ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი
მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია რეგიონში გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევიდან დაიწყო. ის მოსახლეობას შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და ხელისუფლების გეგმები წარუდგინა. მარგველაშვილმა რუსული ბაზრის გახსნაზეც ისაუბრა და გორის რაიონში გლეხებს დაპირდა, რომ რუსული ბაზარი მათთვის ხელმისაწვდომი უფრო ეფექტურად მომავალი წლიდან გახდება.
მარგველაშვილს სოციალურად დაუცველი ადგილობრივები დხამარებას სთხოვდნენ, პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა რომ მთავრობა მუშაობს სიღარიბის დასაძლევად და ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. პრეზიდენტობის კანდიდატს სოფლის ინფრასტრუქტურის მოწერიგება და კულტურის სახლის რეაბილიტაციის თხოვნითაც მიმართეს.
მეჯვრისხევიდან მარგველაშვილი ვარიანში ჩავიდა, პრობლემები და კანდიდატის დაპირებებიც თითქმის იდენტური იყო, მარგველაშვილმა ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმი დაათვალიერა და გორში მის დასახვედრად შეკრებილ მხარდამჭერებს გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრის სკვერში დამონტაჟებული სცენიდან მიმართა:
,,საქართველოს ჰყავს ერთი ხელისუფლება და ერთი ხელისშემშლელი. ხალხი და ხელისუფლება დღეს განუყოფელია, მეც თქვენსავით ვარ დაზღვეული, ერთად მოვაგვარებთ იმ პრობლემებს, რომელიც არის და იმედი მაქვს რომ ქართლი იმ სიმტკიცეს გამოიჩენს რაც გასული წლის ოქტომბერში გამოიჩინა და ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“ - ასე მიმართა ამომრჩევლებს მარგველაშვილმა.
მარგველაშვილს გორში თან ახლდა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, უმრავლესობის წევრი ლერი ხაბელოვი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე. გორში მარგველაშვილის საარჩევნო კამპანია მომღერალმა ირმა სოხაძემ გახსნა.