ნინო მშვიდობაძე, გურია
ლანჩხუთის გამგეობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შევიდა. როგორც გამგეობაში განმარტავენ ეს ჩვეულებრივი, გეგმიური შემოწმებაა:
„სახელმწიფო აუდიტის სამსახური ბოლო სამი წლის ფინანსურ ანგარიშებს შეისწავლის. ცხადია, დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ, თუმცა ვფიქრობ, აქ რაიმე სერიოზულ დარღვევას ადგილი არ ექნება“ - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ურუშაძე.
humanrights.ge გამგებლის მოვალეობის ყოფილ შემსრულებელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერს, კახა ასკურავასაც დაუკავშირდა:
„ჩვულებრივი მორიგი შემოწმებაა, არაფერი განსაკუთრებული. მე რომ მოვალეობას ვასრულებდი, იმ პერიოდს არა მგონია ეხებოდეს, უფრო გვიანდელია. ვეჭვობ, რომ რაიმე დარღვევა აღმოაჩინონ. ისე, წინასაარჩევნოდ აუდიტის შემოსვლა, არა მგონია მომგებიანი სვლა იყოს ახალი ხელისუფლებისთვის, ეს არის ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლა საჯარო მოხელეებზე“ – ამბობს ასკურავა.
აუდიტის სამსახურამდე, მიმდინარე წლის 19 თებერვალს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში პროკურატურა შევიდა.
პროკურატურა ოზურგეთში 2011–2012 წლებში განხორციელებულ სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს სწავლობდა, თუმცა ჯერჯერობით, რაიმე დასკვნა წარმოდგენილი არაა.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განსაკუთრებით, სწორედ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელებულ სამუშაოებსა და სოციალურ პროგრამებს შეისწავლის.