კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

1 მოწმე (აგენტი - პროვოკატორი) 11 საქმეში – ეს ხდება არჩევნების შემდეგ

1 აგვისტო, 2013
 
გელა მთივლიშვილი, www.ick.ge

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით არაერთი საჯარო მოხელე დააკავა, მათ შორის კახეთში. სტუდია „მონიტორმა“ 11 საქმე შეისწავლა, სადაც მთავარი მოწმე ერთი და იგივე პირი რუსლან მამედოვია.

რუსლან მამედოვი ფიგურირებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თემურ ზავრაშვილის, ზემო ქედის რწმუნებულის ბეჟან სუხიაშვილის და მისი თანასოფლელის ემზარ გოგბაიძის, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მერაბ ზვიადაურის საქმეებში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ ბაკურციხის რწმუნებული 2013 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, რწმუნებულმა ყალბი ცნობა დაამზადა, რომლის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 300 ლარი აიღო.

„ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხის რწმუნებული თეიმურაზ ზავრაშვილი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თემურ ზავრაშვილმა დაამზადა ყალბი ცნობა, რომლის სანაცვლოდ, ქრთამის სახით რუსლან მამედოვისგან აიღო 300 ლარი. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის ფორმად თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის 11 თებერვლის  განცხადებაში.

თემურ ზავრაშვილი, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია და ის დაკავებამდე ერთი კვირით ადრე დანიშნეს სოფლის რწმუნებულად. სასამართლომ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ რწმუნებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 20 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. 2013 წლის ივნისში კი თელავის სასამართლომ ზავრაშვილი დამნაშავედ სცნო და 2 000 ლარიანი ჯარიმა და 5 წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა. ზავრაშვილს განაჩენი არ გაუსაჩივრებია და კანონიერ ძალაშია შესული.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ზვიადაური 2013 წლის 6 აპრილს დააკავეს. მერაბ ზვიადაური ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ბიძაშვილია.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2013 წლის 5 აპრილს, მერაბ ზვიადაურმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მშენებლობის მფარველობის მიზნით, მოქალაქე რუსლან მემედოვისგან აიღო ქრთამი 500 აშშ დოლარის ოდენობით. თელავის სასამართლომ მერაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის დანაშაულს არ აღიარებდა და დუმილის უფლებას იყენებდა. 29 მაისს, ბრალდებულის ადვოკატმა ჯუმბერ მაილაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ კახეთის საოლქო პროკურატურა მერაბ ზვიადაურთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს. თელავის რაიონულ სასამართლოში ჩანიშნული სასამართლო პროცესი სწორედ ამ მიზეზით გადაიდო.

„მხარეები ვაწარმოებთ მოლაპარაკებას საპროცესო შეთანხმებაზე, პირობებზე ვთანხმდებით და შეთანხმება თითქმის მიღწეულია, ამიტომ მოსამართლეს ვთხოვეთ, რომ საქმის განხილვა რამდენიმე დღით გადაედო, რაზედაც დაგვთანხმდა“, – განაცხადა ადვოკატმა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მერაბ ზვიადაურს 6–დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მისი საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ზემო ქედის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ბეჟან სუხიაშვილი და მისივე თანასოფლელი ემზარ გოგბაიძე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 2013 წლის იანვარში დააკავეს. სუხიაშვილს ბრალი სამსახურებრივი სიყალბის მუხლით წარუდგინეს, გოგბაიძეს კი როგორც მის დამხმარეს. საგამოძიებო სამსახურს ამ საქმეზე განცხადება არ გაუვრცელებია.

არსებული ინფორმაციით, რუსლან მამედოვი დაუკავშირდა სოფელ ზემო ქედში მცხოვრებ ემზარ გოგბაიძეს, რომელსაც უთხრა, რომ სოფელში ცხვარი იყიდა, მწყემსი ვერ ახერხებდა გაჰყოლოდა სოფლის გამგეობაში ცნობის დასაწერად და ემზარ გოგბაიძეს სთხოვა, მას ეთქვა, რომ ცხვარი მისგან იყიდა, სანაცვლოდ დაეხმარებოდა. ემზარ გოგბაიძის ოჯახი სოციალურად დაუცველია. გოგბაიძე რუსლან მამედოვს დასთანხმდა, სოფლის რწმუნებულს უთხრა, რომ მამედოვმა ცხვარი მისგან იყიდა. სოფლის რწმუნებულმა ბეჟან სუხიაშვილმა ცნობა გასცა, მამედოვმა მას ფული გადასცა და თან ფარულად გადაიღო.

სასამართლომ სუხიაშვილიც და გოგბაიძეც დამნაშავედ სცნო. ამ საქმეზეც პროკურორად კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ხვიჩა ბეგიაშვილი გამოდიოდა. სასამართლომ სუხიაშვილს და გოგბაიძეს ჯარიმა და პირობითი პატიმრობა მიუსაჯა.

სტუდია „მონიტორთან“ საუბარში, უფლებადამცველი ლია მუხაშავრია აცხადებს: „იკვეთება, რომ ეს ადამიანი (რუსლან მამედოვი) არ არის ჩვეულებრივი დაზარალებული ან ფაქტის შემსწრე მოწმე, არამედ ეს არის აგენტი პროვოკატორი“.

სტუდია „მონიტორის“ რეპორტიორმა გიორგი მგელაძემ, რომელმაც ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა, კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორს ხვიჩა ბეგიაშვილს ჰკითხა, რატომ არ ხდიან პროკურორები საეჭვოდ პროფესიონალი მოწმის ჩვენებას. „ერთი კითხვა მაქვს, მამედოვი თერთმეტ საქმეში რომ ფიგურირებს, როგორც მოწმე, ეს არის თუ არა თქვენთვის ცნობილი, როგორც პროკურორისთვის? 4 პირის მიმართ მხოლოდ თქვენთან არის მთავარი მოწმე. ეჭვი შეგეპარათ მის სანდოობაში?“, – პროკურორმა სტუდია „მონიტორის“ ამ კითხვას პასუხი არ გასცა.

გიორგი მგელაძე, სტუდია „მონიტორის“ რეპორტიორი: 2013 წლის 13 ივნისს, როცა სამართალდამცავებმა 7 რწმუნებული დააკავეს, ერთ–ერთმა ადვოკატმა გვითხრა, რომ ამ საქმეებში საეჭვო მოწმე ფიგურირებდა. ჩვენ დავიწყეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამ საკითხის მოძიება. ზოგმა საქმის მასალები გვაჩვენა, ზოგმა ინტერვიუ მოგვცა, ზოგიერთ საქმეზე სასამართლო განაჩენი და სხვა დოკუმენტები მოვიპოვეთ. საბოლოოდ, შევკრიბეთ 11 პირის მიმართ წაყენებული ბრალი, სადაც მთავარი მოწმე და ქრთამის გამცემი არის ერთი და იგივე პირი, რუსლან მამედოვი. ეს ხდება 2013 წელს დაწყებულ საქმეებში. ზოგიერთი უკვე დასრულებულიც არის. ამბობენ, რომ იქამდეც, ანუ არჩევნებამდეც იყო მამედოვი სხვადასხვა საქმეში მოწმე. ამ 11 საქმიდან, კახეთში 3 საქმეა 4 პირზე, ბეჟან სუხიაშვილის, ემზარ გოგბაიძის, თემურ ზავრაშვილის და  მერაბ ზვიადაურის. სუხიაშვილის, გოგბაიძის და ზავრაშვილის საქმეებზე განაჩენი უკვე დამდგარია. ზვიადაურის პროცესი ახლა მიმდინარეობს. საპროცესო შეთანხმებაზე იყო საუბარი, მაგრამ ზვიადაურებმა საქმეში ახალი ადვოკატი ჩართეს და უარი თქვეს საპროცესოზე.

ბრალდებულებიდან ზოგი გარეთ არის, ჩვენ მათ მივაკითხეთ, მაგრამ არავინ არ დაგვთახმდა ინფორმაციის მოწოდებაზე, მათ შორის არც მათი ადვოკატები.

– აუხსენით, რომ 11 საქმეში ერთი და იგივე მოწმე მოწმე ფიგურირებს და მაინც არ დაგთანხმდნენ, არც ადვოკატები?

– კი, არავინ არ დაგვთანხმდა ჩაწერაზე, არც თელავში, არც ქარელში, არც გურჯაანში, არც დედოფლისწყაროში, არც ახმეტაში, არც ყაზბეგში, არსად. მერაბ ზვიადაურის ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ მტკიცებულებად დაერთო რამდენიმე განაჩენი, სადაც მამედოვი ფიგურირებდა მოწმის სტატუსით.

– რუსლან მამედოვს შეხვდით?

– მისამართზე, რაც ოფიციალურ დოკუმენტებშია მითითებული, არ აღმოჩნდა. ჩვენ მას ფონიჭალაში მივაკითხეთ, მისი ძმა იყო სახლში და არ გვითხრა, სად იყო. ტელეფონზე ველაპარაკე, ჩანაწერიც მაქვს. ამბობს, რომ ბიზნესმენი ვარო, არ აღიარებს, რომ საგამოძიებო სამსახურის აგენტია.

– ფილმის ვიდეოანონსში ჩანს, რომ კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორისგან ხვიჩა ბეგიაშვილისგან დაჟინებით ითხოვთ განმარტების მიღებას. მთავარმა პროკურატურამ ან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თუ გააკეთეს განმარტება?

– პროკურორმა ხვიჩა ბეგიაშვილმა კომენტარი არ გააკეთა, არადა რუსლან მამედოვი მხოლოდ მისი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ რამდენიმე საქმეშია მთავარი მოწმე. მთავარმა პროკურატურამაც ინტერვიუზე უარი გვითხრა. წერილობითაც მაქვს კითხვები გაგზავნილი.  უკვე სამი დღეა პასუხს ველოდები. ყველაზე საინტერესო რაც არის ისაა, რომ ყველა საქმე, თერთმეტივე გამოძიებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ. ჩვენ ამ სამსახურსაც დავუკავშირდით, პრესსამსახურის წარმომადგენელს ნათია სუხიაშვილს ვთხოვეთ ინტერვიუს ჩაწერაზე ნებართვა, მაგრამ უარი მივიღე. წერილობით აქაც გავაგზავნე კითხვები, მაგრამ მითხრა, რომ ჩვენი პოზიცია ის არის, რაც ამ პირების დაკავების დროს საჯაროდ განვაცხადეთო.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორს ხვიჩა ბეგიაშვილს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა:

– ადასტურებთ, რომ სოფლების ბაკურციხის და ზემო ქედის რწმუნებულების, ასევე მერაბ ზვიადაურის საქმეებში ერთი და იგივე პირი, რუსლან მამედოვი გყავთ მთავარი მოწმე?

– ვადასტურებ. ეს ადამიანი, რუსლან მამედოვი მოწმედ არის დაკითხული თქვენს მიერ აღნიშნულ საქმეებში. ყველა საქმეში დადასტურებულია მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არა მხოლოდ მამედოვის ჩვენებებით, არამედ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებითაც, მაგალითად, ფარულად გადაღებული ვიდეომასალებით. ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა.

– ერთი და იგივე მოწმე რომ არის გურჯაანშიც, დედოფლისწყაროშიც, ახმეტაშიც და თან თქვენ იყავით სამივე საქმეში პროკურორი, სანდოობაში ეჭვი როგორ არ შეგეპარათ, თუ არ შეიტანეთ?

– მოქმედი კანონმდებლობით, ქრთამის მიმცემი თუ მივა სამართალდამცავ ორგანოში და განაცხადებს, ეს გარემოება მას ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ვიდრე გამოძიება დაიწყება, ქრთამის მიმღებიც რომ გამოცხადდეს პოლიციაში და განაცხადოს მომხდარის შესახებ, ისიც გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან.

– რუსლან მამედოვი თქვენი, პროკურატურის აგენტია თუ საგამოძიებო სამსახურის?

– მე ვარ პროკურორი. საქმეებში არის ფარულად გადაღებული მასალები, რაც ადასტურებს დანაშაულს. ჩემთვის მთავარია, რომ დანაშაული, რომელიც გამოვლინდა, ბოლომდე მივიყვანოთ. მოწმეს ვართმევთ ხელწერილს და ვაფრთხილებთ, რომ ცრუ დასმენისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება. თუ არ მოგვმართეს, სხვანაირად ვერ გამოავლენ ქრთამის აღების დანაშაულს.

– ანუ, სპეციალურად მიდის მამედოვი საჯარო მოხელეებთან, სთავაზობს ქრთამს, რომ მერე ისინი დაიჭიროთ?

– ყველა საქმეში მას ნამდვილად ჰქონდა შეხება. ის არის ბიზნესმენი, ხან ცხვარს ყიდის, ხან რკინას, ხან სხვა საქონელს. აქვს ხოლმე შეხვედრები ხშირად და როცა ასეთ ფაქტს აწყდება, მაშინვე მიდის სამართალდამცავ ორგანოებში. სხვა რეგიონებში რა ხდებოდა, მე ვერ გეტყვით. ჩვენთან, სამივე საქმეში დადასტურებულია დანაშაული და სასამართლომ 2 საქმეზე უკვე გამოიტანა კიდეც გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება მერაბ ზვიადაურს, მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში კვირას, 28 ივლისს, 19:30 საათზე გავა.

ახალი ამბები