კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარაში გამგებლები ერთდროულად შეიცვალა

30 აგვისტო, 2013
მაკა მალაყმაძე, აჭარა

23 აგვისტოს, აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომაზე ერთსა და იმავე საკითხს განიხილავდნენ - ახალი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა. 4 მუნციპალიტეტის ძველმა გამგებლებმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებები თავადვე დაწერეს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ქობულეთის საკრებულო 27 წევრისგან შედგება. გამგებლის არჩევის სხდომას მათგან 25 წევრი ესწრებოდა. საკრემულომ ახალი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რომანაძე 25 ხმით არც ერთის წინააღმდეგ აირჩია. რომანაძეს საბანკო სექტორში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება აქვს და ბიზნესსკოლაში ლექციებს კითხულობს. ასევე ცნობილია, რომ რომანაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის მამასთან ერთად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტორშიც მუშაობდა. 

აღსანიშნავია, რომ ქობულეთში გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის დანიშნის საკითხის განხილვა ისე დაიწყეს, რომ დასამტკიცებელი კანდიდატი დარბაზში არ იმყოფებოდა. 

იქამდე კი, გამგებლის თანამდებოდა თენგიზ ზოიძეს ეკავა. ის 26 ივლისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზოიძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების არც ერთი  სახე არ გამოიყენა და დარბაზიდან გაათავისუფლა. გამგებელი ზოიძე მას შემდეგ თანამდებობაზე რჩებოდა, რადგან სასამართლოს მისთვის სამსახურეობრივი უფლებამოსილება არ შეუჩერებია. რამდენიმენი კვირის წინ კი, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, ზოიძესა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. 
როგორც საკრებულოში განაცხადეს, ზოიძემ თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა. კომენტარს კი, არც ყოფილი და არც ახალი საჯარო მოხელე არ აკეთებს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალი გამგებელი ნადიმ ვარშანიძეა. მის არჩევას მხარი საკრებულოს 20-ვე წევრმა დაუჭირა. ვარშანიძე მანამდე ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. 

ახალი გამგებლის დანიშვნამდე, 21 აგვისტოს, ხელვაჩაურის გამგებელმა ლევან ლორთქიფანიძემ თანამდებობა დატოვა. გადადგომის მოთხოვნით მან ხელვაჩაურის საკრებულოს წერილობით მიმართა. დეპუტატებმა მისი მოთხვონა დააკმაყოფილეს. აღსანიშნავია, რომ ლევან ლორთქიფანიძე, მიმდინარე წლის 13 მარტს, შსს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამუშაო კაბინეტში დააკავეს. დაკავებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი სიყალბის ჩადენა ედებოდა ბრალად. მანამდე კი, ლორთქიფანიძე კოალიცია "ქართული ოცნების" ხელვაჩაურის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან 8 აგვისტოს განარიდა, მან თანამდებობა მაინც დატოვა. ლორთქიფანიძე სატელეფონო საუბარში პროკურატურის მიერ მისი ბრალეულობის მოხსნას და თანამდებობის დატოვებას შორის კავშირს გამორიცხავს და აცხადებს, რომ პოსტი საკუთარი ნებით დატოვა.

შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები

თანამდებობის დატოვების სურვილი შუახევის და ხულოს გამგებლებსაც გაუჩნდათ. სხვების მსგავსად, მათაც თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვეს. შუახევის ყოფილმა გამგებელმა თამაზ დავითაძემ ისიც დაადასტურა, რომ მან აჭარის მთავრობისაგან ახალ სამსახურში გადაყვანის პირობა მიიღო. თუმცა, სხვა დეტალები გაუხმაურებელი რჩება. 

თამაზ დავითაძე შუახევში ტარიელ ებრალიძემ შეცვალა. ებრალიძის, როგორც გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად არჩევას, საკრებულოს რიგგარეშე სხდომას 19 წევრიდან 18 დეპუტატი ესწრებოდა. მათ ერთხმად დაუჭირეს მხარი კანდიდატურას. ტარიელ ებრალიძე ხიჭაურის უნივერსიტეტის სრული პროფესორია.

თანამდებობობის დატოვება ხულოს ყოფილმა გამგებელმა გურამ ხოზრევანიძემაც ისურვა.  მისი განცხადება, თანამდებობიდან წასვლის შესახებ საკრებულომ დააკმაყოფილა. ხოზრევანიძის თქმით, ის კერძო სექტორში გადადის. 

ხულოს მუნიციპალიტეტში საკრებულოს რიგგარეშე სხდომას 23-დან 22 დეპუტატი ესწრებოდა, წარდგენილ კანდიდატს, ბესიკ ბაუჩაძეს ყველა დამსწრე დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ბაუჩაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსების, აღრიცხვისა და აუდიტის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია. 

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კი,  გამგებლების ცვლილებას საკრებულოებზე შეტევად აფასებენ.

გამგებლების შეცვლიდან რამდენიმე საათში, სპეციალური ბრიფინგი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა რობერტ ჩხაიძემ გამართა ის დარწმუნებულია, რომ გამგებლების შეცვლის გადაწყვეტილება ძალოვან სტრუქტურებში მოხდა: „ყველა საკრებულოზე ერთდროულად შეტევა მოხდა, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც კი ვერ იღებს და ეს განცხადებები იგეგმება და საბოლოო სახეს ღებულობს ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელთა კაბინეტებში. ფაქტობრივად, აიძულეს საკრებულოები, რომ ძალოვან სტრუქტურებთან შეთანხმებული კანდიდატები არჩეულიყო“.  

ყველა გადაყენებული გამგებელი, ახალი ხელისუფლების მიერ იყო დანიშნული. მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ვაჟა ბოლქვაძე ინარჩუნებს თანამდებობდას როგორც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ასევე გამგებლების ერთდოულად შეცვლის შემდეგაც. მან 21 აგვისტოს, საკრებულოს მიმართა შვებულებასთან დაკავშირებით.

სიმართლისა და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გივი მამულაძის აზრით, გამგებლების შეცვლა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

"რაც არ უნდა აცხადონ ყოფილმა გამგებლებმა ჩემი ნებით დავწერეთ განცხადებაო, არავინ დაიჯერებს ამას, აბსურდის თეატრია. მათი შეცვლა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. არსად ხდება ასე, რომ ოთხი გამგებლი ერთდროულად, ერთიდაიმავე დღეს წერდეს გადადგომაზე განცხადებას. როგორც ჩანს, გამგებლებს აიძულეს გადადგომა. ჩემთვის, როგორც უფლებადამცველი ორგანიზააციის ხელმძღვანელისათვის, მიუღებელია ასეთი ,,დაუსაბუთებელი" გადაწყვეტილების მიღება. ხალხი ღირსია მიიღოს ობიექტური ინფორმაცია. ჩემთვის მიუღებელია ის ფაქტიც, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად, თითო კანდიდატი იყო წარდგენილი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თავად ვესწრებოდი ამ სხდომას, მაგრამ არავის უკითხავს და არც მოუსმენია კანდიდატების სამომავლო ხედვები, ახალი რითია უკეთესი ძველ კადრზე, ან ახალი გამგებელი როგორ ხედავს პრობლემების მოგვარების გზებს"- ამბობს მამულაძე. 

ახალი ამბები