კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საფეხბურთო კლუბის ვალებს ბიუჯეტი იხდის

7 აგვისტო, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

მიმდინარე წლისთვის ადგილობრივი ბიუჯეტი საფეხბურთო  კლუბ „გურიას“ 400 ათასი ლარით აფინანსებს. გარდა ამისა, კლუბის საბანკო დავალიანება 340 ათასი ლარი ბიუჯეტიდან იფარება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ბოლო სხდომაზე კი,  მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფეხბურთელების სახელფასო დავალიანებისათვის კიდევ აიღონ ბანკიდან კრედიტი 94 ათასი ლარის ოდენობით, რომლის პროცენტებსაც ბიუჯეტიდან გადაიხდიან. 

 „ეს ვალი დღეს ბიუჯეტის გადასახადია. ამიტომ ვცდილობთ, რომ სპონსორი მოვიძიოთ. უმაღლესი ლიგის გუნდს გაცილებით მეტი თანხა სჭირდება. ჩვენ გვინდა, რომ სპონსორის საშუალებით გუნდის დაფინანსება ბიუჯეტს მოვაშოროთ“ -ამბობს  გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ურუშაძე. 

საფეხბურთო კლუბის საბანკო ვალის ბიუჯეტიდან დაფარვის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ამირან გიგინეიშვილსაც:

„ეს აბსოლუტურად სამართლიანი ქმედებაა, რადგან როდესაც ბანკიდან სესხის აღებაზე მიდგა საქმე, ჩვენ ფინანსთა სამინისტრო დაგვთანხმდა, რომ ბანკის ვალი ბიუჯეტიდან დაგვეფარა“ .

საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის იურისტი, ირაკლი პაპავა მიიჩნევს, რომ საბანკო ვალის ბიუჯეტიდან დაფარვით კანონი არ დარღვეულა:

„თვითმმართველობის ორგანული კანონი პირდაპირ ადგენს, რომ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (ე.წ. ა(ა)იპ-ების) შექმნის საჭიროებისა და მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა, მათი დაფუძნება და, შესაბამისად, დაფინანსებაც, თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებათა კატეგორიას განეკუთვნება, ანუ მისი ექსკლუზივია. მოცემულ შემთხვევაში კანონის დარღვევაზე აპელირება, სამართლებრივი თვალსაზრისით, ნამდვილად არაკორექტული იქნება, რადგან კანონის დარღვევა სახეზე არ გვაქვს“ - ამბობს პაპავა. 

საიას ოზურგეთის ფილიალის ხელმძღვანელი, თამაზ ტრაპაიძე კი,  მიიჩნევს, რომ ბიუჯეტიდან ამგვარი თანხების გაცემა უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ხდებოდეს:

„ჩანს, რომ ვალის აღება შეთანხმებული იყო მუნიციპალიტეტთან, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა ემსჯელა, გარდაუვალი აუცილებლობა იყო თუ არა ბანკიდან ისეთი კრედიტის გამოტანა, რომელიც ბიუჯეტიდან დაფარებოდა, რადგან ბიუჯეტი მოსახლეობისგან ამოღებული თანხით ივსება“. 

გარდა ამისა, Humanrights.ge–სთვის ცნობილი გახდა, რომ 27 ივნისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც შემცირდა მუნიციპალიტეტის გამგეობის სარეზერვო ფონდი 20 ათასი ლარით, აღნიშნული შემცირების ხარჯზე თანხა მიემართა ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბ „გურიას“ სუბსიდიის წესით დაფინანსებაზე.  

ახალი ამბები