კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააკაშვილმა თენგიზ გუნავა შეიწყალა

31 ივლისი, 2013
 
სივილ ჯორჯია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 30 ივლისს სამეგრელო–ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა შეიწყალა, რომელიც მითვისების ბრალდებით გაასამართლეს  და ოთხწლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

გუნავა 12 ივლისს სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც  სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო ბრალდების ორ ეპიზოდში, რომელიც შსს-ის გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებითა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი 3000 ლიტრი ბენზინის და 49 500 ლარის მითვისებას უკავშირდება. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ თენგიზ გუნავა გაამართლა და უდანაშაულოდ ცნო მესამე ეპიზოდში, რომელშიც მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენებაში ედებოდა ბრალი.

თენგიზ გუნავა ბრალდებული იყო, როცა ის პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთში გუბერნატორად 2013 წლის იანვარში დანიშნა.
„ნებისმიერი ადამიანი, ვინც იქნება ეჭვმიტანილი ადამიანის უფლებების დარღვევაში, წამებაში, ცემაში და ბევრად უფრო მეტ საშინელებებში, ვერასოდეს ვერ მიიღებს საპრეზიდენტო შეწყალებას, რომელიც პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს“, – განაცხადა სააკაშვილმა 30 ივლისს და დასძინა, რომ შეწყალებული იქნებიან „ის იდეალისტები, რომლებიც აშენებდნენ ქართულ სახელმწიფოს და რომლებიც ისჯებიან მხოლოდ იმისათვის, რომ არაფერი სახლში არ წაუღიათ“.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ გუნავა შეთითხნილი ბრალდებებით დააკავეს. მან ასევე განაცხადა, რომ გუნავამ, როდესაც ის სამეგრელოს რეგიონის პოლიციის უფროსი იყო, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს „ასობით მილიონი ლარის ქონება გადაარჩინა“ სენაკის ბაზაზე „სიცოცხლის რისკის ფასად“. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ გუნავამ სამეგრელოს რეგიონში „კრიმინალი აღმოფხვრა“.

„რა თქმა უნდა, გუნავას გავუშვებთ და, რა თქმა უნდა, შეწყალების აქტს ხელს მოვაწერ“, – განაცხადა სააკაშვილმა პოლონეთის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის „უფლებები და სამართლიანობა“ თავმჯდომარესთან, ყოფილ პრემიერ-მინისტრ იაროსლავ კაჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას.

გუნავამ პირველად საზოგადოების ყურადღება 2012 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში მიიპყრო, როდესაც ის იარაღთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის დააკავეს; 10 000 ლარიანი გირაოს გადახდის შედეგად გათავისუფლების შემდეგ, მან განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები გამოგონილი იყო, რადგან მას იარაღი და ნარკოტიკები ჩაუდეს. დეკემბრის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გუნავას დაკავებასთან დაკავშირებით ხუთი თანამშრომელი იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან. მეორედ გუნავა სამართალდამცავებმა ნოემბრის ბოლოს დააკავეს, თუმცა ისევ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რის გამოც იგი მოგვიანებით სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
 

ახალი ამბები